Facebook Twitter

#ბს-1014-1010(გ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მოპასუხე _ ვ. მ-ა

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 29 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ვ. მ-ას მიმართ.

მოსარჩელემ ვ. მ-ასთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ 98 093,09 ლარის დაბრუნების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი ვ. მ-ას მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, გადაეცა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნერივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვ. მ-ას შორის გრანტის შესახებ #... და #... ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. ამდენად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის არსებითია დადებული ხელშეკრულების ხასიათი. ხელშეკრულების შესრულებასთან ან/და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადად, თუ იგი ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, მისი შესრულება არ არის დაკავშირებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან. ამდენად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, სადავო ურთიერთობა სამოქალაქო-სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

ადმინისტრაციულმა კოლეგიამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს განჩინებას და 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი, მოპასუხე ვ. მ-ას მიმართ, თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მეორე ნაწილში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისგან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისთვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლით არის მოწესრიგებული.

სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 98 093,09 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 13 იანვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ვ. მ-ას შორის დაიდო გრანტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ვ. მ-ას სასარგებლოდ გადაცემულ იქნა გრანტი 98 093,09 ლარის ოდენობით. გრანტი გაიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონის ბერკლის მუსიკალური კოლეჯის ჯაზ-ვოკალის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. ამდენად, აღძრული დავა გამომდინარეობს 2012 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებიდან.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნაა - გრანტის სახით მოპასუხისთვის გადაცემული თანხის 98 093,09 ლარის დაბრუნება.

სასამართლომ მიუთითა „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს საქართველოს სამინისტრო.

სასამართლოს მითითებით, 2012 წლის 13 იანვრის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება დაიდო „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის #58 დადგენილების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის #58 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ასევე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმის ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის #970 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით - პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებები მიმართოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისა და სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმის ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისა და ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსებისათვის.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.

სასამართლოს მითითებით, გრანტს ახასიათებს მიზნობრიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონის ბერკლის მუსიკალური კოლეჯის ჯაზ-ვოკალის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა. ამდენად, ხელშეკრულება დაიდო ვ. მ-ას საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.

„საქართველოს განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო გრანტის გაცემა წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას. შესაბამისად, სახელმწიფო გრანტის გაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2012 წლის 13 იანვრის ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღძრული დავა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და შესაბამისად, მის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანების), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

მოცემულ დავაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მოპასუხე მხარეს - ვ. მ-ა, ხოლო დავის საგანია - ვ. მ-ასთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ 98 093,09 ლარის დაბრუნების დავალება.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი გამომდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვ. მ-ას შორის დადებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის მხარეებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, და მეორე მხრივ - ვ. მ-ა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანია გრანტი 98 093,09 ლარის ოდენობით, რომელიც გაიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონის ბერკლის მუსიკალური კოლეჯის ჯაზ-ვოკალის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით; ხოლო ამავე კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოპასუხე ვ. მ-ასთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ 98 093,09 ლარის გადახდის დაკისრებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვ. მ-ას შორის დადებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს; ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება დაიდო „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის #58 დადგენილების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის #58 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ასევე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმის ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის #970 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით - პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებები მიმართოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისა და სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმის ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისა და ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსებისათვის.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სწორად განმარტა, რომ გრანტს ახასიათებს მიზნობრიობა, ანუ იგი გაიცემა განსაზღვრული მიზნის მისაღწევად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოსტონის ბერკლის მუსიკალური კოლეჯის ჯაზ-ვოკალის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა. ამდენად, ხელშეკრულება დაიდო ვ. მ-ას საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.

„საქართველოს განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო გრანტის გაცემა წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობა, რაც „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის #58 დადგენილების თანახმად საჯარო სამართლებრივი ხასიათისაა.

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად მიიჩნია სახელმწიფო გრანტის გაცემის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვ. მ-ას შორის დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, რის გამოც მოცემული საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი