Facebook Twitter

#ბს-747-743(კ-17) 9 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 24 მარტს ზ. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთის რაიონული განყოფილების 2014 წლის 29 დეკემბრის #04-12-01/2649 წერილის, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 თებერვლის #04/13851 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის 1 წლის მიუღებელი პენსიის თანხის 1200 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთის რაიონული განყოფილების 2014 წლის 29 დეკემბრის #04-12-01/2649 წერილი და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 თებერვლის #04/13851 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა ზ. ყ-ის სასარგებლოდ, ერთი წლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 1200 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების საგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციის მიხედვით, კანონი არეგულირებს სახელმწიფო პენსიაზე (შემდგომში – პენსია) უფლების წარმოშობის საფუძვლებს, განსაზღვრავს პენსიის ოდენობას, მისი ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, მისი შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, არეგულირებს პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე–17 მუხლით განსაზღვრულია პენსიის შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ ამ მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით: პენსიის გაცემა შეწყდება – სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნისას, ანუ როდესაც მოქალაქის მოთხოვნილებებს უზრუნველყოფს სახელმწიფო.

მსგავსი საკანონმდებლო მოთხოვნაა განსაზღვრული საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებითაც, კერძოდ – ამ ბრძანების მე–3 მუხლის ა) ქვეპუნქტის მიხედვით: სრული სახელმწიფო კმაყოფა არის – კვებით, თავშესაფრითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა ინსტიტუციებში მყოფი პირებისა, რომლებიც არიან სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში. აღნიშნული ბრძანების მე–19 მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად: პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები: მ) სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნა, გარდა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში ყოფნისა.

კასატორების მითითებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით (საქმე #10ა/908–11) ბრალდებული ზ. ყ-ის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთის რაიონულმა განყოფილებამ აღნიშნული განჩინების საფუძველზე ფაქტიურად შეწყვიტა სახელმწიფო გასაცემლის გაცემა, შემდგომში მხარეს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორები მიიჩნევენ, რომ მხარე იმყოფებოდა სახელმწიფო კმაყოფაზე ჯერ პენიტენციურ (პატიმრობის კოდექსი კონსოლიდირებული ვერსია (15/12/2010 - 25/02/2011) და შემდგომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში (საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კონსოლიდირებული ვერსია (24/09/2010 - 13/12/2013), შესაბამისად, მის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტა სრულიად მართლზომიერად განხორციელდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (2011 წლის რედაქცია) მე-16 მუხლის თანახმად, პენსიის გაცემა შეჩერდება: ა) საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში პენსიის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და ანაზღაურდება ამ დაწესებულებაში პირის ყოფნის პერიოდისთვისაც. ამასთანავე, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ პენსია წარსული დროისთვის გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. სხვა საპატიო მიზეზები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. პენსიის გაცემის შეჩერების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მისი გაცემა განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთის რაიონულმა განყოფილებამ 2011 წლის 1 მარტიდან შეუჩერა ზ. ყ-ს პენსიის გაცემა წინასწარი პატიმრობის გამო, ხოლო სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში სახელმწიფო პენსიის შეჩერებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2011 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთის რაიონული განყოფილების მიერ ზ. ყ-ისათვის პენსიის შეჩერება, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გამო, განხორციელდა უკანონოდ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს უარი ერთი წლის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მხარეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი