Facebook Twitter

საქმე # 060310016001348756

ბს-426-423(კ-17) 14 დეკემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ნ...“ 23.02.2016წ. სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ზიანის - 13 240 ლარის, 10 736 აშშ დოლარისა და 1 115 ევროს ანაზღაურების მოთხოვნით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 03.05.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „დ...“.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 03.10.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „ნ...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 13 240 ლარის, 10 736 აშშ დოლარის და 1 115 ევროს ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2017 წ. განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მიხედვით შემსრულებელი პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ზარალისთვის, რომელიც გამოიწვია მის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანმა შესრულებამ ან შეუსრულებლობამ. ამავე ხელშეკრულების თანახმად, დეპარტამენტის ვალდებულება იყო ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე შემავალ განგაშის სიგნალზე მყისიერი რეაგირება. განგაშის სიგნალის გარეშე, დაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო, რადგან დეპარტამენტი არ ახორციელებდა ადგილობრივ, ფიზიკურ დაცვას. სეიფზე ზემოქმედების შედეგად უნდა ამუშავებულიყო ვიბროსენსორული მაუწყებელი, რის საფუძველზეც საგანგაშო სიგნალი შევიდოდა დეპარტამენტში, თუმცა სეიფში დამონტაჟებული ვიბროდეტექტორის ხარვეზის გამო არ მოხდა სიგნალის გადაცემა, რაც არ არის გამოწვეული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბრალით, რადგან დეტექტორი შეძენილი და დამონტაჟებული იყო მოსარჩელის მიერ. ამასთანავე, კონკრეტულ გარემოებებში მოხვედრამდე შეუძლებელი იყო დეტექტორის ხარვეზის გამოვლენა, შესაბამისად, ობიექტის დაცვაში აყვანისას დეპარტამენტი ვერ გამოავლენდა ამ ხარვეზსს. ზიანის დადგომა არ არის გამოწვეული დეპარტამენტის ბრალეული ქმედებებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ აპარატურის შპს-სადმი კუთვნილება არ ქმნიდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, რადგან ხელშეკრულების 3.1.6 მუხლის მიხედვით შემსრულებელი ვალდებულია არ მიიღოს ობიექტი დაცვაში, თუ შეიქმნა პირობები, რომლის გამოც შემსრულებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არ ხერხდება დაცვაში აყვანა, აღნიშნულის შესახებ დამკვეთს უნდა ეცნობოს წინასწარ. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაცვაში აყვანამდე დეპარტამენტმა მოახდინა ობიექტის დათვარიელება და დათანხმდა დაცვის უზრუნველყოფას, დეპარტამენტის მიერ აპარატურის რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა. არასწორია კასატორის მოსზრება, რომ ხარვეზის გამოვლენა შესაძლებელი იყო მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას და ხარვეზს დეპარტამენტი წინასწარ ვერ დაადგენდა, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპარატურა საგანგაშო სიგნალის გადაცემას ახდენდა სეიფის დაცარიელების შემთხვევაში, ხოლო სეიფის შევსებისას სიგნალი აღარ გადაიცემოდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დეპარტამენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შინაარსიდან გამომდინარე, მას აპარატურის მუშაობის გამართულობა უნდა შეემოწმებინა სწორედ სავსე და არა ცარიელი სეიფის არსებობის შემთხვევაში, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტის მიერ ობიექტის დაცვაში აყვანამდე იქ განთავსებული აპარატურის გამართული ფუნქციონირების შემოწმება, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განგაშის სიგნალის გადაცემის შეფერხება, ზიანის დადგომა გამოიწვია სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვანმა შესრულებამ, რადგან აპარატურის შეუმოწმებლად ობიექტის დაცვაში მიღებით სწორედ დეპარტამენტზე გადავიდა აპარატურის გაუმართაობის თანამდევი რისკები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2017წ. განჩინება;

3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს.კ. 211350928) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.04.2017წ. N31143 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2250 ლარის 70%, _ 1575 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი