საქმე # 080310015001503818
ბს-623-619(კ-17) 01 თებერვალი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. კ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2016წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-იმა და ლ. ს-ემ 08.05.2015წ. სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა. ფ-ას მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს 31,26 კვ.მ. ფართის ნაწილში 16.06.1997წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა .
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.01.2016წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ამავე განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის ჩატარებამდე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.04.2016წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.08.2016წ. გადაწყვეტილებით გ. კ-ისა და ლ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2016წ. განჩინებით გ. კ-ისა და ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. კ-ისა და ლ. ს-ის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ ქ. ქუთაისში, ... და ... ქუჩის N3/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფართები 1970-80 წლებიდან ირიცხებოდა სხვადასხვა პირებზე იდეალური წილებით, რომელთა შორის არ იყო ქუთაისის მერია ან ი. პ-ა. ი. პ-ა 1992-93 წლებშიც არ ირიცხებოდა ბინათმოსარგებლეთა სიაში ორდერით ან სხვა საფუძვლით, ამდენად, გაურკვეველია მასთან პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების საფუძველი. კასატორებმა საკასაციო საჩივარს დაურთეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.04.1996წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ქუთაისის მერიის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების მ. კ-ისა და ბ. პ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან პირველ სართულზე არსებული გარკვეული ფართების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და აღნიშნეს, რომ 1996წ. დავა მიმდინარეობდა სწორედ განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარ ფართთან დაკავშირებით. ამდენად, კასატორები მიიჩნევენ, რომ 1996წ. გადაწყვეტილებით დადასტურდა სადავო ფართზე ფიზიკურ პირთა საკუთრება, რაც გამორიცხავდა თვითმმართველობის მიერ აღნიშნული ფართის განკარგვის შესაძლებლობას.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო არ არის მათი საკუთრების უფლებაწარმომშობი დოკუმენტები და შიდა აზომვითი ნახაზები, ამასთან ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ მათი ფართის ნაწილი მოქცეულია ამჟამად ა. ფ-ას სახელზე რეგისტრირებულ ფართში, რაც ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, სადავო ფართთან დაკავშირებით ტექ.ბიუროში არსებული მასალები ურთიერთშეუსაბამო და წინააღმდეგობრივია, რის გამოც ვერ ხდება მოსარჩელეთა და მოპასუხე ა. ფ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების მდებარეობის დადგენა საქმეში არსებული ტექ. ბიუროს დოკუმენტაციის საფუძველზე. კასატორები თვლიან, რომ სადავო ფართი არ შედიოდა საბინაო ფონდში, რის გამოც თვითმმართველობას არ ჰქონდა მისი განკარგვის შესაძლებლობა, თუმცა ვერ უთითებენ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებებზე. საქმეში წარმოდგენილ ტექ. ბიუროს მასალებში დაცულია არაერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირველ სართულზე საბინაო სამმართველოს კუთვნილი ფართების არსებობას. საბინაო სამმართველოს ბალანსზე პირველ სართულზე მდებარე გარკვეული ფართების აღრიცხვა უარყოფილი არ არის კასატორთა მიერვე წარმოდგენილ სასამართლოს 11.04.1996წ. გადაწყვეტილებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარზე თანდართული 11.04.1996წ. გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას წარდგენილი არ ყოფილა, რასაც კასატორებიც ადასტურებენ, თუმცა ვერ უთითებენ გადაწყვეტილების წარდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზებზე, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველს ქმნის, რადგან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. ამასთანავე, კასატორთა მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, არ საბუთდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, რადგან არ დასტურდება, რომ 1996წ. დავა მიმდინარეობდა სწორედ განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარ ფართთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ გადაწყვეტილება არ არის სათანადო წესით დამოწმებული და გაურკვეველია მისი კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში დაცულია ქალაქ ქუთაისის სასამართლოს სათანადო წესით დამოწმებული 15.01.1997წ. გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით ქ. ქუთაისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. ქუთაისში, ... და ... ქუჩების კვეთაზე N3/2-ში მდებარე სახლთმფლობელობის პირველ სართულზე არსებული ოთახები, რომელთა ფართია: 23,18 კვ.მ., 12,78 კვ.მ. და 2,10 კვ.მ. ამოღებულ იქნა პ-ისა და კ-ის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა ქ. ქუთაისის მერიას გამგებლობაში. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა სახლთმფლობელობის შესასვლელი სადარბაზოს პირველ სართულზე, ტიხრით გამოყოფილი ფართის მერიის მფლობელობიდან ამოღება, თუმცა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება შეცვლილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.1997წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც ქუთაისის სასამართლოს 15.01.1997წ. გადაწყვეტილება გაუქმდა სადარბაზოში შესასვლელის მუნიციპალური საკუთრებიდან ამოღების ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. კ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2016წ. განჩინება;
3. ლ. ს-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს 12.06.2017წ. №47 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი