ბს-492-489(კ-17) 07 დეკემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 08.09.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 22.06.2010წ. N1632 და N1633 აქტების ბათილად ცნობისა და სადავო ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის აღიარების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.09.2014წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 25.02.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
გორის რაიონული სასამართლოს 26.03.2015წ. განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შპს „…“ სარჩელი უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს 26.03.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 22.06.2010წ. N1632 და N1633 აქტები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა ქ. გორში, … ქ. N70-ში და ქ.გორში, … გამზ. N5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის, სახელმწიფოს (აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობისა და ფარგლების შესწავლა, დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, ასევე ორგანოს დაევალა ადმინისტრაციული წარმოებისას შპს „…“ დაფუძნების, მისი საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2008წ. გადაწყვეტილების შეფასება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები. მოსარჩელეს სადავო უძრავ ქონებაზე არ აქვს უფლებადამდგენი დოკუმენტები, შესაბამისად აღნიშნული ქონების სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვა შპს-ს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ზიანს არ აყენებს. კასატორი მიიჩნევს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან ამჟამად სახელმწიფოს ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ამდენად, სწორედ ეს უკანასკნელი იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ქონების სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის საჭიროების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება სადავო აქტების საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემის შესახებ, რადგან ორგანოს მიერ არ შეფასებულა შპს-ს კაპიტალის ფორმირების დოკუმენტაცია, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2008 წ. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა შპს „…“ ხელშეკრულების დადება. სადავო აქტების გამოცემისას ორგანოს არ გამოუკვლევია ქ. გორში მდებარე უძრავ ქონებაზე კერძო პირის უფლებათა არსებობა. საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს სადავო უძრავი ქონების მიმართ შპს-ს კანონიერ ინტერესს. საქმის მასალებით არ დასტურდება აქტის გამომცემი ორგანოს მიერ სზაკ-ის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა, არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ამდენად, არასწორია კასატორის მოსაზრება სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების არამართლზომიერების შესახებ. დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მითითება სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შესახებ, რადგან გადაწყვეტილებით სამინისტროს არ ერთმევა შესაძლებლობა სზაკ-ით განსაზღვრულ ნორმატიულ ფარგლებში განახორციელოს სათანადო ქმედებები უფლებამოსილი ორგანოს მიერ მართლზომიერი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი