Facebook Twitter
საქმე №330310015753002








№ბს-771-767(კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 17 მარტს ლ. ნ-ემ და ქ. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის მიმართ.
მოსარჩელეებმა ლ. ნ-ისა და ქ. ყ-ის მიმართ დადგენილი შედეგების ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის #2 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილებების, ლ. ნ-ისა და ქ. ყ-ის მიმართ დადგენილი შედეგების ნაწილში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 24 თებერვლის #11 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილების, თ. შ-ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 25 თებერვლის #792 ბრძანების, მ. ყ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 25 თებერვლის #791 ბრძანების, ს. ჭ-ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 25 თებერვლის #1003 ბრძანების, გ. ნ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 25 თებერვლის #793 ბრძანების, მ. კ-ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 25 თებერვლის #802 ბრძანების, ნ. ნ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 13 თებერვლის #804 ბრძანების, თ. ძ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 25 თებერვლის #803 ბრძანების, თ. ქ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 25 თებერვლის #795 ბრძანების, ლ. კ-ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 25 თებერვლის #931 ბრძანების, გ. დ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 25 თებერვლის #794 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარების და იმ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შესახებ, რომელზეც მოსარჩელეებს შეტანილი ჰქონდა განცხადებები, ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. კ-ა, გ. ნ-ი, თ. შ-ა, მ. ყ-ი, ს. ჭ-ა, თ. ქ-ე, გ. დ-ი, ნ. ნ-ი, თ. ძ-ე და მ. კ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ის და ქ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის #2 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება ლ. ნ-ისა და ქ. ყ-ის მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის #11 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება ლ. ნ-ისა და ქ. ყ-ის მიმართ დადგენილი შედეგის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელეთა მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები საკასაციო საჩივარს აფუძნებდნენ იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების აუცილებელ წინაპირობად ადგენს კონკურსს. კერძოდ, 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსოსაატესტაციო კომისია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის კონკურსსა და ატესტირებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურსის პროცესში ფასდება მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაცია, პროფესიული დონე, ცოდნა, პიროვნული თვისებები, მოტივაცია და უნარჩვევები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა და რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი თითოეული იმ კანდიდატისთვის, რომელმაც გადალახა კონკურსის ბოლო ეტაპი და ასევე, რომელმაც ვერ გადალახა. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ბუნებრივია კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად, უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.
ამასთან, თავად კონკურსის არსიდან გამომდინარეობს კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, ვინაიდან კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევისას ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატთა შეფასების ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება.
კონკურსის შედეგად საჯარო მოხელეთა შერჩევის არსს სწორედ გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე კანდიდატთა ურთიერთშეპირისპირებისას კონკრეტული თანამდებობისთვის სათანადო კანდიდატის შერჩევა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა აღნიშნული რეგულაცია. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-3 მუხლის თანახმად, კონკურსის პრინციპებია: ა) კანონიერება, ბ) სამართლიანობა, გ) საჯაროობა, დ) გამჭვირვალობა, ე) არადისკრიმინაციულობა, ვ) ობიექტურობა, ზ) მიუკერძოებლობა, თ) კოლეგიალურობა, ი) კორექტულობა. ამავე წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარჩვევების შეფასება, დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა კონკურსის ბოლო ეტაპის - გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, ხოლო გასაჩივრებული აქტები ვერ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი კონკურსის გამჭვირვალობის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად გამჭვირვალე პროცესითა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. იმისათვის, რომ შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, უნდა არსებობდეს პროცესის შემოწმების შესაძლებლობაც. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი კი სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კანდიდატის შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი და მისი ანალიზი სასამართლოსთვის არის მიუწვდომელი. ასეთ პირობებში შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა კონკურსის მესამე ეტაპი. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი