საქმე №330310016001394744
№ბს-762-758(კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 14 ივნისს გ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მისთვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონში ნამსახურობის წლების, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ნამსახურობის გაანგარიშებისას ჩათვლასა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის №04/38180 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გ. შ-ასათვის საქართველოს საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონში ნამსახურობის წლების, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ნამსახურობის გაანგარიშებაში ჩათვლისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გ. შ-ასათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონში ნამსახურობის წლების, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის გაანგარიშებისას ჩათვლაზე და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 17 მაისის №04/38180 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოცემული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე მოსარჩელე გ. შ-ას განცხადებასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მას პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ იგი დათხოვნილი იყო არა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, არამედ საგანგებო ლეგიონიდან. იგი 2013 წლის 15 ოქტობრიდან დათხოვნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან, რომელიც ლიკვიდირებულია 2003 წლის 15 ოქტომბრიდან, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს პენსია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან. კასატორის განმარტებით, მისთვის 2003 წლის 15 ოქტომბერს დათხოვნილი პირისათვის შემდგომში გამოცემული კანონის მისადაგება არამართებულია. ფინანსური პოლიცია იყო ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის სამართალმემკვიდრე; საგანგებო ლეგიონის თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი კი ხორციელდებოდა ჩვეულებრივ, რადგან „ფინანსური პოლიციის შესახებ“ 2004 წლის 25 თებერვლის კანონი ამოქმედდა 2005 წლის 15 მარტიდან. იგი 2003 წელს გათავისუფლდა.
კასატორის განმარტებით, „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26.4 მუხლისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტისა და საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის 2004 წლის 11 მარტის სხდომის №1 ოქმის დადგენილების „გ“ პუნქტის გათვალისწინებით, ფინანსური პოლიცია იყო ფინანსთა სამინისტროს ყოფილი საგამოძიებო დეპარტამენტისა და საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამასახურის სამართალმემკვიდრე, პოლიციასა და ფინანსურ პოლიციას გააჩნდათ ერთი და იგივე სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონი, რომელიც არეგულირებდა საპენსიო უზრუნველყოფას მისი სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის და არა მრავალი წლის შემდგომ გამოცემული კანონი, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. შ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვისა და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სუბიექტთა წრე, რომელთაც აქვთ ამ კანონის საფუძველზე კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება, კერძოდ, ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს. ხოლო ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის ორგანოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
საქმის მასალების შესაბამისად, გ. შ-ა 1974 წლის ნოემბრიდან 1976 წლის ნოემბრამდე მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1984 წლიდან 1993 წლამდე ... მსახურობდა ქ. ... შს რაიგანყოფილების სახელმწიფო საკუთრების მტაცებლობის და საკუთრების წინააღმდეგ მებრძოლ ქვეგანყოფილებაში. 1993 წელს დაინიშნა ქ. ... შსს სამეურნეო და თანამდებობრივ დანაშაულებებთან მებრძოლი განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 1994 წლის 17 მაისიდან 1995 წლის 18 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს ... განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 1995 წლის 18 აპრილიდან 1996 წლის 21 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახდო ინსპექციის ... რეგიონის ოპერატიული განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 1996 წლის 21 თებერვლიდან 1998 წლის 24 აპრილამდე მუშაობდა საგადასახადო სამსახურის ოპერატიული სამმართველოს ... რეგიონალური განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 1998 წლის 24 ივნისიდან 2000 წლის 25 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს საგადასახდო ინსპექციის ოპერატიული დეპარტამენტის ... რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2000 წლის 1 სექტემბრიდან 2000 წლის 13 დეკემბრამდე, მოსარჩელე გ. შ-ა მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ... სამმართველოს მე-... განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2000 წლის 13 დეკემბრიდან 2000 წლის 14 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ... სამმართველოს მე-... განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობაზე. 2000 წლის 14 დეკემბრიდან 2002 წლის 1 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ... სამმართველოს ... განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობაზე. 2002 წლის 1 ნოემბრიდან 2003 წლის 18 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მე-... სამმართველოს მე-... განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობაზე. 2003 წლის 15 ოქტომბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გ. შ-ა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზით და იგი, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილი მოსამსახურე, არ წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირს, მიუხედავად იმისა, რომ მისი წელთა ნამსახურება, საგანგებო ლეგიონში მუშაობის პერიოდის ჩათვლით, შეადგენს 20 წელზე მეტს. კანონმდებელმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს მიანიჭა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, მათ ასევე დაუწესა იმგვარი შეღავათი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონში მუშაობის პერიოდი ჩაუთვალა სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად სავალდებულო წელთა ნამსახურობის 20 წლიან სტაჟში, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილი პირები შეიყვანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრეში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი