Facebook Twitter

საქმე # 210310016001619774

საქმე Nბს-829-825(კ-17) 21 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალტამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებლი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფრომა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილება, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჩ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ჩ-მა 2016 წლის 11 ნოემებრს სარჩელი აღძრა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2016 წლის 20 ივლისის N04-10-05/3661 ადმინისტრაციული აქტი; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N04/67294 გადაწყვეტილება გ. ჩ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილებას შეაფასოს გ. ჩ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მიანიჭოს მას სარეიტინგო ქულა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2016 წლის 20 ივლისის N04-10-05/3661 ადმინისტრაციული აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N04/67264 გადაწყვეტილება გ. ჩ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილებას შეაფასოს გ. ჩ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მიანიჭოს მას სარეიტინგო ქულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღნაღის რაიონულმა განყოფილებამ და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქათველოს შრომის, ჯამრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის 141/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და განმარტავს, რომ ოჯახის დეკლარაციის -„ოჯახის საცხოვრებელი“ შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ზუსტად უნდა განუმარტოს ოჯახს, რა იგულისხმება „ოჯახის“ ცნებაში. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამჩნევს ოჯახის ხელოვნურად დაყოფის ან გაერთიანების მცდელობას, მაშინ, აღნიშნული ფაქტის დაზუსტებას ახდენს საცხოვრებელი პირობების ყურადღებით შემოწმების მეშვეობით , ყურადღება უნდა მიექცეს როგორ ხდება მარაგის შენახვა და გადანაწილება, მოცემულ ოჯახში უნდა შემოწმდეს ცხოვრობენ თუ არა ისინი ერთ საცხოვრისში და აქვთ თუ არა საერთო სამზარეულო, საერთო კომუნალური მრიცხველი, საერთო შესასვლელი და ა.შ. სააგენტოს უფლებამოსილ პირს ენიჭება მოქმედების თავისუფლება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად. თუ ოჯახის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთ საცხოვრისში მოცემულ ოჯახთან ერთად ცხოვრობს სხვა ოჯახები, რომელიც ამ ოჯახისგან დამოუკიდებლად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დამატებითი გამოკითხვის საშუალებით, გადაამოწმოს ხელოვნურად ხომ არ იყოფა ან ერთიანდება ოჯახი. თუ ოჯახის წარმომადგენელი არასწორად უთითებს ოჯახის შემადგენლობას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მიუთითოს ოჯახის წარმომადგენლს აღნიშნულის შესახებ და მისი თანხმობის შემთხვევაში შეავსოს „ოჯახის დეკლარაცია“, ოჯახის რეალურად მცხოვრები ყველა წევრის გათვალისწინებით.

კასატორები აღნიშნავენ, რომ განჩინებაში ასევე მიუთითებს ამავე წესის მე-14 მუხლს რომლის თანახმადაც, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს ავსებს იმ შემთხვევაში ა) როდესაც ოჯახი არის ხელოვნურად გაერთიანებული. ბ) ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი დარწმუნებულია ოჯახის ხელოვნური გაყოფის ან ხელოვნურად გაერთიანების საკითხში, რასაც მოწმობს ოჯახის საცხოვრებელი პირობები.

კასატორები აღნიშნავენ, რომ 141/ნ ბრძანების ყველა პუნქტის დაცვით, 2016 წლის 18 ივლისს სოციალურმა აგენტმა განახორციელა ვიზიტი გ. ჩ-ის ოჯახში და მის მიერ ადგილზე ნანახი ფაქტების საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად შეავსო შეწყვეტის ოქმი. ამავე ინსტრუქციის მე-2 ნაწილის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოში არსებული მონაცემების ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ინტერვიუს აღების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას.

კასატორები მიუთითებენ, რომ ამავე ინსტრუქციის მე-3 ნაწილის თანახმად, ოჯახში ვიზიტამდე, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის აუცილებელი ინფორმაცია მონაცემთა ბაზიდან, ამასთანავე უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი სხვა წყაროდან და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას; ამავე წესის მე-4 მუხლის 2.2 პუნქტის საფუძველზე კი ოჯახი ვალდებულია შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის სათანადო პირობები, არ შეუქმნას დაბრკოლებები ან არ შეუშალოს ხელი მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებს ოჯახების გაყოფას, იგი სარჩელში აღნიშნავს, რომ დენის მრიცხველი აქვს ცალკე თუმცა არც სოციალური მომსახურების აგენტისთვის და არც სასამართლოსთვის არ წარუდგენია დენის გადახდის ქვითრები გ. ჩ-ისა და მისი შვილის ე. ჩ-ის სახელზე, ასევე არ წარმოუდგენია ბუნებრივი აირის გადახდის ქვითრები, ვინაიდან, ოჯახს აქვს დენისა და გაზის მხოლოდ ერთი მრიცხველი რომელიც რეგისტრირებულია გ. ჩ-ის სახელზე და ოჯახი დენსაც და გაზსაც მოიხმარს ერთობლივად. ასევე დღეის მდგომარეობით გ. ჩ-ი სურვილის და საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად სარგებლობს ზედა სართულზე მისი შვილის მფლობელობაში არსებული ფართით რაც მოწმეებმა დაადასტურეს, ასევე მისი შვილი ე. ჩ-იც პრობლემის გარეშე სარგებლობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გაყრილობის განაჩენში აღნიშნული გ. ჩ-ის კუთვნილი პირველ და მეორე სართულზე მდებარე ოთახებით, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლო განჩინების 4.2.3 პუნქტში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მითითებას, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ჩ-ის ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტი, ვინაიდან, 1991 წელის 15 ოქტომბრის გაყრილობის განაჩენით გაინაწილეს ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის 141/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აგენტი ამოწმებს ოჯახის საცხოვრებელი პირობებს სადაც იგი შემოწმების მომენტში იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამჩნევს ოჯახის ხელოვნურად დაყოფის ან გაერთიანების მცდელობას, მაშინ, აღნიშნული ფაქტის დაზუსტებას ახდენს საცხოვრებელი პირობების ყურადღებით შემოწმების მეშვეობით. კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი, კერძოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

კასატორები არ ეთანხმებიან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2016 წლის 20 ივლისის N04-10-05/3661 აქტი მიღებულია კანონის დაცვით. ასევე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N04/67264 გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნის სრული დაცვით საქმის მასალების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად.

კასატორები მიუთითებენ, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტომ და სიღნაღის რაიონულმა განყოფილებამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლო ვერ ადასტურებს გადაწყვეტილებების კანონის საწინააღმდეგოდ მიღებას და მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნების დარღვევას რაც იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილებისა და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს განსაზღვრავს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს არეგულირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისი N141/ნ ბრძანება „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“. წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად. ამავე წესის მე-6 მუხლის თანახმად ოჯახის დეკლარაციის „A“ ბლოკის – „ოჯახის საცხოვრებელი“ შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ზუსტად უნდა განუმარტოს ოჯახს, თუ რა იგულისხმება „ოჯახის“ ცნებაში. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამჩნევს ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ან ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მცდელობას, მაშინ აღნიშნული ფაქტის დაზუსტებას ახდენს საცხოვრებელი პირობების ყურადღებით შემოწმების მეშვეობით (მაგ.: საძინებლები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა). ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ ხდება მარაგების შენახვა და განაწილება მოცემულ ოჯახში, უნდა შემოწმდეს ცხოვრობენ, თუ არა ისინი ერთ საცხოვრისში და აქვთ თუ არა მათ საერთო სამზარეულო, საერთო კომუნალური მრიცხველი, საერთო შესასვლელი და ა.შ. სააგენტოს უფლებამოსილ პირს ენიჭება მოქმედების თავისუფლება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადგენად. თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთ საცხოვრისში მოცემულ ოჯახთან ერთად ცხოვრობს სხვა ოჯახი (მაგ.: ეს შეიძლება იყოს მშობლების, შვილების, ნათესავების ან არანათესავების ოჯახი), რომელიც ამ ოჯახისაგან დამოუკიდებლად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დამატებითი გამოკითხვის საშუალებით, გადაამოწმოს ხელოვნურად ხომ არ იყოფა ოჯახი. თუ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არასწორად უთითებს ოჯახის შემადგენლობას (ოჯახის ხელოვნური დაყოფა ან გაერთიანება), სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ და მისი თანხმობის შემთხვევაში შეავსოს ოჯახის დეკლარაცია, ოჯახში რეალურად მცხოვრები ყველა წევრის გათვალისწინებით. ამასთან, „წესის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (შემდგომში – „შეწყვეტის ოქმი“) (დანართი №3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ: ა) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული; ბ) ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი; გ) ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს; დ) ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას; ე) ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე; ვ) ვერ ხერხდება ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა; ზ) ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები; თ) სხვა მიზეზი, როცა ვიზიტის დროს რაიმე გარემოების გამო სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ან როდესაც შეუძლებელია ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ. განაცხადში მითითებული მისამართი არ არსებობს ან მითითებულ მისამართზე არ მდებარეობს შენობა-ნაგებობა). მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი დარწმუნებულია ოჯახის ხელოვნურად დაყოფის ან ხელოვნურად გაერთიანების საკითხში, რასაც მოწმობს ოჯახის საცხოვრებელი პირობები.

მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება გ. ჩ-ის ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტი, ვინაიდან დადგენილია, რომ ოჯახებმა 1991 წლის 15 ოქტომბერს წლების წინ გაყრილობის განაჩენით გაინაწილეს ქონება. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილებისა და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნბისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე