Facebook Twitter

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

544აპ-10 29 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. მ-ის, მსჯავრდებულ ი. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ყ-ასა და მსჯავრდებულ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:

ი. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განახევრდა და მოსახდელად დარჩა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ი. გ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 6 თვის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 18 ივნისიდან.

გ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 18 ივნისიდან.

ლ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. აღნიშნულ განაჩენს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ,,ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ. ჯ-ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 18 ივნისიდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი იმ მიმართებით, რომ ლ. ჯ-ას მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა დანიშვნისას გამოყენებული არ იყო საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენში ამ მიმართებით, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,დ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. მ-ის, მსჯავრდებულ ი. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ყ-ასა და მსჯავრდებულ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.