Facebook Twitter

საქმე #330310015001189174

#ბს-756-752(კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 16 დეკემბერს რ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ ... სარდლობის მთავარი სერჟანტის მოვალეობის შემსრულებლის, მთავარ სერჟანტ რ. ვ. ძე მ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საკითხზე შუამდგომლობის ზემდგომი მეთაურების წინაშე აღძვრის შესახებ ... სარდლობის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის #MOD81500899705 გადაწყვეტილების, მთავარ სერჟანტ რ. ვ. ძე მ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამანდატო კომისიის 2015 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების, საქართველოს შეიარაღებული ძალების ... ბრიგადის სერჟანტის, მთავარი სერჟანტი რ. ვ. ძე მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 17 ნოემბრის #MOD61500006334 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისათვის რ. მ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისათვის რ. მ-ის სასარგებლოდ 2015 წლის 28 ოქტომბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამანდატო კომისიის 2015 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 17 ნოემბრის MOD61500006334 ბრძანება რ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს დაევალა 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად რ. მ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1 მუხლზე, 21.2 მუხლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, ასევე „კაპრალ-სერჟანტთა თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის 4 წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.02.2009 წლის #122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის 9.1.3 პუნქტზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებდა მ-ის მიერ ადრე ჩადენილ სხვა სამართალდარღვევებს.

კასატორს მიაჩნია, რომ მ-ის მიერ ჩადენილი გადაცდომების საფუძველზე, დასაბუთებული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 10.11.2015 წლის სამანდატო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 17.11.2015 წლის #6334 ბრძანება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-14 მუხლის მიხედვით, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში: ა) სამხედრო მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ სამხედრო სამსახურიდან ჩადენილი სისხლის სამართლის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ბ) მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაანთავისუფლონ სამსახურიდან მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სასჯელის/სახდელის დაკისრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული სასჯელი/სახდელი დაკისრებულია მოსამსახურის მიერ ჩადენილი უღირსი საქციელისათვის.

„სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-8 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის ღირსეულ საქციელად ჩაითვლება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო მმართველობის მიერ დადგენილი წესის დასაცავად ჩადენილი ქმედება, რომელიც გამოიწვევს სამხედრო სამსახურში და საზოგადოებაში სამხედრო მოსამსახურის მკვეთრად დადებით შეფასებას და რომლისთვისაც ამ წესდებით გათვალისწინებულია წახალისება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ რ. მ-ის მიერ სამსახურებრივი ავტომანქანით ავტოსაგზაო შემთხვევის ჩადენა და საგზაო-სატრანპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება, ასევე სხვა დისციპლინური გადაცდომები, არ შეიძლება მოვიაზროთ ისეთ გადაცდომებად, რომლებიც უპირისპირდება დასახელებული წესდების მე-8 მუხლის მოთხოვნებს.

სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი დისციპლინური გადაცდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუ გადაცდომა განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სიმძიმისაა. ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხი მოსამსახურის პიროვნების შეფასებისა და თანამდებობაზე მისი დატოვებით მოსალოდნელი შედეგების შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში მიღებული სტანდარტიდან გამომდინარე, მოხელის გათავისუფლებას მხოლოდ იმგვარი დასკვნა შეიძლება განაპირობებდეს, რომ მასთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება უარყოფითად აისახება სამსახურის საქმიანობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ის გარემოება, რომ გასაჩივრებულ აქტებში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი გადაცდომების სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, არ არის დასაბუთებული საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის გამოყენების საკითხი. კერძოდ, ისეთ ვითარებაში, როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიჩნეული რ. მ-ის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომები ღირსების შემლახავად ქმედებად, შესაბამისად, ადეკვატურად ვერ იქნება მიჩნეული გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა. ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დისციპლინური პასუხისმგებლობის არსს, რადგან ასეთ პირობებში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება ვერ პასუხობს დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება მოხელის უღირს საქციელს, რაც ცალსახად შეფასებითი კრიტერიუმია. ასევე დადგენილია, რომ რ. მ-ის მიმართ დასახელებულ დრომდე დისციპლინური სახდელის დადებას ადგილი არ ჰქონია. როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ასეთი სახის გადაწყვეტილებას იღებს, იგი ვალდებულია იმსჯელოს და დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობს ღირსების შემლახველი საქციელი, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და რატომ არის გამორიცხული სხვა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენება მოსამსახურის მიმართ, რომელსაც ადრე დისციპლინური სახდელი არ დადებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი