საქმე Nბს-712-708(კ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაიულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადაგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ი-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - სს „...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 31 დეკემბერს დ. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 08 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 02 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 09 დეკემბრის №294992 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 08 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (დ. ი-ის 2015 წლის 02 ოქტომბრის №... განცხადების მოთხოვნის - მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 იანვრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.
2016 წლის 8 ივნისს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოპასუხეთა წრე და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 26 სექტემბრის №05/21544 მიმართვა ნ. ი-ის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 25 აპრილის №1-1/241 ბრძანება; ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ნ. ი-ის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 02 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ნ. ი-ის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 08 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 09 დეკემბრის №294992 გადაწყვეტილება და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემა (2015 წლის 02 ოქტომბრის №... განცხადების საფუძველზე) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
2016 წლის 17 მარტის განჩინებით განსახილველ საქმეზე ჩაბმულ იქნა სს "...".
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 26 სექტემბრის №05/21544 მიმართვა ნ. ი-ის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 25 აპრილის №1-1/241 ბრძანება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება ნ. ი-ის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 02 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ნ. ი-ის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; დ. ი-ის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარაგაულის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 08 ოქტომბრის №... და 2015 წლის 10 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 09 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მის სახელზე საკუთრების რეგისტრაციის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და შესაბამისად მოცემულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, კერძოდ კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომ სადავოდ განხდარო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისას არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311- ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
კასატორის განმარტებით, დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობაზე, მის უფლებამოსილებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის საკუთრებაში რეგისტრაციის არსებობა, შეადაროს წარდგენილი დოკუმენტაცია მასთან დაცულ დოკუმენტებთან და არ დაუშვას საწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საკუთრების უფლების რეგისტრაციისა დოკუმენტების შესაბამისობაზე პასუხისმგებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მიაჩნია, რომ მიღებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით მე-4 მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი აწესებს საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. მე-3 პუნქტი კი ითვალისწინებს ასევე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2009 წლის 19 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნ. ი-ის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება (1500 კვ.მ. დაუზუსტებელი საკარმიდამო ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი 72 კვ.მ.) მდებარე ხარაგაულის რაიონის სოფელი ..., რომელიც შედის მოლითის თემის საკრებულოს ტერიტორიაში, საკ. კოდით ..., რომელიც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო დ. ი-ემ.
დადგენილია, რომ სადავო ქონება 2011 წლის 27 ნოემბრისა და 2011 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 29 სექტემბრის მიმართვა N05/2154 -ითა და საწარმოთა მართვის სააგენტოს 2011 წლის 01 ნოემბრის ბრძანება N1-3/1122 -ით საკუთრებად დაურეგისტრირდა თავდაპირველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო შემდგომ ... .
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის განცხადების განხილვის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინათ, არსებობდა თუ არა სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისა განხორციელების ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნული რეგისტრაციით შეილახებოდა თუ არა ვინმეს უფლება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიმართვა განხორციელდა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული არსებობდა თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე ვინმეს უფლება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივად არ მოუხდენია საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი გარემოებების დადგენა – სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ ნ. ი-ის სახელზე 2009 წელს უძრავი ქონების რეგისტრაცია და იგივე ქონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე 2011 წელს რეგისტრაცია განხორციელდა ერთიდაიგივე გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, რაც ნათელყოფს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე