Facebook Twitter

N330310016001528817

ბს-842-838(კ-17) 18 იანვარი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. მ-ამ 04.10.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 03.02.2016წ. N586 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.12.2016წ. გადაწყვეტილებით ს. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 03.02.2016წ. №586 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ და მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.12.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს, ის ფაქტი, რომ ს. მ-ა სადავო ფართში ფაქტობრივად არ ცხოვრობდა, მონიტორინგის თანამშრომლების მიერ მოკვლეული ინფორმაციის გარდა, დასტურდება მოსარჩელის მამის - ზ. მ-ას განმარტებით. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს მიზანს წარმოადგენდა დადგენილი წესის შესაბამისად, სასტუმროში ფაქტობრივად მცხოვრები სწორედ იმ დევნილი ოჯახების გამოვლენა, რომლებიც წლების განმავლობაში იძულებით ცხოვრობდნენ ნგრევად შენობაში, საცხოვრებლად გაუსაძლის პირობებში, რამდენადაც არ გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. კასატორი აღნიშნავს, რომ ს. მ-ას, როგორც დევნილის დროებით საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს "...", თუმცა სამინისტროს მიერ ობიექტზე ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების გამოვლენის მიზნით განხორციელებული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ს. მ-ა არ ცხოვრობდა ფაქტობრივად მისამართზე, იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. ზუგდიდში, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, რომელიც 31.08.2015წ. გაასხვისა ბიძის - ვ. მ-ას სახელზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე რეალურად არ იყენებდა სახელმწიფოს მიერ მისთვის გამოყოფილ საცხოვრებელ ფართს და ალტერნატიულ საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის გამო, მას ამ ეტაპზე უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, სამინისტრომ პრიორიტეტი მიანიჭა დევნილთა იმ ოჯახებს, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მათი რეგისტრაციის ადგილზე და სხვა თავშესაფარის არქონის გამო, მეტად საჭიროებდნენ განსახლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სამინისტროს მხრიდან კონკრეტული შემოწმების დღეს მოსარჩელის მისამართზე არყოფნის ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ დასკვნის გაკეთების ერთადერთი საფუძველი, საქმის მასალებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ს. მ-ას ... ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი დაადგინა მხოლოდ ერთჯერადი შემოწმების შედეგად, შემოწმების ოქმში მითითებულია, რომ მონიტოგრინგის დროს, ს. მ-ა იმყოფებოდა ერევანში, თუმცა არ იქნა გამოკვლეული, მან საქართველოს საზღვარი როდის გადაკვეთა და რამდენი ხნის განმავლობაში, რა მიზნით იმყოფებოდა ერევანში. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენდა ს. მ-ას ფაქტობრივად ცხოვრება ქ. ზუგდიდში, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში. საქმეში წარმოდგენილი 27.07.2011წ. ჩუქების ხელშეკრულებით დგინდება, რომ ვ. მ-ამ ს. მ-ას აჩუქა ზუგდიდში, ... ქ.N5-ში მდებარე უძრავი ქონება, თუმცა საქმეზე ასევე წარმოდეგნილია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, იმავე ქონების მესაკუთრე 2015 წლის 24 აგვისტოდან არის ვ. მ-ა. ამდენად, უდავოა, რომ სადავო აქტის გამოცემისას ს. მ-ას საკუთრებას აღარ წარმოადგენდა ქ. ზუგდიდში მდებარე ქონება, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ვ. მ-ას საკუთრებაში მითითებული უძრავი ქონების არამართლზომიერად (მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე) გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება. საყურადღებოა ასევე საქმეში წარმოდგენილი, თბილისის "..." ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა წერილობითი განმარტებები, რომლითაც ისინი ადასტურებენ ს. მ-ას 1994 წლიდან დღემდე მუდმივად ცხოვრებას "...". ამასთანავე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, გამოკვლევას უნდა დაქვემდებარებოდა ის გარემოება თუ რა მიზეზით შეიძლებოდა პირი მისამართზე არ ყოფილიყო, იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტად არის აღიარებული და შესაძლოა მასში მცხოვრები პირის მდგომარეობა დროებით არ იძლეოდა ბინაში ცხოვრების საშუალებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ს. მ-ასთან მიმართებაში სამინისტროს ყოველმხრივ და სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საკითხი იმის შესახებ, გააჩნია თუ არა მას სხვა გრძელვადიანი საცხოვრებელი, რეგისტრაციის ადგილის გარდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.08.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი