Facebook Twitter

საქმე # 330310016001565058

ბს-656-652(კ-17) 07 დეკემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…“ 20.10.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.06.2016წ. N000987 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 30.09.2016წ. N1-1765 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.06.2016წ. N000987 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 30.09.2016წ. N1-1765 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2017წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არ გაითვალისწინა, რომ შპს-მ სასამართლო პროცესზე დაადასტურა მომავალში ავტოსადგომის მოწყობის მიზანი, ავტოსადგომის მოწყობა კი პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოებს განეკუთვნება. კასატორი თვლის, რომ მიწის მოსწორება, ქვაბულის ამოღება იმთავითვე წარმოადგენს დაგეგმილი მშენებლობის საწყის ეტაპს, რადგან მშენებლობის დაწყება შეუძლებელია აღნიშნული ქმედებების გარეშე, რაც ადასტურებს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. ამასთანავე, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული აქტების უკანონობას, ვერ უთითებს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ის ფაქტი, რომ არქიტექტურის სამსახურის მოსაზრებით, მიწის მოჭრა წინააღმდეგობაში არ მოდის ქალაქგეგმარებასთან, არ ქმნის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საკმარის საფუძველს, რადგან არ გაცემულა სათანადო ნებართვა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ მოახდინა არა მიწის მოჭრა, არამედ ქვაბულის ამოღება, რაც სხვადასხვა ტიპის სამუშაოებია. ქვაბულის ამოღებასთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურს პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ კონკრეტული ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევა შესაძლოა მოხდეს მხოლოდ კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს-მ მოახდინა არა სამშენებლო ქვაბულის ამოღება, არამედ თავის ნაკვეთზე არსებული მიწის შემაღლების მოსწორება, რაც არ ექცევა სამშენებლო საქმიანობის სფეროში. ამდენად, შპს-ს მიერ განხორციელებული ქმედებების არსიდან გამომდინარე, სახეზე არ არის სამართალდარღვევის შემადგენლობა, რაც გამორიცხავს სანქციის დაკისრების შესაძლებლობას. ორგანო ვერ უთითებს კონკრეტულ, განჭვრეტად ნორმაზე, რომლის საფუძველზეც შპს-ს მიერ განხორციელებული ქმედებები შესაძლოა მიჩნეულ იქნეს სამართალდარღვევად. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ არქიტექტურის სამსახურმა ქალაქგეგმარებასთან შესაბამისად მიიჩნია მიწის მოჭრა.

ორგანო მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით ასაბუთებს შპს-ს მიერ ნებართვის აღების საჭიროებას, რომ შპს-ს წარმომადგენლის ზეპირი განმარტების მიხედვით, მოსწორებულ ადგილზე მომავალში სავარაუდოდ იგეგმება ავტოსადგომის მოწყობა. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ ქმნის სახდელის დაკისრების საკმარის, ცხად და განჭვრეტად საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი