Facebook Twitter

ბს-710-706(2კ-17) 18 იანვარი, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...“ 01.09.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 05.12.2014წ. N081-92 საგადასახადო მოთხოვნის, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.05.2015წ. N17979 ბრძანების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.08.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.04.2016წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.02.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.05.2015წ. №17979 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...“ საჩივარი სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ნაწილში თანხების კორექტირებაზე და მშენებარე საცხოვრებელ სახლში ბინების რეალიზაციის დაბეგვრაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 05.12.2014წ. N081-92 საგადასახადო მოთხოვნა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2017წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ მშენებარე ბინების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებების მიხედვით საკუთრების წარმოშობა არ არის დამოკიდებული რაიმე დამატებითი პირობების დადგომაზე, მყიდველს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე წარმოეშვა ფართზე შეუზღუდავი საკუთრება. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-თი დასაბეგრი ოპერაცია არის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების რეალიზაციისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე, − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულება არ შეიცავდა რაიმე დათქმას ან სამომავლო პირობას. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელია მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და არა ნივთის გადაცემა. გადასახადის გადამხდელმა თვითონ აქცია მშენებარე ბინები სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად, შესაბამისად მათი გასხვისებისთანავე უნდა მომხდარიყო ნასყიდობის ფასის დაბეგვრა. კასატორთა მოსაზრებით არასწორია აგრეთვე სასამართლოს მითითება, რომ საგადასახადო კოდექსის 20.4 მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო არ იყო უფლებამოსილი დაებეგრა შპს „...“ მიერ შესრულებული სამუშაოები.

კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დამატებით აღნიშნა, რომ შპს „...“ მიერ საინვესტიციო პირობით განხორციელებული მომსახურება არის ნასყიდობის საგნის ღირებულების შემადგენელი ნაწილი, აღნიშნული სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარჩელე საკუთრებას ვერ მიიღებდა. ქონებაზე საკუთრების მისაღებად საჭირო იყო არა მხოლოდ კონკრეტული თანხის გადახდა, არამედ ხელშეკრულებაში მითითებული მომსახურების სახელმწიფოსათვის გაწევა, რაც ნიშნავს, რომ ეს ორი კომპონენტი ერთობლივად ქმნიდა ნასყიდობის ფასს, შესაბამისად, შპს-მ სწორად მოახდინა მომსახურების ღირებულების დეკლარაციაში ასახვა და დაბეგვრა. ხელშეკრულებაში ასახული მითითება, რომ სახელმწიფოსათვის მომსახურების გაწევა ხდება უსასყიდლოდ ნიშნავს მხოლოდ შპს-ს მიერ მომსახურების საკუთარი ხარჯით გაწევას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ 25.02.2008წ. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „...“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით შპს-ს მიერ სახელმწიფოსათვის მომსახურების გაწევა უნდა მომხდარიყო უსასყიდლოდ, რაც სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 20.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით გამორიცხავდა მიწოდებული მომსახურების დაბეგვრას. აღნიშნულის მიუხედავად შპს-მ მოახდინა მომსახურების ღირებულების დეკლარაციაში ასახვა და შესაბამისი გადასახადის გადახდა, რაც ორგანოებმა, შპს-ს არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას არ გაითვალისწინეს. საგადასახადო ორგანოებს შპს-ს პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის დარიცხვისას უნდა ეხელმძღვანელათ საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, გადამხდელს უფლება აქვს დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.08.2015წ. გადაწყვეტილებაში ასახულ საბჭოს მოსაზრებაზე. გადაწყვეტილებაში საბჭომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მშენებარე ფართი არ იყო ბოლომდე აშენებული, ფართი არ იმყოფებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებულ მდგომარეობაში, საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით კი მოგების გადასახადითა და დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციად განიხილება მხოლოდ ფაქტობრივად განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება. ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები უნდა დაქვემდებარებოდა გადაანგარიშებას. მიუხედავად ამისა, საქმის მასალებით არ დასტურდება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ზემდგომი ორგანოს აღნიშნული მითითების სათანადოდ გათვალისწინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი