#ბს-813-809(კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 9 ივლისს ნ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე, ასევე 1993-1994 წლებში ქ. სოხუმის შ.ჯ. I ბატალიონში და 1992-1993 წლებში 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში ნ. ლ-ას საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში სამხედრო მოსამსახურედ მსახურობის სტაჟის დადგენა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აღიარებულ იქნა ნ. ლ-ას საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში სამხედრო მოსამსახურედ მსახურობის სტაჟი - 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე; ნ. ლ-ას უარი ეთქვა 1993-1994 წლებში ქ. სოხუმის შ.ჯ. I ბატალიონში და 1992-1993 წლებში 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში მსახურობის ფაქტის აღიარებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც აღიარებული იქნა ნ. ლ-ას საბჭოთა არმიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში სამხედრო მოსამსახურედ მსახურობის სტაჟი - 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე; ნ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; აღიარებული იქნა ნ. ლ-ას 1993-1994 წლებში ქ. სოხუმის შ.ჯ. I ბატალიონში და 1992-1993 წლებში 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში მსახურობის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოედგენილია აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის 10.12.14 წლის #414 წერილი, რომლის თანახმად, ნ. ლ-ას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია მითითებულ სამსახურს არ გააჩნია. კასატორი აღნიშნავს, რომ 23.03.1995 წლის #754 აფხაზეთის ა/რ სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემულ ცნობაში არ არის მითითებული რიცხვები, თუ 1979 წლის რომელი მაისიდან 1981 წლის რომელ მაისამდე გადიოდა სამხედრო სამსახურს მოსარჩელე.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულება არ უნდა გაეზიარებინა, რადგან შესაბამის სამსახურს, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ლ-ას სამხედრო სამსახურის გავლის ფაქტს, ინფორმაცია არ გააჩნია. ასევე, ცნობაში არ არის მითითებული მისი გაცემის საფუძვლები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ დაადგინა რომელი წლის რომელი თვის რიცხვიდან რომელი წლის რომელ თვემდე და რიცხვამდე პერიოდზეა საუბარი, მაშინ, როცა წელთა ნამსახურების დაანგარიშებისას ერთ დღესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა მითითებული მტკიცებულებები. ნამსახურეობის ნუსხაში არ არის მითითებული, თუ რის საფუძველზეა განხორციელებული ჩანაწერები, ასევე არ არის ბრძანების სავალდებულო რეკვიზიტები. ასევე, მითითებული ჩანაწერების გადამოწმებისას ვერ იქნა მოძიებული შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დადგინდებოდა ჩანაწერის სიზუსტე. მითითებულ პერიოდში ლ-ას ნამსახურეობა არ არის სათანადო წესით დადასტურებული და არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. რაც შეეხება მოკლე საბრძოლო მოკვლევას, კასატორის მითითებით, ისიც არ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული ცნობა, ხელმოწერილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარის მიერ, იმის შესახებ, რომ ზემდეგმა ნ. ლ-ამ ნამდვილად გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში ს/ნ 63378 1979 წლის მაისიდან 1981 წლის მაისამდე, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებში ს/ნ 2061, აღრიცხვაზე დგას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატში, ადასტურებს ნ. ლ-ას მიერ სამხედრო სამსახურის გავლის ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ უფლებამოსილების ფარგლებში გაცემულ ცნობაში მოცემული ინფორმაცია გაბათილებული ვერ იქნება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის 2014 წლის 10 დეკემბრის #414 წერილში გადმოცემული იმ ინფორმაციით, რომ აღნიშნულ სამსახურს რეზერვის კაპიტნის ნ. კ. ლ-ას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
ამასთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს ყოფილი შსს თანამშრომელთა მონაწილეობის დამდგენი სპეციალური კომისიის მოკლე საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ნ. ლ-ას დაუდგინდა მონაწილეობა, კერძოდ, მოკლე საბრძლო მოკვლევაში მითითებულია, რომ უფროსი ლეიტენანტი ნ. ლ-ა ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას 1993 წლის მარტში სოფ. ... ბრძოლებში, 1993 წლის აგვისტოს ... მისადგომებთან ასევე ღებულობდა მონაწილეობას, 1994 წლის ივნის-ივლისში ... ხეობის საზღვრის დაცვის მიზნით ასევე ღებულობდა მონაწილეობას; საბრძოლო მოკვლევის, რაც დადასტურებულია ყოფილი ს/ნ 2061-ის შტაბის უფროსის, ამჟამად თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკის ე. ქ-ას, ყოფილი ს/ნ 2061-ის ზემდეგის ლ. მ-ს და ყოფილი ს/ნ 2061-ის ზემდეგის ვ. კ-ს ხელმოწერებით, თანახმად, ლ-ა ნ. ჩაირიცხა შ/ჯარების ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში 1993 წლის 12 იანვარს, მე-2 ასეულის მე-2 ოცეულში მსროლელად. მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთში მომხდარ საბრძოლო ოპერაციებში, შრომა-ახალშენი, ..., სოფ. ... . 1993 წლის 2 ივლისს სოფ. ... ერთ-ერთი ოპერაციის დროს მტერთან შეტაკებისას მოწინააღმდეგის მხრიდან ჭურვის აფეთქებისას მძიმედ დაიჭრა, მიიღო კანტუზია, ქალა ტვინის დახურული ტრამვა და მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობა. მკურნალობდა ქ. თბილისის ... კლინიკაში, გამოწერის შემდეგ კვლავ ჩაუდგა ს/ნ 2061-ის რიგებში. 1993 წლის აგვისტოდან მონაწილეობდა კოდორის მისადგომებთან წარმოებულ ოპერაციებში, სადაც მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში, გადაყვანილ იქნა ქ. ქუთაისის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. გამოწერის შემდეგ 1994 წლის თებერვლის თვიდან კვლავ გააგრძელა სამსახური ს/ნ 2061-ის რიგებში. 1994 წლის ივნის-ივლისი მონაწილეობას ღებულობდა სოფ. ... ... ხეობის საზღვრის დაცვის მიზნით. 1994 წლის 14 სექტემბრიდან 1995 წლის მარტამდე იყო კადრების განკარგულებაში. აფხაზეთის დაცემის შემდეგ კაპიტანი ლ-ა ნ. მიღებული ჭრილობების გამო ასევე მკურნალობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში წლების მანძილზე; 2005 წლის 21 აპრილის #ა-107 ოქმში ნ. ლ-ასათვის ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ, აღნიშნულია, რომ ნ. ლ-ა ორგანოში მსახურობდა 1993 წლის 12 იანვარს. იგი ღებულობდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში 1993 წლის მარტში, სოფ. ...; ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ ნ. ლ-აზე გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის #154 300 0259 მოწმობა.
სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერება და მათში მოცემული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა საფუძველს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ნ. ლ-ა 1992-1993-1994 წლებში მსახურობდა ქ. სოხუმის შინაგან ჯარში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი