#ბს-732-728(2კ-17) 9 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრისა და მ. ფ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 18 დეკემბერს მ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის #MOD 9 15 00000847 ბრძანების, 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს #3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტის ბათილად ცნობა და საქართვლოს თავდაცვის სამინისტროსთვის 2008 წლის 10 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების რეგიონში მივლინებიდან დაბრუნების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 19 ნოემბრის # MOD 9 15 00000847 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ამასთან, მ. ფ-მა წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითც სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და მ. ფ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1, 180.1, 180.4, 182-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტში ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დაცვით, არსებითად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც ადასტურებს ადმინისტრაციული წარმოების მასალებიც (მაგ: წარმოების ოქმი). თუმცა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოირკვა, რომ ფილაურის მიერ გაშვებული იყო კანონით დადგენილი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპნქტის საფუძველზე ფილაურს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოების მსჯელობას კანონის ანალოგიით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის გამოყენების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მ. ფ-მა წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო მსჯელობს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ხანდაზმულობაზე და დავის ძირითადი საკითხის, თვითდათხოვნის შესახებ გამოცემული ბრძანების კანონიერების საკითხის გარკვევა კვლავ სამინისტროს დაავალა მაშინ, როცა საქმეში არის ყველა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტი ბათილია. ამასთან, მ. ფ-ისთვის დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურებისათვის ეტაპობრივად გადასახდელი 1000 ლარიდან, მხოლოდ 200 ლარის დაკისრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ფ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და მ. ფ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 19 ნოემბრის #MOD 9 15 00000847 ბრძანებასთან მიმართებაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასა და განმარტებაზე, რომლის თანახმად, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული არ არის ამავე კოდექსის 52.2 მუხლით დადგენილი წესის დარღვევის სამართლებრივი შედეგი, რაც საკანონმდებლო ხარვეზით უნდა აიხსნას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართლის დოქტრინის საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი წესის გავრცელება, რომლის მიხედვით, თუ მხარეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ან არასწორად განემარტა იგი, მაშინ გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ბს-226-223(2კ-14) 23.09.2014, #ბს-168-162(კს-09) 28.04.2009, #ბს-1433-1391(კ-08) 17.03.2009 განჩინებები). ამდენად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების შემთხვევებზე გამოყენებულ უნდა იქნეს კანონის ანალოგია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევის შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგის სახით, გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12-ე მუხლი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, რომელსაც არ აქვს მითითებული გასაჩივრების ვადა და წესი, უნდა გავრცელდეს გასაჩივრების ერთ წლიანი ვადა.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მ. ფ-ის მიერ სადავოდ ქცეული 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს #3 ბრძანება არ შეიცავდა გასაჩივრების ვადას და წესს, შესაბამისად, მისი გასაჩივრების ვადაა ერთი წელი. აღნიშნული კი გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას, ასეთი აქტის ერთი წლის ვადაში გასაჩივრების შემთხვევაში.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს სადავო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 19 ნოემბრის #MOD 9 15 00000847 ბრძანებასთან მიმართებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის - მ. ფ-ის პრეტენზიებს 50-ე ბრიგადის უფროსის 2008 წლის 10 აგვისტოს #3 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადავო ბრძანება კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია და დაავალა მას საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა, სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს 50-ე ბრიგადის უფროსის 2008 წლის 10 აგვისტოს #3 ბრძანების კანონიერებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მ. ფ-ის მოსაზრებას წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღურებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მართებულად განსაზღვრა სამინისტროსთვის დაკისრებული თანხის ოდენობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს და შეგებებულ საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და მ. ფ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი