საქმე Nბს-403-400(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - პ. თ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდვალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. თ-მა 2015 წლის 6 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა პ. თ-ის მიმართ დისციპლინული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების - პ. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შეახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის 2015 წლის 12 მარტის №MCLA41500001075 ბრძანების ბათილად ცნობა და პ. თ-ის თანამდებობაზე აღდგენა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის პ. თ-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება 2013 წლის 2 დეკემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით პ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. თ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით პ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. თ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების 5.1 პუნქტში მიუთითებს, რომ ის იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ფაქტობრივად ეთანხმება იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოახდინა პრეიუდიციული ფაქტების თავიდან გამოკვლევა და არ შეაფასა ის, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომელიც შესწავლილი და გამოკვლეული იქნა 2014 წლის 25 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, რის გამოც მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე კასატორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის 2013 წლის 3 დეკემბრის №13729 ბრძანება კასატორის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისიტემის ორგანოდან სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდვალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კასატორთან მიმართებაში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამჟამად შესულია კანონიერ ძალაში. ფაქტიურად დასახელებულ გადაწყვეტილებაში მითითებული დადგენილი და გამოკვლეული გარემოებები წარმოადგენს პრეიუდიციულ ფაქტს და სასამართლოს მიერ ამ გარემოებაზე მითითება, როგორც სადავო გარემოებაზე არის უკანონო.
კასატორი მიუთითებს, რომ დადგენილი და გამოკვლეული ფაქტები წარმოადგენენ პრეიუდუციას. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ თავიდან დაიწყო იმ გარემოებების გამოკვლევა პ. თ-ი ატარებდა თუ არა თავის პირადობის მოწმობას სარეგისტრაციო აპარატში. სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა და არ გამოიკვლია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდეგ მოპასუხე მხარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნათა საფუძველზე გამოცემულ აქტს და არ წარმოადგენდა ისეთ გარემოებაზე მითითებას, რაც არ ყოფილა წარდგენილი საქმის იმ ადმინისტრაციულ წარმოებაში სასამართლოში, რაზედაც არსებობს 2014 წლის 25 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით პ. თ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
დადგენილია, რომ პ. თ-ს 2013 წლის ნოემბერში სამსახურებრივი მოვალეობა უნდა შეესრულებინა დეპარტამენტის ყოფილი N1 დაწესებულების, ე.წ. კრიტის ტერიტორიაზე - თბილისში, გორგასლის ქუჩა N85-ში, ყოველი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დასახელებულ ტერიტორიაზე კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესასვლელით უნდა შესულიყო და სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით დაეფიქსირებინა. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ხსენებული ტექნიკური მოწყობილობით 2013 წლის ნოემბერში პ. თ-ი მხოლოდ 29 ნოემბერს არის დაფიქსირებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იგი სისტემატურად აცდენდა სამსახურს და ხშირად თვითნებურად ტოვებდა სამუშაო ადგილს და არაჯეროვნად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება, პ. თ-ის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა საქმის არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას.
კასატორმა ვერ უზრუნველყო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასების გაქარწყლება, რამდენადაც სადავო პერიოდში მოქმედი „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულების მეხუთე მუხლის მეორე ნაწილით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. ამასთან, მე-16 მუხლის პირველი ნაწილით სისტემის ორგანოში სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს მოსამსახურის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობით, ფიცის, ხელშეკრულების პირობების, აგრეთვე მინისტრის ბრძანებების, უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. პ. თ-ის მიერ დარღვეულია ზემოაღნიშნული მოთხოვნები, რითაც ჩაიდინა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომა - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული, პ. თ-ის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებით დამტკიცებული „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-19 მუხლის „თ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სისტემის ორგანოდან დათხოვნა“
საკასაციო პალატა იზიარებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პ. თ-ის მიერ ჩადენილი გადაცდომა - სამუშაო ადგილის თვითნებურად დატოვება, სამსახურის სისტემატური გაცდენა, სამსახურში სამოქალაქო ფორმაში გამოცხადება მართლზომიერად ჩაითვალა იმგვარ დარღვევად, რომელიც შეიძლება, სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდეს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილებით პ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 3 დეკემბრის №13729 ბრძანება პ. თ-ის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოდან სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ და დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკველვისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე პ. თ-თან მიმართებაში, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გადაწყვეტილებით არ დადგენილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
შესაბამისად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე