Facebook Twitter

#ბს-720-716(2კ-17) 9 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „…“ და სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 6 მაისს შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის მიმართ.

მოსარჩელემ სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის 2015 წლის 8 აპრილის #9 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის 2015 წლის 8 აპრილის #9 სხდომის ოქმის პირველი პუნქტი შპს „...“ გასახდელი საჯარიმო თანხის 5 პროცენტით განსაზღვრის შესახებ და აღნიშნული თანხა განისაზღვრა კონსოლიდირებული შესასყიდი სტანდარტული ლეპტოპების ჯამური საორიენტაციო ღიებულებების 0.5 პროცენტით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, სადაც იგი სახელმწიფო ბიუჟეტის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდას კონსოლიდირებულად შესასყიდი სტანდარტული ლეპტოპების ჯამური საორიენტაციო ღირებულების 5%-ის ოდენობით უწოდებს პირგასამტეხლოს. კასატორისთვის გაუგებარია, რატომ უწოდებს სასამართლო ჯარიმის დაკისრების ფაქტს პირგასამტეხლოს. კასატორი მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 15.12.14წ. #12 ბრძანებით დამტკიცებული „სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებზე“. კომისია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ შპს „...“ ხელშეკრულება არ დაუდია. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება არ არის დადებული, კასატორისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დაერქვა საჯარიმო თანხას პირგასამტეხლო და მოხდა მისი შემცირება.

პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა ეს შეფასების საკითხია. შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, მხარის ქონებრივი მდგომარეობიდან და სხვა. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ მტკიცებულებას წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. კასატორი აღნიშნავს, რომ არც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითება აღნიშნულთან დაკავშირებით და არც მხარეს წარუდგენია შესაბამისი მტკიცეულებები. მოცემულ შემთხვევაში, ტენდერის სავარაუდო ღირებულებიდან გამომდინარე, შეუძლებელია 5%-იანი ჯარიმისთვის შეუსაბამოდ მაღალ სანქციად მიჩნევა, მაშინ როდესაც შპს „...“ აღნიშნული ტენდერიდან საკმაოდ დიდი ფინანსური მოგება ექნებოდა, ხოლო კომპანიის წინასწარ გაუთვლელი რისკი და მათი შეცდომა არ უნდა ჩაითვალოს ჯარიმის შემცირების საფუძვლად. მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე კომპანიის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ კომპანიამ ვერ გათვალა გარკვეული გარემოებები, გადაწყვეტილება მიიჩნია კანონიერად და არსებობდა მხოლოდ ერთი საკითხი - საჯარიმო თანხის ოდენობა.

კასატორი - შპს „...“ აღნიშნავს, რომ სასამართლომ მართალია გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლოს მიერ მისი გამოყენება ხდება მხოლოდ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდასთან მიმართებით. რეალურად სასამართლოს აღნიშნული მუხლი უნდა გამოეყენებინა კასატორის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების ობიექტურ შეუძლებლობასთან მიმართებით და დაედგინა, რომ დასახელებული მუხლის შესაბამისად ადგილი უნდა ჰქონოდა ხელშეკრულების მისადაგების აუცილებლობას შეცვლილი გარემოებებისადმი, ხოლო თუ შეუძლებელი იქნებოდა ან მხარე უარს იტყოდა ხელშეკრულების მისადაგებაზე, მაშინ შესაძლებელი იყო ხელშეკრულებაზე უარი. კასატორის მოსაზრებით, სახეზე იყო არათუ ჯარიმის შემცირების საფუძველი, არამედ საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა იგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრისა და 12 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიისა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ და სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინდარე, რომ „...“ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლო ...-ის მოდელის მიწოდება, რომელიც განსაზღვრული იყო სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, ამასთან, მის მიერ გაწეულ იქნა სამეწარმეო საქმიანობისათვის მიუღებელი არაგონივრული რისკი, როდესაც კომისიას შესთავაზა ისეთი ლეპტოპის მიწოდება, რომლის სერიული წარმოება ჯერ დაწყებული არ იყო, ხოლო სადავო აქტით დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არა მხოლოდ უზრუნველყოფს მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანს, არამედ იმაზე მეტ სარგებელს მოუტანს კონტრაქტორს, ვიდრე ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, ამასთან, კომპანია მიიღებს ისეთ ზიანს, რომელიც შემაფეხებელი იქნება სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებისათვის შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია არაგონივრულად და არარელევენატურად პირგასამტეხლოს განსაზღვრა შეუსრულებელი ვალდებულების 5%-ით შპს „...“ მიერ დარღვეული ვალდებულების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში „...“ მიერ შეუსრულებელი ვალდებულება არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მოვალის დაჯარიმება მოხდეს არარელევანტური და შეუსაბამოდ დიდი თანხით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გონივრულობისა და სამართლიანობის გათვალისწინებით, სწორად მოხდა პირგასამტეხლოს განსაზღვრა შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის 0.5%-ით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...“ საკასაციო საჩივარზე 05.10.2017წ. №672 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...“ (ს/კ …) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ და სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება;

3. შპს „...“ (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.10.2017წ. №672 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი