Facebook Twitter

#ბს-545-542(კ-17) 9 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხ. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 13 აპრილს ხ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ხ. ხ-ას დაჯარიმების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის 2016 წლის 28 მარტის #843 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხ. ხ-ას სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის 2016 წლის 28 მარტის #843 ბრძანება სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ხ. ხ-ას დაჯარიმების შესახებ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ხ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან დარღვეულია კანონის მოთხოვნები. კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ამასთან, კასატორი მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 104-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ 2012 წლის 8 მაისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის 8 აპრილის კანონი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, რის გამოც არის გამოცემული 2015 წლის 20 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მიერ ბრძანება #14 და მშენებლობის სანებართვო მოწმობა #000198, სადაც მე-10 პუნქტის ბოლო აბზაცში მითითებულია 2012 წლის 8 მაისს გაუქმებული კანონი, რაც კასატორის მოსაზრებით, კანონდარღვევაა.

კასატორის განმარტებით, არანაირი გაფრთხილება, შეტყობინება მას არ მიუღია. სხდომაზე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ არ არსებობს არანაირი შეტყობინება ან უწყება.

კასატორი მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებზე, ასევე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 89.5 მუხლზე, რომელიც პირდაპირ განმარტავს, რომ ეს მუხლი არ ვრცელდება მე-2 კლასს მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობებზე, გარდა ამ დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ხ-ას საკასაციო საჩივარი. ამასთან, ამავე განჩინებით კასატორს – ხ. ხ-ას გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.1 მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, ობიექტის მფლობელი ვალდებულია: ა) ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია; ბ) უზრუნველყოს ობიექტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ) უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები; დ) უზრუნველყოს ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება; ე) არ განახორციელოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე ობიექტის ექსპლუატაცია; ვ) ინსპექტირების დოკუმენტები შეინახოს 6 წლის განმავლობაში, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა ვადა არ არის დადგენილი; ზ) შეასრულოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მითითებები; თ) განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი/ორგანო; ი) განახორციელოს ღონისძიებები ავარიის/უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით; კ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მომხდარი ავარიის შესახებ და მიიღოს ყველა ზომა ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ობიექტის მფლობელი ვალდებულია ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. შეტყობინება დასაშვებია კომუნიკაციის ყველა საშუალებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ მხარე მშენებლობის #000188 სანებართვო მოწმობის მიხედვით, ვერ ჩაეტია მშენებლობის მოქმედების მისთვის დადგენილ ვადაში (2015 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 20 იანვრამდე) და დროულად ვერ დაასრულა ყველა აუცილებელი სამუშაო, ნიშნავს იმას, რომ უკვე ადგილი ჰქონდა ისეთი სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რომელიც წარმოშობს მითითების გაცემის გარეშე დაჯარიმების ვალდებულებას, ვინაიდან, მითითება აღნიშნულ დარღვევას ვერ აღმოფხვრიდა და ვადის დარღვევა ვერ გამოსწორდებოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - ხ. ხ-ას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - ხ. ხ-ას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს – ხ. ხ-ას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი