#ბს-726-722(2კ-17) 9 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 27 აგვისტოს თ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ 3108,91 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის და 100000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების, ასევე 1000 ლარის ოდენობით ყოველთვიური სარჩოს გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „ს...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსარჩელე თ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 40 000 ლარის ოდენობით; მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსარჩელე თ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 3108,91 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ამასთან, თ. ნ-ემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და თ. ნ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა დაეკისრებინა თანხა სამინისტროსათვის და სააპელაციო სასამრთლოს არ უნდა დაეტოვებინა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მსჯავრებულს კანონი ავალდებულებს მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდის გადავადებისას ექსპერტიზის ხარჯები აანაზღაუროს თავად.
კასატორი აღნიშნავს, რომ არცერთი სასამართლოს მიერ გამიჯნული არ არის სამინისტროს რომელმა ქმედებამ ან უმოქმედობამ მიაყენა მსჯავრდებულს მორალური ზიანი და რა პირობებმა განაპირობა სამინისტროსათვის მორალური ზიანის დაკისრება 40 000 ლარის ოდენობით. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია რამ გამოიწვია ზიანის მიყენება თ. ნ-ისათვის. თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ მსჯავრდებული დაექვემდებარა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მსგავს შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სასამართლოს განაჩენი ან სხვა მტკიცებულება, რომლის თანახმადაც დადასტურდებოდა წამების ფაქტი, თუმცა სამინისტროს ინფორმაციით, თ. ნ-ე არცერთი სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილი არ ყოფილა. თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო სამედიცინო მომსახურებას, რომელმაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, მსგავს შემთხვევაში გადაწყვეტილებაში უნდა ყოფილიყო ასახული კონკრეტულად რომელი მომსახურება ესაჭიროებოდა მსჯავრდებულის დამატებით, გარდა იმისა, რაც არ უტარდებოდა მას პატიმრობაში ყოფნის პერიოდში.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი. სასამართლო არ უთითებს და ვერ ასაბუთებს განჩინებაში თუ რა სამედიცინო მომსახურება არ იქნა გაწეული მსჯავრდებულისათვის. ასევე მხედველობაში არ მიიღო ის გარემოებები, რომ თ. ნ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის დროს უკვე ჰქონდა ქრონიკული ბრონხიტი.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა და ვერცერთი ნორმით ვერ დაადასტურა მისი შეფასება, არასწორად განმარტა ნორმები, რადგან მორალური ზიანი შესაძლოა პირს დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირის ქმედება იყო უკანონო და ზიანი მიაყენა სხვას. მსგავს მსჯელობას სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა თუ არ განსაზღვრავდა რა დაარღვია სამინისტრომ თ. ნ-ესთან მიმართებაში, რა სამედიცინო მომსახურება არ გაუწია მას. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაუცემლად სასამართლოს არ ჰქონდა უფლება დაეკმაყოფილებინა სარჩელი და დაევალებინა ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილებით უგულებელყოფილია საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოები ვალდებულნი იყვნენ გამოეკვლიათ მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და სამინისტროს ქმედებას/უმოქმედობას შორის. ის რომ პირს ჰქონდა აივ ინფექცია, ტუბერკულიოზი და ჰეპატიტი არ ნიშნავს, რომ აღნიშნული დაავადება მან მიიღო სამინისტროს ბრალეულობის გამო, რადგან ეს წარმოადგენს ისეთ დაავადებებს, რომელიც საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანს აქვს და ციხეში ყოფნის გარეშეც საკმაოდ გავრცელებულია. მათი გადადება კი პირისათვის ხდება სხვადასხვა მეთოდით. სამინისტროს მიერ რა ქმედება იქნა განხორციელებული რამაც გამოიწვია თ. ნ-ისათვის აღნიშნული ან სხვა დაავადებების გამოწვევა სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა მისი ბრალეულობის გამოუკვლევად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ამასთან, თ. ნ-ემ წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა თ. ნ-ის შგებებული საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დასკვნებითა და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ თ. ნ-ეს ქრონიკული C ჰეპატიტისა და შიდსის დიაგნოზები სწორედ პენიტენციურ სისტემაში ყოფნისას დაუდგინდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრამდე მისი ჯანმრთელობის მსგავსი მძიმე მდგომარეობის შესახებ არანაირი ცნობა არ მოიპოვება. ამასთან, პენიტენციურ სისტემაში თ. ნ-ის მკურნალობის ისტორია იწყება 2008 წლის 27 ოქტომბრიდან, როდესაც გამოვლინდა მხრის ძვლის ქვედა მესამედის სპირალური მოტეხილობა ცდომით. ამავე დროს, მას ჩაუტარდა სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, თუმცა იგი აღრიცხვაზე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დისპანსერულ განყოფილებაში იმყოფება 2009 წლის 18 მაისიდან, შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატებს კი იღებს 2009 წლის 9 ივნისიდან. აღნიშნული მტკიცებულებები და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივნისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ თ. ნ-ეს მძიმე ავადმყოფობის გამო გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე გადაუვადდა სასჯელის აღსრულება, ვინაიდან მისი დიაგნოზი იყო: აივ ინფექცია/შიდსი, C3 კატეგორია, განლევის სინდრომი, დაუდგენელი ეტიოლოგიის ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი B სტადია, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ ადასტურებს, რომ თ. ნ-ე შიდსით და სხვა მძიმე დაავადებებით დაავადდა სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის გამოც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზიანის ანაზღაურების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი