Facebook Twitter

ბს-824-820(კს-17) 18 იანვარი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,...’’

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 08.05.2017 წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...“-მა 27.04.15წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარებს სამინისტროს, ქ.ბათუმის მერიის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 260 061 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.05.2015წ. განჩინებით შპს ,,...’’-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2015წ. განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2015წ. განჩინებით შპს ,,...’’-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

შპს ,,...’’-მა 02.03.2016წ. წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოითხოვა შპს „...“ სასარგებლოდ მოპასუხეთათვის 1 039 000 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...“-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, შპს-ს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.04.2017წ. განჩინებით აპელანტს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან საჯარო რეესტრიდან ისეთი ამონაწერის წარდგენა, რომლითაც დადგინდება, რომ შპს-ს ქონება არ ერიცხება. აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

24.04.2017წ. შპს „...-ის“ წარმომადგენელმა რ. ფ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა საჯარო რეესტრის მიერ 24.04.2017წ. გაცემული ცნობა, რომლის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით შპს „...-ის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის, ამასთანავე, საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელწოდების მიხედვით, სასურველია წარდგენილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.05.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ცნობა საჯარო რეესტრიდან იმის შესახებ, რომ შპს-ს სახელზე არ ირიცხებოდა რაიმე უძრავი ქონება არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას, რადგან საჯარო რეესტრის განმარტების თანახმად საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით, გარდა ამისა, საქმის მასალებით დადასტურდა, რომ შპს „...-ს“ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, შესაბამისად არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს ,,...-ის“ მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს, არ აქვს ქონება და რაიმე შემოსავალი. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნილი აპელანტის სახელზე რიცხული ქონების შესახებ ცნობა სააჯარო რეესტრიდან სასამართლოში დადგენილ ვადაში იქნა წარდგენილი, შპს-მ შეასრულა სასამართლოს მოთხოვნა, ცნობიდან ჩანს, რომ შპს-ს საკუთრებაში არ ერიცხება უძრავი ქონება, ამდენად, შპს-მ პროცესუალურად შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც ქმნიდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველს. აღნიშნულის მიუხედავად წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. განუხილველობის მართლზომიერებას არ ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით - 5000 ლარის გადახდა, რადგან აღნიშნული თანხა სესხად იქნა აღებული შპს-ს დირექტორის მეგობრისაგან. გასათვალისწინებელია, რომ შპს ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი ლახავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს ,,...’’-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 თავი აწესრიგებს პროცესის ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს.პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (სსკ-ის 37-ე მუხ.). ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის. ამდენად, სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანია, თუმცა კანონმდებლობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონი) ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან მხარეთა განთავისუფლების და სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესაძლებლობას. სსკ-ის 48.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია გადაუვადოს მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, სწორედ მხარემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, შპს „...“ სააპელაციო ინსტაციაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს, არ გააჩნია რაიმე შემოსავალი ან ქონება, სააპელაციო საჩივარზე თანდართული არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.02.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, შპს-ს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 7 000 ლარის გადახდა. 20.03.2017წ. შპს-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, განმეორებით აღნიშნა, რომ შპს არ ფუნქციონირებს, ფირმას ან ფირმის დირექტორს რაიმე ქონება არ გააჩნია, შპს-ს არ აქვს საბანკო ბრუნვა. აღნიშნულის დასადასტურებლად შპს-მ განცხადებას დაურთო ამონაწერი „...“ არსებული პირადი ანგარიშიდან. სააპელაციო პალატის 03.04.2017წ. განჩინებით ხარვეზი არ იქნა მიჩნეული შევსებულად, შპს-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან საჯარო რეესტრიდან ისეთი ამონაწერის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება, რომ შპს-ს სახელზე არ ირიცხება რაიმე ქონება. 24.04.2017წ. შპს-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და წარადგინა საჯარო რეესტრის მიერ 24.04.2017წ. გაცემული ცნობა, რომლის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით შპს „...-ის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის, ამასთანავე, საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელწოდების მიხედვით, სასურველია წარდგენილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია. სააპელაციო პალატის 08.05.2017წ. განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის განმარტების მიხედვით, წარდგენილი ცნობა არ იძლევა შპს-ს საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას, ამასთანავე შპს-ს პირველი ინტანციის სასამართლოში გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი.

სსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. განსახილველ შემთხვევაში შპს-ს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის ან საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ცნობის წარდგენა, რაც შპს-ს მიერ ფორმალურად განხორციელდა, - მან სააპელაციო პალატაში წარადგინდა საჯარო რეესტრიდან ცნობა, რომლის თანახმად, შპს-ს სახელზე არ ირიცხება რაიმე ქონება, აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ცნობა არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის სათნადო მტკიცებულებას, რადგან საჯარო რეესტრის განმარტების თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ პირის სახელწოდების მიხედვით, არ ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკმარის საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ მხარეები (სსკ-ის 103.1 მუხ.), თუმცა მტკიცებულებათა შეფასება საკმარისობისა და სათანადოობის კუთხით სასამართლოს პრეროგატივაა, ამასთანავე, სასამართლო აღჭურვილია შესაძლებლობით შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა (სსკ-ის 103.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში მართალია შპს-მ ფორმალურად შეასრულა სასამართლოს დავალება, - წარადგინა ცნობა, რომლის მიხედვით მის სახელზე არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება, თუმცა მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ცნობის შინაარსის გათვალისწინებით, უტყუარად არ დასტურდება შპს-ს მძიმე მატერიალური მდგომარეობა. აღნიშნულის მიუხედავად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცნობის წარდგენა ქმნიდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების, მხარისათვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შეთავაზების და არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის საკუთრებაში უძრავი ნივთის არქონა ან მხოლოდ ერთი პირადი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი იმთავითვე არ ადასტურებს მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობს, მით უფრო მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში, როდესაც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში არსებული რეგისტრაცია აქტიურია და არ არის დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. პალატა მიჩნევს, რომ შპს-ს მატერიალური მდგომარეობის ამსახველი სარწმუნო დოკუმენტაცია დაცულია საგადასახადო ორგანოებში, სადაც სრულად უნდა მოიპოვებოდეს მეწარმის წლიური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია შპს-ს მიერ სააპელაციო ინსტანციაში წარდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკმარის საფუძველს, თუმცა შპს-ს მიერ სასამართლოს დავალების ფორმალურად შესრულების პირობებში, სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 64-ე, 103-ე მუხლებით და არ უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „...-ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და:

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „...-ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2017 წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

2. საქმე შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი