Facebook Twitter

#ბს-717-713(გ-17) 9 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ნ. კ-ა

მოპასუხე _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 9 იანვარს ნ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ 1982 წლის სექტემბრის თვიდან 1993 წლამდე აფხაზეთის, კერძოდ, ქ. სოხუმის მე-... აფთიაქში ფარმაცევტის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადგენა მოითხოვა.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ას სარჩელი, მოპასუხე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, შრომის სტაჟის დადგენის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მუხლით დადგენილი სარჩელის განხილვის განსჯადობის წესი მოქმედებს მაშინ, თუკი ორივე მხარე იძულებით გადაადგილებული პირია.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია ნ. კ-ას მიერ, რომელიც არ წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც იმთავითვე გამორიცხავს სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციისათვის დაქვემდებარების შესაძლებლობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. კ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ნ. კ-ას სარჩელი, მოპასუხე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმის თანახმად, განსჯადობის განმსაზღვრელი პირობა მოსარჩელის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 21 ივნისის ცნობის შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. კ-ა დევნილთა მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, რეგისტრირებულია დევნილად (სარეგისტრაციო #...) მისამართზე საქართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აბაშა, ... ქ. #25. თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ ნ. კ-ას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი არ არის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მოცემული საქმე განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ნ. კ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ დავაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ნ. კ-ა, მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული ორგანო - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო მოსარჩელე 1982 წლის სექტემბრის თვიდან 1993 წლამდე აფხაზეთის, კერძოდ, ქ. სოხუმის მე-... აფთიაქში ფარმაცევტის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადგენას მოითხოვს.

მოსარჩელე - ნ. კ-ას განმარტებით, იგი არის ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირი. აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების პერიოდში, 1982 წლის სექტემბრის თვიდან 1993 წლამდე მუშაობდა ფარმაცევტის თანამდებობაზე, ქ. სოხუმის #... აფთიაქში, მდებარე ... გამზირზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 14 თებერვლის წერილზე დაყრდნობით, სასამართლოს აცნობა, რომ მოსარჩელე ნ. კ-ას შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი, რის გამოც სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულმა სასამართლომ საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ამასთან, მოსარჩელე მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 21 ივნისის ცნობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე ნ. კ-ა დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, რეგისტრირებულია დევნილად (სარეგისტრაციო #...) მისამართზე საქართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აბაშა, ... ქ. #25.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოირკვა, რომ მოსარჩელე ნ. კ-ა წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რის გამოც მოცემული საქმე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის საფუძველზე გახდა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს განსჯადი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს; ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი