ბს-580-577(კ-17) 14 დეკემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2016წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ემ 30.04.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ 800 ლარის გადახდის სანაცვლოდ მოპასუხისათვის მოსარჩელის ბინაზე არსებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის მოხნის დავალების მოთხოვნით.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2014წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას გ. ბ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.03.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2016წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.03.2014წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ გ. ბ-ის წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩვირდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საგადასახადო იპოთეკა წარმოიშვა უძრავ ქონებაზე გ. ბ-ის საკუთრების წარმოშობამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქონების პირვანდელ მესაკუთრეს - შპს „...“ საგადასახადო იპოთეკის წარმოშობიდან დღემდე ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად, არ არსებობს იპოთეკის გაუქმების საფუძველი. კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.03.2014წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან აღნიშნული აქტი გ. ბ-ემ სადავოდ გახადა მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას - 28.09.2016წ. სასამართლო სხდომაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან განხორციელებულ უთანასწორო მოპყრობასთან დაკავშირებით, რადგან არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, არსებითად თანასწორი პირების მიმართ გამოტანილია განსხვავებული გადაწყვეტილება, სათანადო ლეგიტიმური მიზნის მითითებისა და დასაბუთების გარეშე. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს მისი დასაბუთების ვალდებულების გამორიცხვას, თუ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (სზაკ-ის 53.4 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2011 წლის სექტემბერში უძრავი ქონების ნაწილს მოეხსნა საგადასახადო შეზღუდვა მხოლოდ იმ ნორმაზე მითითებით, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გააუქმოს საგადასახადო იპოთეკა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაშიც იპოთეკა წარმოშობილი იყო შპს-ს ქონებაზე და გადაყვა უძრავ ნივთებს ფიზიკურ პირთა საკუთრებაში გადასვლისას. ანალოგიური მდგომარეობაა გ. ბ-ის შემთვევაშიც იმ განსხვავებით, რომ მოსარჩელე მზადაა საგადასახადო იპოთეკის მოხსნის სანაცვლოდ დაფაროს დავალიანების გარკვეული ნაწილი, რისი განხორციელებაც ბინების სხვა მესაკუთრეების მხრიდან არ დასტურდება. ამდენად, დაუსაბუთებელია ორგანოს უარი გ. ბ-ის ბინაზე რეგისტრირებული საგადასახადო იპოთეკის მოხსნაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2016წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი