Facebook Twitter

№ბს-1174-1168(კს-17) 30 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე ნუგზარ სხირტლაძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „...“ (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ. ი-ი (მოსარჩელე)

მოპასუხეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ბ. ი-მა 2017 წლის 30 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 იანვრის №101 განკარგულება განაშენიანების კოეფიციენტის და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების მიზნით სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 თებერვლის №1088165 გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ; სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 31 მარტის №1182140 ბრძანება პროექტის შეთნხმების შესახებ, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის №226248 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 25 მაისის №1-1182 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე სარჩელით მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაერთო შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით ა. ბ. ი-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ა. ბ. ი-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი განჩინება; ა. ბ. ი-ის შუამდგომლობა - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილდა; შეჩერდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 იანვრის №101 განკარგულების, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 თებერვლის №1088165 გადაწყვეტილების, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 31 მარტის №1182140 ბრძანების, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის №226248 ბრძანების მოქმედება საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.

შპს „...-მა“ 2017 წლის 4 დეკემბერს კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ სარჩელის აღძვრის მომენტშიც და დღესაც სამშენებლო სამუშაოები, რომელთაც სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა, დასრულებულია, ასევე სრულადაა ათვისებული კ2 კოეფიციენტი, რადგან კორპუსის სართულიანობის მშენებლობა და გადახურვის მოწყობა დასრულდა დაახლოებით 1 წლის წინ. შესაბამისად, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებით არ ხდება მხარეების ინტერესების დაბალანსება და მომავალში, მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების დადგომის შემთხვევაში, არაა უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან არ შეიძლება მშენებლობის დასრულება მშენებლობადასრულებულ ობიექტზე ემსახურებოდეს რაიმე მიზანს, გარდა იმისა, რომ ვერ შეძლოს მესამე პირმა არქიტექტურული პროექტის კორექტირება და ვერ შეასრულოს მყიდველთან დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, ასევე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ვალდებულება - მშენებლობადასრულებული ობიექტი ჩააბაროს ექსპლუატაციაში, აღნიშნული შეზღუდვით ზიანდება მხოლოდ მესამე პირი, რის სანაცვლოდ არაფრის უზრუნველყოფა არ ხდება.

საჩივრის ავტორი მიუთითებდა საჩივარზე თანდართულ ამონაწერებზე საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ 35 ერთეული უძრავი ქონება გადაფორმებულია შესაბამისი მესაკუთრეების სახელზე, საიდანაც 12 მათგანი დატვირთულია საბანკო იპოთეკით, 6 ერთეულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებულია უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება და კომპანიას ვალდებულება აქვს აღებული ნასყიდობის სრულად დაფარვისთანავე გადააფორმოს ისინი საკუთრებაში, რიგი მესაკუთრეების მიერ ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები, შენობა-ნაგებობაში შეყვანილია ელექტროენერგია და წყალი.

საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავდა, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ხელყოფს არა მხოლოდ მესამე პირის, არამედ, სრულიად დამოუკიდებელი პირების ინტერესებს, საუბარია მესაკუთრეებზე. გაუგებარია, მოსარჩელის მოთხოვნის არსი, მაშინ როცა ითხოვს დაახლოებით 102 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას ზუსტად იმავე საფუძვლით რითაც სამოქალაქო დავაზე მის სასარგებლოდ უკვე დაყადაღებულია 103 კვ.მ. უძრავი ქონება და გაუგებარია რა მიზანს და რომელი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება ეს მოთხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, თუმცა საკითხი იმის თაობაზე, თუ რა წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რეგლამენტირებულია სამოქალაქო

საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში, რომელიც ადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების საფუძვლებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი

ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება),

რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. (4.05.2010 N 3035); თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ

საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის

დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

საჩივრის ავტორის პოზიცია სავარაუდოდ ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს, რომელიც საქმის წარმოების განახლებას უკავშირებს ისეთ გარემოებას, რომელიც მხარისათვის ცნობილი გახდა და ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ტიპის გარემოებებად ვერ შეფასდება ის საკითხი, რომ სადავო აქტი აღსრულებულია, ანუ მშენებლობა დასრულებულია.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება ხდება სწორედ იმ პირობებში, როდესაც საკითხი ეხება აღსრულებული აქტის შეჩერების საკითხს, რასაც წინამდებარე შემთხვევაში აქვს ადგილი. რაც შეეხება საჩივარში წარმოდგენილ მოსაზრებებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გაუმართლებლად ილახება მესამე პირთა უფლებები, აღნიშნული წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების რევიზირებას, რაც დასაშვებია მხოლოდ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობის პირობებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით განსაზღვრულ არც ერთ საფუძველზე, რის გამოც შპს „...“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, რომ იმის მიუხედავად, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მესამე პირად ჩააბა საქმეში შპს „...“ აღნიშნულის თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2017 წლის 1 დეკემბერს, როდესაც ჩაჰბარდათ საქმის მასალები და ცნობილი გახდა, რომ ა. ბ. ი-ი ითხოვდა სადავო აქტების ბათილობას. 2017 წლის 1 დეკემბერსვე გახდა ცნობილი, რომ სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის განჩინება, რომლითაც უარი განუცხადეს მოსარჩელეს სადავო აქტების შეჩერებაზე. შესაბამისად, 2017 წლის 24 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მიერ შეჩერდა გასაჩივრებული აქტების მოქმედება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისიდან 2017 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც იხილავდა ა. ბ. ი-ის კერძო საჩივარს არ გადაუგზავნია საქმის მასალები მესამე პირისთვის, რითაც შპს „...“ მოესპო საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულმა კი განაპირობა ის, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ მითითებულ ტყუილს, იმასთან დაკავშირებით, რომ „მშენებლობა უკვე დაიწყო და თუ არ იქნება გამოყენებული სადავო აქტების მოქმედების შეჩერება მშენებლობა დასრულდება“. ეს ყველაფერი იმ პირობებში რომ რეალურად სადავო მშენებლობა დასრულდა ჯერ კიდევ ერთი კალენდარული წლის წინ. გარდა ამისა, არაერთი გარემოება ადასტურებდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სრულ არალერევანტურობას და ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ შპს „...“ დამაზიანებელ ფაქტობრივ ვითარებას, რომელშიც ერთადერთ ხეირს იღებს მოსარჩელე, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მესამე პირს შეეზღუდა დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში ჩაბარების შესაძლებლობა მინიმუმ 2 წლით.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მათ მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი შეიცავდა სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველზე, რამდენადაც საქმის განხილვის ეტაპზე მესამე პირს წაერთვა შესაძლებლობა წარედგინა მისი პოზიცია ორი მიზეზით: 1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ შეძლო მისის ინფორმირება 2017 წლის 1 დეკემბრამდე; 2. სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის განხილვისას არ გადაუგზავნა/არ შეატყობინა მხარის მიერ წარდგენილი საჩივრის შესახებ და არ მიეცა შესაძლებლობა ეპასუხა მისი ნაწილობრივ ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებულ პოზიციაზე. ასევე მათ მიერ წარდგენილ იქნა იმგვარი მტკიცებულებები, რაც ერთმნიშვნელოვნად იძეოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ საფუძველს.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შენობას პირველიდან უკანასკნელი სართულის ჩათვლით ჰყავს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრეები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესს ადგება ზიანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ვერ გამოიწვევს მოსარჩელის „უფლებებში“ აღდგენას იმ კონტექსტში, რომ მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია, ხოლო თუ კი მხარე დაამტკიცებს, რომ მას მიადგა რაიმე სახის ფინანსური ზარალი, აღნიშნული მოთხოვნა მას ისედაც უზრუნველყოფილი აქვს შესაბამისი ქონების დაყადაღებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს „...“ კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა პირველყოვლისა მიუთითებს, რომ შპს „...“ მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი თავისი შინაარსით წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატას აღნიშნულ კერძო საჩივარზე უნდა ემსჯელა, როგორც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად წარდგენილ განცხადებაზე და ამავე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე მის მიერ მიღებულ 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებაში უნდა განემარტა განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივარი დასაშვებად მიიჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ა. ბ. ი-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებისა და შპს „...“ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებების კანონიერება წარმოადგენს.

შპს „...“ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, სახეზეა თუ არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები; რამდენად არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოცემულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 იანვრის №101 განკარგულების, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 თებერვლის №1088165 გადაწყვეტილების, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 31 მარტის №1182140 ბრძანების, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის №226248 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით ა. ბ. ი-ის შუამდგომლობა - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განჩინება და შეჩერდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 იანვრის №101 განკარგულების, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 თებერვლის №1088165 გადაწყვეტილების, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 31 მარტის №1182140 ბრძანების, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის №226248 ბრძანების მოქმედება საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.

შპს „...“ 2017 წლის 4 დეკემბერს თავისი შინაარსით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. შპს „...“ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტები აღსრულებული იყო, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ხელი ეშლებოდა დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებაში, რითაც ირღვეოდა 41 ბინის მესაკუთრის საკუთრების უფლება. ამასთან, მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო ა. ბ. ი-ის მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის თაობაზე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებების მიღებამდე წარადგენდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამომრიცხავ მტკიცებულებებს სააპელაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლში რეგლამენტირებულია როგორც ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია მოახდინოს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება, ასევე მოცემულია ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც უკავშირდება სასამართლოს მიერ აქტის მოქმედების შეჩერებას, მათ შორის, სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივრის დაშვება, აქტების მოქმედების შეჩერების გაუქმება და ა.შ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება არის იურიდიული ფაქტი, რომელიც არსებობდა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისათვის, თუმცა მის შესახებ არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი საქმის განხილვისას და მისი აღმოჩენა მოხდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნაში უტყუარად უნდა იყოს დადასტურებული, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება ან გარემოება არსებობდა საქმის განხილვის დროისათვის, ხოლო მხარემ მისი არსებობის შესახებ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის განმარტებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმება დასაშვებია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არამედ სხვა გარემოებების არსებობისას (მაგ.: ზიანის გაზრდის, გარემოებათა შეცვლის და სხვ). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი თავისი არსით უფრო ფართო შემთხვევებს მოიცავს და უმთავრესად გულისხმობს ისეთი გარემოებების არსებობას, რომელიც სწორედ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად წარმოიშვა და არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არსებობდა საქმის განხილვის დროისათვის, რომლის შესახებაც მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს ბევრად ფართო შემთხვევებს, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, ანუ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ ატარებს სუსპენზიურ ეფექტს, კერძოდ, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს, ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.

ამდენად, დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ შეჩერდება თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე ნორმის მე-3 ნაწილი, მართალია, უშვებს აღსრულებული აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ მიერ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარში (რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმების შესახებ განცხადებას) მითითებული გარემოებები ქმნიდნენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს, რამდენადაც საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ შპს „...-ის“ მიერ 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ თავისი შინაარსით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე დართული მტკიცებულებების თანახმად, გასაჩივრებული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: განაშენიანების კოეფიციენტის და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების მიზნით სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 იანვრის №101 განკარგულება, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 თებერვლის №1088165 გადაწყვეტილება, პროექტის შეთანხმების შესახებ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 31 მარტის №1182140 ბრძანება, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის №226248 ბრძანება აღსრულებული იყო (შენობა აშენებული იყო) სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ბ. ი-ის კერძო საჩივრის განხილვისა და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სადავო აქტების შეჩერების შესახებ 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების მიღებისას. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად დაუშვებელია აღსრულებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება, თუ წინანდელი მდგომარეობის აღდგენა ფაქტობრივი გარემოებების გამო უზრუნველყოფის ეტაპზე შეუძლებელია. ამასთან, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „...-ს“ ა. ბ. ი-ის კერძო საჩივარი კანონით დადგენილი წესით არ გაგზავნია, რითაც მას შესაძლებლობა მოესპო, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ა. ბ. ი-ის კერძო საჩივრის განხილვის დროს მიეთითებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი თავისი შინაარსით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დაუშვებლად ცნობის საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე