N330310015715336
ბს-650-646(კ-17) 18 იანვარი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ყ-მა 04.02.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ე. ყ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 05.01.2015წ. N01/1 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ე. ყ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ აქტის გამოცემის დავალება და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.02.2015წ. გადაწყვეტილებით ე. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 05.01.2015წ. N01/1 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ე. ყ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2017წ. განჩინებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.02.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მოქმედებდა კანონის ფარგლებში და მას ჰქონდა რეალური საფუძველი განეხორციელებინა შემცირება სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის გამო. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ ე. ყ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ერთადერთი საზომი იყო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება, რამდენადაც ე. ყ-ის სამუშაო ფუნქციებიდან გამომდინარე, დამდგარი შედეგი იყო უალტერნატივო, ე. ყ-ი დასაქმებული იყო მინისტრის ... პოზიციაზე, იგი წარმოადგენდა მინისტრის აპარატის დაქვემდებარებაში მყოფ კადრს, თანაშემწის საქმიანობა განსხვავდება სამინისტროს სხვა თანამშრომელთა საქმიანობისაგან, რამდენადაც თანაშემწე თავისი ფუნქციებით და ამოცანებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შემსრულებელია, ესწრება ყველა შეხვედრას, თათბირს და მნიშვნელოვნად არის ჩართული მათ საქმიანობაში. კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ ე. ყ-ის განთავისუფლებამდე, მისმა უშუალო ხელმძღვანელმა - მინისტრის მოადგილემ დატოვა თანამდებობა, ამდენად, მას აღარ ჰყავდა უშუალო უფროსი, არ ჰქონდა შესასრულებელი დავალებები, აღნიშნული გარემოება მოსარჩელესაც არ გაუხდია სადავოდ, ამდენად, სამინისტრო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გამოირიცხა ე. ყ-ის სამინისტროში შემდგომი დასაქმების პერსპექტივა, სამინისტროს არ ესაჭიროებოდა კადრი და სწორედ ამის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ. კასატორი მიიჩნევს, რომ შესაძლო მისაღები გადაწყვეტილებებიდან სამინისტროს არ აურჩევია ისეთი სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონით არ იყო გათვალისწინებული, სადავო ბრძანების მიღებისას დარღვეული არ ყოფილა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი 31.10.1997წ. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი ადგენდა დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას გაეთვალისწინებინა ატესტაციის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება (96.3 მუხლი), ამდენად, ნორმის შინაარსი ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებას. შტატების შემცირება არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიციური კადრით დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება, დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს მისი მიზნის შესაბამისად (სზაკ-ის 6.2 მუხ.). შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს, ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, მისაღები გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებამაც ადმინისტრაციული ორგანო უნდა მიიყვანოს საკითხის სწორად გადაწყვეტამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. ყ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება და არა გაუქმება (სამინისტროს ცენტრალური აპარატის ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცებით თანაშემწეთა რაოდენობა შემცირდა 6-დან 4-მდე), ამ პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა სამსახურებრივ მოთხოვნებთან მინისტრის აპარატის თანამშრომელთა შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმებით და კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო გადაწყვეტილების მიღება, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ე. ყ-ის მიმართ გათვალისწინებულ ზომებს არ უნდა გამოეწვია მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებდა უფლებამოსილებას, მოეხდინა თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიეღო შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში რეორგანიზაციის შედეგად, გამოირიცხა ე. ყ-ის სამინისტროში შემდგომი დასაქმების პერსპექტივა, რამდენადაც ე. ყ-ის განთავისუფლებამდე, მისმა უშუალო ხელმძღვანელმა - მინისტრის მოადგილემ დატოვა თანამდებობა და ე. ყ-ს აღარ ჰყავდა უშუალო უფროსი, არ ჰქონდა შესასრულებელი დავალებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. ყ-ი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დანიშნული იყო მინისტრის აპარატის თანაშემწის თანამდებობაზე, ამასთანავე, სადავო ბრძანებით მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება, ამასთანავე ახალი საშტატო ნუსხით უცვლელად დარჩა მინისტრისა და მისი მოადგილეების რაოდენობა. ამ პირობებში, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ არ დასტურდება სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ე. ყ-ის მიმართ აქტის გამოცემისას, ვერ დგინდება, გაითვალისწინა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ ე. ყ-ის გათავისუფლებისას მისი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაციის ხარისხი, არ დასტურდება ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ადმინისტრაციის მიერ ე. ყ-ის შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის, კოლეგიალურობის, კრეატიულობის, თანამშრომლობის უნარის, რეპუტაციის და სხვ. გარემოებების შეფასება და ასეთი შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი