Facebook Twitter

საქმე # 330310015001166462

ბს-607-604(კ-17) 14 დეკემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე.ჩ-ამ 15.05.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მოპასუხის 03.04.2015წ. N119726, N119727 სამართალდარღვევის ოქმების და 06.05.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.09.2015წ. გადაწყვეტილებით ე. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 03.04.2015წ. N119726 და N119727 სამართალდარღვევის ოქმები, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.05.2015წ. N15070 ბრძანება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2016წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩვირდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სამეწარმეო საქმიანობის ვიწროდ განმარტა, შესაძლოა პირი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდეს ფორმალური წესების დაუცველად, შესაბამისად, ორგანო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ადგენს სამეწარმეო საქმიანობის არსებობას. განსახილველ შემთხვევაში, ე. ჩ-ა მოგების მიღების მიზნით ახდენდა იმპორტული ხილისა და ბოსტნეულის გადაზიდვას, ამდენად, იგი საჭიროებდა ზედნადების არსებობას, რადგან ტრანსპორტირება ხდებოდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. საქმეში წარმოდგენილი ვიდეო-ჩანაწერიდან დასტურდება ე. ჩ-ას მიერ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევა. ე. ჩ-ამ ვერ დაადასტურა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არამართლზომიერება. ორგანომ სადავო აქტების გამოცემამდე სრულად გამოიკვლია საქმის გარემოებები.

კასატორი მიიჩნევს, რომ არამართლზომიერია სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, რადგან ორგანო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ე. ჩ-ას მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და ამ მიზნით საქონლის ტრანსპორტირება. თუ პირი არ ახორციელებს და არც გეგმავს ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას, რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოიშობა. ორგანომ ვერ წარმოადგინა პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებები ე. ჩ-ას მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დასადასტურებლად. ორგანოს მტკიცებას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში საქონლის ტრანსპორტირების შესახებ ნაკლებ სარწმუნოს ხდის აგრეთვე გადასაზიდი პროდუქციის მცირე ოდენობა. არასწორია სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრება, რომ ვიდეო-ჩანაწერით დასტურდება ე. ჩ-ას მიერ საგადასახადო კოდექსის დარღვევის ფაქტი, რადგან ვიდეო-ჩანაწერში ასახულია მხოლოდ ე. ჩ-ას ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების მიმდინარეობა და მოსარჩელის განმარტებები, რომელიც უარყოფს საქონლის სამეწარმეო მიზნით გადაზიდვას. ორგანო ვერ წარმოადგენს საქონლის პირადი საჭიროების მიზნით ტრანსპორტირების გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სრულიად დაუსაბუთებელია, მისი ძირითადი ნაწილი შედგება ნორმათა ციტირებისგან და არ შეიცავს მითითებებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. საფუძველს მოკლებულია აგრეთვე ორგანოს მითითება მისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების არამართლზომიერების შესახებ, რადგან იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (სსკ-ის 53.1 მუხ.). ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, არ ათავისუფლებს მას მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი