საქმე # 050310115001150606
ბს-417-414(კ-17) 07 დეკემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ-ემ 11.11.2015წ. სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის და შპს „...“ მიმართ გადაფარვის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 09.12.2014წ. და 21.01.2015წ. ბრძანებების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 01.06.2015წ. ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 22.10.2015წ. გადაწყვეტილების და სარეგისტრაციო სამსახურის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დარეგისტრირდა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში შპს „...“ სახელზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 21.06.2016წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 22.09.2016წ. გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ზედდების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლითაც თავდაპირველად სახელმწიფოს, შემდგომ კი შპს „...“ სახელზე აღირიცხა უძრავი ქონება (ს.კ. ...), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალურ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 09.12.2014წ. და 21.01.2015წ. მიმართვებთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 01.06.2015წ. ბრძანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2016წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სასკ-ის 32.4 მუხლი, რადგან თავად შეეძლო დავის არებითი გადაწყვეტა, საქმეზე დადგენილია საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშნელობის მქონე ყველა არსებითი გარემოება, სამართლებრივი შეფასების საჭიროება არ ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლებს. სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, რადგან მან ძალაში დატოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ის აქტები, რომელთა საფუძვლეზეც განხორციელდა რეგისტრაციები, თუმცა აღნიშნული რეგისტრაციები ბათილად ცნო. ამასთანავე, გასათვალისიწნებელია, რომ ელექტრონული ვერსიის გარეშე არსებული საკადასტრო აზომვითი მონაცემები ყველა შემთხვევაში მიიჩნევა დაუზუსტებლად და არ იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიკაციის საშუალებას, რადგან შეუძლებელია დაუზუსტებელი და დაზუსტებული რეგისტრაციების ურთიერთშედარება. სახელმწიფოს სახელზე საკუთრების რეგისტრაციისას რაიმე ზედდება არ დაფიქსირებულა. კასატორი აგრეთვე მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს კეთილსინდისიერი შემძენის - შპს „...“ ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება ა. მ-ის მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენის შეუძლებლობის შესახებ, რადგან ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემისას საკადასტრო-აზომვითი ნახაზი არ შედგენილა ელექტრონული ფორმით - UTM პროექციაში, არ ადასტურებს ნაკვეთის მდებარეობის დადგენის შეუძლებლობას, დაუზუსტებელი რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, იგი ექვემდებარება ისეთივე დაცვას, როგორც დაზუსტებული რეგისტრაცია (იხ. სუსგ 28.02.2013წ., Nბს-367-363(კ-12)).
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სადავო აქტების გამოცემისას საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევის შესახებ და აღნიშნავს, რომ ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში შპს-ს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე რეესტრს უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. ამასთანავე, საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას მარეგისტრირებელ ორგანოში მიმართვის წარმდგენი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის ვალდებულების გამორიცხვის შესახებ და აღნიშნავს, რომ რეესტრის დასახელებული ვალდებულება არ ათავისუფლებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვის საჯარო რეესტრისათვის გაგზავნამდე საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევისაგან. ანალოგიური წესი ვრცელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში გასაგზავნი მოთხოვნის მიმართაც, თუმცა საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა ა. მ-ის მიერ, რის გამოც სასამართლო მოკლებულია მარეგისტრირებელ ორგანოში სააგენტოსა და სამინისტროს მიერ გაგზავნილი მიმართვების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მოსაზრება შპს „...“ კეთილსინდისიერების შესახებ, რადგან მისი დამფუძნებელი და სადავო ქონების მიღების მომენტში კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო სახელმწიფო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი