Facebook Twitter

#ბს-636-632(კ-17) 9 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 16 აპრილს ნ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ნ. ბ-ის კანდიდატად წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის #7 გადაწყვეტილებისა და 2015 წლის 18 მარტის #8 გადაწყვეტილების, ნ. ბ-ის მიმართ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის #3 სხდომის ოქმის, ასევე ნ. ბ-ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის სამხრედო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მობილიზაციის საკითხებში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 მარტის #02 152 ბრძანების ბათილად ცნობა, ნ. ბ-ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მობილიზაციის საკითხებში თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის 2015 წლის 26 მარტიდან საბოლოო გადაწყვეტილების აღასრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ბ-ი და მ. ი-ი.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის #7 და 2015 წლის 18 მარტის #8 გადაწყვეტილებები, ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 11 მარტის სხდომის ოქმი #3 მოსარჩელე ნ. ბ-ის მიმართ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (კანონით დადგენილ ვადაში), რომელზედაც მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა განაცხადი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა მობილიზაციის საკითხებში; ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 26.03.2015 წლის #02 152 ბრძანება ნ. ბ-ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მობილიზაციის საკითხებში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარების შემდეგ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება მის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კონკურსის ჩატარების წესზე, სადაც აღწერილია კონკურსის ჩატარების პროცედურები, ეტაპები, კომისიის საქმიანობის წესი და აღნიშნავენ, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა დაცული პროცედურები. აღნიშნული დადგენილება არ შეიცავს მითითებას გასაუბრების სხდომის ოქმის წარმოების სავალდებულობის შესახებ. ასევე, #412 დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა შეფასების მეთოდი, რითაც უზრუნველყოფილ იქნა პროცესის გამჭვირვალობა და საჯაროობა. შესაბამისად, კასატორების მოსაზრებით, არ დარღვეულა საქართველოს მთავრობის #412 დადგენილებით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების პროცედურები.

კასატორებისათვის გაუგებარია, რა სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით ავალდებულებს სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ოქმის წარმოებას მაშინ, როდესაც არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია აღნიშნულის შესახებ. კასატორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოტივით, სასამართლოს მხრიდან კონკურსის მესამე ეტაპის - გასაუბრების პროცედურის და კონკურსის შედეგების ეჭქვეშ დაყენება და მხოლოდ არაარგუმენტირებული ეჭვის საფუძველზე კონკურსის შედეგების ბათილად გამოცხადება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

კასატორები აღნიშნავენ, რომ დადგენილების 11.1 მუხლი სრულყოფილად იქნა დაცული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ.

კასატორები მიუთითებენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ ქვეპუნქტსა და 30.2 მუხლზე და მიიჩნევენ, რომ სასამართლომ უგულებელყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127.6 მუხლის დანაწესი. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოხელე სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის აღდგენილი გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, კასატორებისთვის გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ. ბ-ს უნდა აუნაზღაუროს სამსახურიდან იძულებით მოცდენის პერიოდისათვის განაცდური. ამასთან, კასატორები აღნიშნავენ, რომ ნ. ბ-ი თანამდებობაზე დანიშნული იყო კონკურსის წესით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. ბ-ის მიმართ გასულია კანონით დადგენილი 3 თვიანი ვადა, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი მოხელის იმავე თანამდებობაზე დანიშვნას გამორიცხავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, გაუგებარია, რა პერიოდში მოცდენის გათვალისწინებით ადგენს სასამართლო, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებით მოცდენისთვის განაცდური.

კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127.6 მუხლთან. კასატორთა განმარტებით, როდესაც სასამართლო ბათილად ცნობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, აღნიშნული გამორიცხავს სასამართლოს მიერ მოსარჩელის სხვა ისეთ სასარჩელო მოთხოვნებზე მსჯელობის და გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას, როგორიცაა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორები მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის #ბს-69-67(კ-14) საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში თანამშრომელთა მისაღები კონკურსი უნდა განხორციელებულიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის #412 დადგენილებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კოლეგიურობის და სხვ. პრინციპების დაცვით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია, გასაუბრების მიმდინარეობის რაიმე ტიპის ჩანაწერის (სტენოგრამა, აუდიო/ვიდეო ჩანაწერი) არსებობის სავალდებულოობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილებით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ დადგენილების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების ერთ-ერთი პრინციპია გამჭვირვალობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ - საკონკურსო კომისიამ უნდა შეადგინოს გასაუბრების ეტაპის ამსახველი რაიმე დოკუმენტი, რათა სასამართლოს ჰქონდეს შეფასების საშუალება, რამდენად დაცულია საქართველოს მთავრობის #412 დადგენილებით განსაზღვრული კონკურსის პრინციპები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაუბრების დროს არ ყოფილა წარმოებული სხდომის ოქმი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეიცავს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა კრიტერიუმების საფუძველზე მიანიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა, რა გახდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც კონკრეტული კონკურსანტი წარდგენილი იქნა ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად, ხოლო დანარჩენ კონკურსანტებს უარი ეთქვათ თანამდებობაზე წარდგენაზე.

ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ იქნა არცერთი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა გასაუბრების მიმდინარეობას, დასმულ შეკითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მშრალი, არაინფორმაციული ხასიათის განმარტებები, რომლებიც არ იძლევიან გასაუბრების პროცესის ანალიზის შესაძლებლობას, რაც სასამართლოს ართმევს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და იმის დადგენის შესაძლებლობას, რამდენად გამჭვირვალედ წარიმათა გასაუბრების ეტაპი. ამავდროულად, მართალია, ოქმის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სწორედ სხდომის მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რასაც ადგილი ჰქონდა სხდომაზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსთვის გაურკვევლია, სად ჰპოვა ასახვა საბოლოო მონაცემებმა, შეფასების პროცესში რა კრიტერიუმებს ეფუძნებოდა კომისია და რას დაეყრდნო იგი გადაწყვეტილების მიღებისას. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ კომისიის მხრიდან მხოლოდ ზოგად საკითხებზე მითითება არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებად, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ნ. ბ-ის კანდიდატურას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას ნ. ბ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღურებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება არ ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არსებითად ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 26.03.2015 წლის #02 152 ბრძანება ნ. ბ-ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მობილიზაციის საკითხებში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი