Nბს-632-628(გ-17) 18 იანვარი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქე ნ. ხ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთავის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ხ-ემ 12.07.2016წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის, კ. კ-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამხარეო სამმართველოს 22.08.2012წ. Nტ-3/1459 წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კ. კ-ეს შორის 14.09.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენეტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 29.08.2012წ. N882012593681-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 30.10.1989წ. გარდაბნის საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით მის ოჯახს გამოეყო კრწანისის დასახლებაში მდებარე ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინა, გაიცა N959 ორდერი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 22.08.2012წ. Nტ-3/1459 წერილით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს მოსარჩელისათვის გადაცემული ბინის სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების მოთხოვნით. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა დოკუმენტების გადამოწმების და შესწავლის გარეშე დაარეგისტრირა ქონება სახელმწიფო საკუთრებად. 14.09.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით აღნიშნული ქონება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პირდაპირი მიყიდვის წესით, ერთ ლარად, მიყიდა კ. კ-ეს. მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მხოლოდ 22.08.2012წ. Nტ-3/1459 წერილის საფუძველზე სადავო ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების უფლება არ ჰქონდა, ორგანო ვალდებული იყო გადაემოწმებინა უძრავ ნივთზე სხვა პირის უფლების არსებობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 15.07.2016წ. განჩინებით მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი. 22.08.2016წ. წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისი და კ. კ-ე. 12.12.2016წ. ნ. ხ-ემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოპასუხეებად დაასახელა საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და კ. კ-ე. ნ. ხ-ემ დამატებით მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 11.09.2012წ. განკარგულების ბათილად ცნობა. მოგვიანებით მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სადავო ქონების ნ. ხ-ის სახელზე დარეგისტრირების დავალება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 16.01.2017წ. განჩინებით ნ.ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლზე, სასკ-ის 26-ე მუხლზე, სსსკ-ის 394 „ა’’ მუხლზე, მე-15 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველია. განსჯადობის საერთო წესის თანახმად, სარჩელის წარდგენა ხდება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში დაზუსტებულ სარჩელში დასახელებული მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. მხარე ასაჩივრებს აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას, ამ მოთხოვნის ნაწილში მოპასუხედ დასახელებულ უნდა იქნეს არა სააგენტო არამედ ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისი, თუმცა მოპასუხეთა წრის დაუზუსტებლობა მოცემულ საქმეს არ აქცევს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადად, რადგან მოსარჩელისთვის ზიანის მომტანი აქტების გამომცემი უწყებები ტერიტორიულად მდებარეობენ ქ. თბილისში. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ძირითად აქტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა სადავო უძრავი ნივთის სხვა პირის საკუთრებაში აღრიცხვა, გამოცემულია სწორედ იმ მოპასუხეთა მიერ, რომელთა ადგილსამყოფელი ქ. თბილისშია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2017წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...’’, ხოლო სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე - ც.ძ-ე და ი.ხ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 29.06.2017წ. განჩინებით ნ.ხ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, სსსკ-ის მე-15, მე-18, მე-20 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საერთო და ნივთობრივი განსჯადობის წესს, ამასთან, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. განსახილველ შემთხვევაში განსჯადი სასამართლო არის როგორც თბილისის საქალაქო სასამართლო (მოპასუხეთა ადგილსამყოფლის მიხედვით), ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლო (უძრავი ნივთის მდებარეობის მიხედვით), რაც მოსარჩელეს აძლევს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ გამოიყენა მისთვის სსსკ-ის მე-20 მუხლით მინიჭებული უფლება და დავის გადასაწყვეტად მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რითაც საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი გახდა რუსთავის საქალაქო სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამასთანავე, ადმინისტრაციის ცენტრალიზმის შედეგად განსჯადობის ზემოაღნიშნული წესი ხშირ შემთხვევაში იწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, რაც განაპირობებს ამ წესისაგან გამონაკლისების გათვალისწინებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავდაპირველი (ტ.1, ს.ფ. 5) და დაზუსტებული (ტ.1, ს.ფ. 57) სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 22.08.2012წ. Nტ-3/1459 წერილის, აგრეთვე სოფ. ... ... დასახლების მე-18 კორპუსის, ბინა 64 ნასყიდობის ხელშეკრულების, აგრეთვე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 29.08.12წ. N882012593681-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. მეორე დაზუსტებული სარჩელით (ტ.1, ს.ფ. 173) მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 22.08.2012წ. Nტ-3/1459 წერილის არარად აღიარება, საქართველოს პრეზიდენტის 11.09.2012წ. განკარგულების ბათილად ცნობა, 14.09.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 29.08.2012წ. N882012593681-03 გადაწყვეტილებისა და 12.09.2012წ. N882012796312-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მის სახელზე უძრავი ქონების დარეგისტრირება. სადავო აქტები და ხელშეკრულება საფუძვლად დაედო სოფ. ... მდებარე ბინის ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში კ. კ-ის სახელზე დარეგისტრირებას. ნ. ხ-ე მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტებით არსებითად ილახება მისი საკუთრების უფლება, რადგან სადავო ბინა გარდაბნის აღმასკომის 30.10.1989წ. გადაწყვეტილებით სწორედ მის ოჯახს გადაეცა. ამდენად, დგინდება, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობით მოსარჩელეს სურს მიეცეს თავის სახელზე საცხოვრებელი ბინის საჯარო რეესტრში აღრიცხვის შესაძლებლობა. სარჩელის მიზანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს სურს არა მხოლოდ სადავო აქტების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, არამედ ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებით (მიკუთვნებითი სარჩელი(სასკ-ის 23-ე მუხლი)). უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტაციის შესახებ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ.), სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონალური ოფისი და ფილიალი (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 6.2 მუხ.), რომლებიც თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებენ სააგენტოს ფუნქციებს (დებულების 30.1, 31.1 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებად დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. ამდენად, წარდგენილ განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების ჩატარებას და შემდგომში აქტის გამოცემას ახდენს არა უშუალოდ სააგენტო, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, სწორედ ტერიტორიულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, მეზობელთა გამოკითხვა და სხვ.. ამდენად, დავის განსჯადობის საკითხი არ წყდება სააგენტოს ადგილმდებარეობის მიხედვით, მით უფრო, რომ რეგისტრაციის შესახებ ტერიტორიული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ საჩივრდება, მისი ბათილად ან არარად ცნობის შესახებ მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია სასამართლოში („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება ნივთობრივი განსჯადობის წესები, სსკ-ის 18.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელის მიზნის, სარჩელის წარმოებაში მიმღები სასამართლოს გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ სადავო უძრავი ნივთი მდებარეობს გარდაბანში, სოფ. .... ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.07.2007წ. №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. აღნიშნული გადაწყვეტილების 33.2 მუხლით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. ამდენად, როგორც უძრავი ნივთი, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე სააგენტოს უფლებამოსილების განმახორციელებელი ტერიტორიული სამსახურები - ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისი (მის:ქ. რუსთავი, ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორია) და გარდაბნის ფილიალი (მის: გარდაბანი, ლესელიძის ქ. 1) მდებარეობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რის გამოც დავა ტერიტორიულად სწორედ მისი ქვემდებარეა. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე ცხოვრობს აგრეთვე ერთ-ერთი მოპასუხე - კ.კ-ე. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ხ-ემ სარჩელის აღძვრისას სწორედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე რამოდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლებამოსილება ეკუთვნის მოსარჩელეს (სსკ-ის მე-20 მუხ.), აღნიშნული ეხება იმ შემთხვევას, როდესაც თანამოპასუხეები არიან სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული ორგანოები ან ერთიანი სისტემის ზედა და ქვედა სტრუქტურები. ამდენად, დავა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადია, რადგან მოსარჩელემ აღნიშნული სასამართლო აირჩია.
საფუძველს მოკლებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მითითება იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის აქტის გასაჩივრების გამო მოპასუხედ უნდა დასახელდეს ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისი. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმეში დაცული მოსარჩელის წარმომადგენლის 19.12.16წ. განცხადება, შეტანილი რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოპასუხედ დასახელდა ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისი, მდებარე მისამართზე - ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. 29ა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი შეიცავს რამოდენიმე სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამდენად, საფუძველს არის მოკლებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 16.01.17წ. განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიმართ პირდაპირი და უშუალო ზიანის მომტანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 22.08.12წ. წერილი და საქართველოს პრეზიდენტის 11.09.12წ. განკარგულება. ტერიტორიულ განსჯადობას არ ცვლის აგრეთვე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ცენტრი თავისი ფუნქციების შესრულებისას წარმოადგენს სააგენტოს. საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-6 მუხლის შესაბამისად, სააგენტო თავის უფლებამოსილებებს განახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, მომსახურების ცენტრების ტიპიური დებულება მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. „სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 01.05.2013წ. N1-1/107 ბრძანების თანახმად, ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში (რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა). ამდენად, ცენტრი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კომპეტენციას მიკუთვნებულ შესაბამის ღონისძიებებს. „სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მომსახურების ცენტრის დებულების“ თანახმად, ცენტრი ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას სააგენტოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში (1.4, მე-2 მუხ. „ა“ ქვეპუნქტი), ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში (მე-2 მუხ. „ზ“ ქვეპუნქტი), ცენტრის უფროსი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში (მე-3 მუხ. „ე“ ქვეპუნქტი). ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ერთეულის მიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული დავის ტერიტორიული განსჯადობა სადავო აქტის გამომცემი ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში ცენტრის ადგილმდებარეობის მიხედვით წყდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ხ-ის სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე,
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ.როინიშვილი