Facebook Twitter

ბს-722-718(კ-17) 14 დეკემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ქ-ამ 04.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ მოპასუხის 08.02.2016წ. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2016წ. გადაწყვეტილებით ბ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. გადაწყვეტილებით ბ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.11.2016წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოცემის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება ბ. ქ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ბ. ქ-ასთვის ცნობილი არ იყო მის მიმართ სახდელის გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რადგან ბ. ქ-ას ეცნობა დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ, მისთვის ცნობილი იყო აგრეთვე წარმოების დაწყების საფუძვლის - 04.12.2015წ. N1021070 მოხსენებითი ბარათის შესახებ, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ გენერალური ინსპექციის უფროსისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის გაგზავნილი წერილების შინაარსით, სადაც ბ.ქ-ა უარყოფდა მოხსენებით ბარათსა და გენერალური ინსპექციის დასკვნაში ასახულ ბრალდებებს. ბ. ქ-ას აღნიშნული წერილობითი განმარტებებიდან უტყუარად დგინდება აგრეთვე, რომ იგი იცნობდა გენერალური ინსპექციის მიერ თანამშრომელთათვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტებების შინაარსს, რადგან წერილობით ასაბუთებდა მათ არასარწმუნოობას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სადავო აქტი გამოცემულია ბ. ქ-ას მიერ წარმოების მასალებისა და გენერალური ინსპექციის დასკვნის გაცნობის შემდეგ. ბ. ქ-ა ჩართული იყო სამსახურებრივი შემოწმების პროცესში და მას მიეცა თავისი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია ბ. ქ-ას მიერ ჩადენილ იქნა თუ არა კონკრეტული გადაცდომები: ხელმძღვანელის სამსახურებრივ მითითებათა შეუსრულებლობა, სუბორდინაციის დარღვევა, არაეთიკური ქცევა, კონფლიქტური სიტუაციების შექმნა, თანამშრომელთა მიმართ არაკოლეგიალური დამოკიდებულება, კოლეგების კვალიფიკაციის ეჭვქვეშ დაყენება, სამხედრო მოსამსახურეების შეურაცხყოფა და სხვ., არ შეფასებულა გამოყენებული სახდელის პროცპორციულობა. სააპელაციო პალატა დაეყრდნო მხოლოდ ბ. ქ-ას მიერ წარდგენილ დახასიათებებს, რაც შესაძლოა გათვალისწინებული ყოფილიყო სახდელის ზომის განსასაზღვრად და არა გადაცდომის ჩადენის დადგენის მიზნით. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა წარმოების მასალები და ორგანოს მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები. წარმოდგენილი დახასიათებებიდან ერთი შედგენილია ყოფილი თანამშრომლის მიერ, ორ პირს უფრო ვრცელი განმარტებები მიცემული აქვთ გენერალური ინსპექციისათვის, ერთმა პირმა კი თვითონ თქვა უარი ინსპექციისათვის განმარტების მიცემაზე. გენერალური ინსპექციის დასკვნაში აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია არაერთი თანამშრომლის წერილობითი ახსნა-განმარტებებით. ბ. ქ-ა თავადვე არ უარყოფს, რომ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას არაკომპეტენტურად მიიჩნევს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სააპელაციო პალატამ სათანადო დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის გამოყენებამდე უტყუარად უნდა დადგინდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ზოგადი მითითება გადაცდომის არსებობაზე არ ქმნის სახდელის დაკისრების საკმარის საფუძველს. გენერალური ინსპექციის მიერ თანამშრომელთათვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტებებში არ ხდება მითითება კონკრეტულ გარემოებებზე, დასკვნა არ ეფუძნება დადასტურებად ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება განმარტებების ურთიერთშეუსაბამობა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სახდელის შეფარდების ერთადერთი საფუძველი თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებია, რომლებიც თავისმხრივ ურთიერთსაწინააღმდეგოა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ბ. ქ-ას მიერ გადაცდომის ჩადენის უტყუარად დადასტურების შესახებ. ამასთანავე, გადაცდომის ჩადენის დადასტურების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს და არა სასამართლოს, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატას უნდა დაედგინა ხელმძღვანელის სამსახურებრივ დავალებათა შეუსრულებლობა, სუბორდინაციის დარღვევა, არაეთიკური ქცევა, კონფლიქტური სიტუაციების შექმნა, თანამშრომელთა მიმართ არაკოლეგიალური დამოკიდებულება, კოლეგების კვალიფიკაციის ეჭვქვეშ დაყენება, სამხედრო მოსამსახურეების შეურაცხყოფა და სხვ.. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები თავად ორგანოს უნდა წარმოედგინა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სახდელის დაკისრების შესახებ აქტიდან ერთმნიშვნელოვნად უნდა დგინდებოდეს კონკრეტული სახდელის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები. გენერალური ინსპექციის დასკვნაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითება, არ ათავისუფლებს აქტის გამომცემ ორგანოს სახდელის შეფარდების საფუძვლების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახვისგან, რადგან გენერალური ინსპექციის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის და აქტის გამომცემმა ორგანომ შესაძლოა უარი თქვას მის სრულ გაზიარებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი