საქმე #020310115001103783
#ბს-630-626(კ-17) 9 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 8 სექტემბერს ლ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზუგდიდის რაიონული სამმართველოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 დეკემბრის #A13015885-012/001 განკარგულების, „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის შესახებ“ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2015 წლის 3 სექტემბრის #1935564 გაფრთხილებისა და აღნიშნულ გაფრთხილებაზე საჩივართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უარის ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 19 დეკემბრის #A13015885-012/001 განკარგულებისა და „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის შესახებ“ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2015 წლის 3 სექტემბრის #1935564 გაფრთხილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ას სარჩელი, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობასთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ას უარი ეთქვა მის მიერ წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის შესახებ“ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2015 წლის 3 სექტემბრის #1935564 გაფრთხილების მოქმედების შეჩერებაზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ლ. ხ-ას საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; ლ. ხ-ას მიერ წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის შესახებ“ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს იქკ პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2015 წლის 3 სექტემბრის #1935564 გაფრთხილების მოქმედება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...“.
მოპასუხეთა წრის და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა აღსრულების ეროვნული ბიურო და აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 დეკემბრის #A13015885-012/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ლ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ლ. ხ-ა არის სოციალურად დაუცველი და სააღსრულებო ბიუროს მისი უძრავი ქონება არ უნდა გაეტანა იძულებით აუქციონზე. სასამართლომ აღნიშნულ გარემოებაზე საერთოდ არ იმსჯელა.
კასატორის მითითებით, მას არ ჩაჰბარებია გაფრთხილება იძულებითი აუქციონის ჩატარებისა და ქონების იძულებით აუქციონზე გატანის შესახებ. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა მოპასუხე. აქედან გამომდინარე, გაზიარებულ უნდა ყოფილიყო მისი ჩვენება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე–6 და მე–7 პუნქტების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისათვის დადგენილი წესით; ხოლო ამავე მუხლის მე–8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69–ე მუხლის 1–ლი პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს იძულებითი აუქციონის ჩატარებას; ხოლო მითითებული კანონის 71–ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ 1–ლი მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტების შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ–განცხადებას, რაც განსახილველ შემთხვევაში განხორციელებულია. მითითებული ნორმის მე–3 და მე–4 პუნქტების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს პერსონალურად არ ეცნობებათ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნა აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ლ. ხ-ას მიმართ შესრულებულია. ამასთან, სს „...“ სადავო ქონება შეიძინა კანონის მოთხოვნათა დაცვით და აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მიიღო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75–ე მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე გამოცემული განკარგულებით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი