Facebook Twitter

საქმე №ბს-388-385(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - რ. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. დ-მა 2016 წლის 6 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის -საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 14 მარტის №1405 ბრძანების ბათილად ცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ყოფილი სტაციონარული ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისა და ქ. თბილისის №1 რეგიონალური ბაზის საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფის ... - რ. დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე რ. დ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ყოფილი სტაციონარული ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისა და ქ. თბილისის №1 რეგიონალური ბაზის საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფის ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე რ. დ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება კადრების განყოფილებაში გადაყვანის დღიდან სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 14 მარტის ბრძანება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ყოფილი სტაციონარული ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისა და ქ. თბილისის №1 რეგიონალური ბაზის საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფის ... - რ. დ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რ. დ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ... თანამდებობაზე 2016 წლის 15 მარტიდან აღდგენის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასევე დაევალა რ. დ-ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება განთავისუფლების დღიდან - 2016 წლის 15 მარტიდან მისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ... თანამდებობაზე აღდგენამდე ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N583-ე დადგენილების მე-13 მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას. იგი აქვე მიუთითებს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა მოსამსახურისათვის არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. კასატორი აღნიშნავს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში (ოთხი თვის მანძილზე) პირი ან დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/ განთავისუფლებულ იქნება თანამდებობიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში რ. დ-ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ზემოაღნიშნული წესის დაცვით - 2015 წლის 21 ნოემბერს რ. დ-ი გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 2016 წლის 14 მარტს იგი განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.

კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარისაგან ადგილი არ ჰქონია 2015 წლის 21 ნოემბრის - კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანების გასაჩივრებას და ამის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2016 წლის 14 მარტის ბრძანება კანონიერია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც დაევალა რ. დ-ის სამსახურში აღდგენა მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობაზე და მიიჩნევს, რომ რ. დ-ი გათავისუფლებამდე იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში და იმაზე მსჯელობა, რომ იგი აღდგეს მანამდე დაკავებულ თანამდებობაზე, მოცემულ შემთხვევაში, უადგილოა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი და მოითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ. დ-ი 2015 წლის 15 ნოემბრიდან გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტაციონარული ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისა და ქ. თბილისის №1 რეგიონალური ბაზის საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფის ... დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 2016 წლის 15 მარტიდან გათავისუფლდა სამსახურიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტაციონარული ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისა და ქ. თბილისის №1 რეგიონალური ბაზის საინჟინრო-ტექნიკურ ჯგუფში დამტკიცებული იყო ... სულ 6 შტატი, მათგან 5 ე.წ. ვარსკვლავიანი შტატი, ხოლო 1 ე.წ. ვარსკვლავის გარეშე. 2015 წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტაციონარული ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისა და ქ. თბილისის №1 რეგიონალური ბაზას შეეცვალა დასახელება და დაერქვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოგისტიკის ცენტრი (აღმოსავლეთი), ხოლო აღნიშნული ცენტრის საინჟინრო-ტექნიკურ სამსახურში დამტკიცდა ... სულ 8 შტატი ე.წ. ვარსკვლავის გარეშე, მათგან 1 კაპრალ - სპეციალისტისათვის, ხოლო 7 სამოქალაქო პირისათვის.

ზემოთქმული გარემოებების ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციას, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის კადრების განყოფილებაში გადაყვანას და შემდგომ გათავისუფლებას, შედეგად მოჰყვა . შტატების რაოდენობის გაზრდა 7-დან 8 საშტატო ერთეულამდე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნიდა, თუ მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისი საშტატო ერთეული გაუქმდებოდა. საშტატო ერთეული გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ფუნქციური დატვირთვით ამგვარი თანამდებობა აღარ არსებობს და ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრება სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

ზემოაღნიშნულთან დაკავშრებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საშტატო ერთეული კი არ გაუქმდა ან შემცირდა, პირიქით, მისი ოდენობა 7-დან 8 ერთეულამდე გაიზარდა. გამომდინარე აქედან, საკსასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. დ-ი უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც საკუთარ შემაჯამებელ აქტებში უკვე აღნიშნეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე