#ბს-735-731(კ-17) 9 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 31 მაისს გ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილების პირველი პუნქტის (იმ ჩანაწერის, რომლითაც შეიქმნა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნო, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნო, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნო და შესაბამისი სამდივნოების უფროსების თანამდებობები) ბათილად ცნობა, ასევე, ... უფროსის გ. ო-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 5 მაისის #... ბრძანების ბათილად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გ. ო-ის ... უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მისი გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ. ო-ის შუამდგომლობა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსი - გ. მ-ე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსი - გ. ბ-ი, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსი - ლ. კ-ი, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს უფროსი - ლ. ჭ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით გ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ო-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქართველოს კონსტიტუციის 861-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურასა და საშტატო რაოდენობას. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებისა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ამდენად, ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა საქართველოს საერთო სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ერთეულის დამტკიცებაზე უფლებამოსილი პირი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კომპეტენციის ფარგლებში იქნა მიღებული 2016 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკუთარ ვებგვერდზე განმარტა 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის წინაპირობა და მიზანი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული 2016 წლის 21 მარტის #... გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის #... გადაწყვეტილების დანართის მე-3 ნაწილის მე-14 პუნქტი (თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა) აღარ ითვალისწინებს ... არსებობას და შესაბამისად, აღარ არსებობს განყოფილების უფროსის თანამდებობაც, რაც დაკავებული ჰქონდა გ. ო-ს. ამასთან, ცვლილების შედეგად შეიქმნა: ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნო (სამდივნოს უფროსი, მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი), სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნო (სამდივნოს უფროსი, მაგისტრი, მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე (სხდომის მდივანი), სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნო (სამდივნოს უფროსი, მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი, კონსულტანტი ნაფიც მსაჯულთა საორგანიზაციო საკითხებში), საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნო (სამდივნოს უფროსი, მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი).
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებებით ადგილი ჰქონდა სასამართლოს აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის განახლებული ფორმით დამტკიცებას, რიგი სამსახურები და შესაბამისი თანამდებობები გაუქმდა (საჭიროების მიხედვით), რაც შედეგობრივად აისახა საშტატო ერთეულის შემცირებაში. აღნიშნულის პარალელურად, ასევე მოხდა კადრების შიდა გადაადგილებაც. საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, აღარ არსებობდა ზუსტად იმავე ფუნქციური დატვირთვის მატარებელი თანამდებობა, როგორიც გ. ო-ს ეკავა, აღარ არსებობდა ის საშტატო ერთეულები, რომლებიც მას ექვემდებარებოდა შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე. ამავდროულად, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაში შემავალ ფუნქციათა განშლა არ მომხდარა ცალკეულ კოლეგიათა სამდივნოს უფროსებს შორის. ... განყოფილება და შესაბამისად განყოფილების უფროსის თანამდებობა გაუქმდა, ხოლო ანალოგიური ფუნქციური დატვირთვის მატარებელი თანამდებობა ცვლილების განხორციელების შედეგად, არ შექმნილა.
ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ აღარ არსებობდა ის თანამდებობა, რომელიც ეკავა გ. ო-ს, ქმნიდა მისი გათავისუფლების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, გ. ო-ის გათავისუფლებისას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ასევე მართებულად მიიჩნიეს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ცვლილების განხორციელების შემდეგ შტატების საერთო რიცხოვნობა არ შემცირებულა, არ ქმნის საკითხის იმგვარად განმარტების შესაძლებლობას, რომ სახეზე იყო მხოლოდ განყოფილებისათვის და მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის სახელწოდების შეცვლა და შექმნილი კოლეგიის სამდივნოების უფროსების თანამდებობები ფუნქციურად მოსარჩელის მიერ დაკავებული ყოფილი თანამდებობის ანალოგიურია. ცვლილების განხორციელების შემდეგ, არ განსაზღვრულა კონკრეტული თანამდებობის პირი, რომელიც იგივე ფუნქციებით იქნებოდა დატვირთული, რაც მოსარჩელეს ეკისრებოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი