საქმე №ბს-497-494(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-ამ 2015 წლის 13 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის №MCLA 31500005034 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის №MCLA 31500005034 ბრძანება ნ. კ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ნ. კ-ას მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და ნ. კ-ამ. აპელანტმა - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით სადავო გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო ნ. კ-ამ - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ნ. კ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ „სპეციალური პენიტენციური დაწესებულების შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/განთავისუფლებულ/ იქნეს დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ. კ-ას გათავისუფლება მოხდა სტრუქტურული ერთეულის - კანცელარიის ლიკვიდაციის გამო და არა რეორგანიზაციის საფუძველზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის საკითხს, სასამართლო გადაწყვეტილებებში აღნიშნულია, რომ მოხდა სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია, რასაც კასატორი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის ნაცვლად განხორციელდა ერთეულის ლიკვიდაცია და შესაბამისად, არასწორად მიაჩნია შემდგომი მსჯელობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. კ-ა კანონმდებლობის სრული დაცვით გაფრთხილებულ იქნა შესაძლო შტატების შემცირებაზე და მის გათავისუფლებაზე. ასევე, კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა განხორციელებული ყველა მოქმედება, რომელიც წარიმართა ნ. კ-ას საქმესთან დაკავშირებით.
კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელდა რეორგანიზაცია. აღნიშნულს შედეგად მოჰყვა დაწესებულების ახალი დებულების და საშტატო ნუსხის დამტკიცება. კასატორი აღნიშნავს, რომ მსგავსი ხასიათის ღონისძიებები გატარებულ იქნა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლის მიხედვითაც, ლიკვიდირებულ იქნა სტრუქტურული ერთეული კანცელარია და შესაბამისად, გაუქმდა კანცელარიის ... შტატებიც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის N9 დაწესებულების კანცელარიის ... , იუსტიციის ლეიტენანტი - ნ. კ-ა 2015 წლის 31 ივლისს გაფრთხილებულ იქნა 2015 წლის 1 სექტემბრამდე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო მოსალოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების ახალი საშტატო ნუსხა, ხოლო „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N917 ბრძანება გამოცხადდა ძალადაკარგულად.
რეორგანიზაციამდე მოქმედი, მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N917 ბრძანებით დამტკიცებული N9 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საშტატო ნუსხის შესაბამისად, დაწესებულებაში მოქმედებდა უსაფრთხოების განყოფილება, სამორიგეო, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება, სოციალური განყოფილება, სპეციალური აღრიცხვის განყოფილება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, ბუღალტერია, კადრები, იურიდიული სამსახური და კანცელარია, შტატების რაოდენობა 99-ს შეადგენდა, საიდანაც კანცელარიის განყოფილება 3 შტატს მოიცავდა - განყოფილების უფროსის 1 შტატსა და ... 2 შტატს. რეორგანიზაციის შემდეგ კი, მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, N9 პენიტენციური დაწესებულებაში ადმინისტრაციულ განყოფილებაში გაერთიანდა კანცელარია, კადრების განყოფილება, ბუღალტერია, იურიდიული სამსახური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, შტატების საერთო რაოდენობა 84-მდე შემცირდა, ადმინისტრაციული განყოფილების შტატების რაოდენობა კი 10 ერთეულით განისაზღვრა, საიდანაც 1 განყოფილების უფროსის, 2 საქმისმწარმოებლის, 1 იურისტის, 1 ბუღალტრის, 1 საწყობის მენეჯერის, 1 სასადილოს მენეჯერისა და 3 დამხმარე მოსამსახურის შტატია.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის ბრძანებით, №9 დაწესებულების კანცელარიის ... ნ. კ-ა დათხოვნილ იქნა სამსახურიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2015 წლის 8 სექტემბერს ნ. კ-ას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების რეორგანიზაციიდან გამომდინარე, N17 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ...-... თანამდებობაზე გადაყვანა შეეთავაზა, რაზედაც 2015 წლის 11 სექტემბრის ბრძანებით დაინიშნა კიდეც.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური
დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 24 სექტემბრის ბრძანებით, №17 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ...-... ნ. კ-ა, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამსახურიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნის, თუ მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისი საშტატო ერთეული უქმდება. საშტატო ერთეული გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ფუნქციური დატვირთვით ამგვარი თანამდებობა აღარ არსებობს და ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრება სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ N9 დაწესებულებაში კანცელარიის განყოფილება, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, მართალია, ამ სახით დაწესებულების სტრუქტურაში აღარ დარჩენილა, თუმცა, ფუნქციურად იგი ადმინისტრაციული განყოფილების შემადგენლობაში შევიდა, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, მოსარჩელის იმავე დაწესებულებაში მის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანაზე ემსჯელა, ხოლო ასეთ თანამდებობაზე გადაყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეეთავაზებინა სამსახური სხვა დაწესებულებაში.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს პატიმრობის კოდექსის 1252-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანხმად, ის მოსამსახურე, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების სოციალურ განყოფილებაში, საზოგადოებრივ მისაღებში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში, კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან არის დაწესებულების უფროსი ... (იურისტი) ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური
დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოგისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. ხსენებული
ნორმა არეგულირებს დაწესებულების თანამშრომლის სხვა დაწესებულებაში ან სამინისტროში კონკურსის გარეშე გადაყვანისა და დანიშვნის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება მოხელის იმ დაწესებულებაში დარჩენა, სადაც იგი რეორგანიზაციამდე მუშაობდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, მოსარჩელისათვის შეთავაზებული იქნა N17 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ...-... თანამდებობა, სადაც მოსარჩელე დაინიშნა კიდეც პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის ბრძანების კანონიერების შესწავლის პროცესში.
ზემოთქმული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას (სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2015 წლის 1 სექტემბერის ბრძანება) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ორგანო, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, შებოჭილი იყო კანონიერების პრინციპით, გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა ყოფილიყო კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებზე, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო უნდა მიეყვანა საკითხის სწორად გადაწყვეტამდე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება ნ. კ-ას მიმართ აქტის გამოცემისას, ვერ დგინდება, გაითვალისწინა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ გათავისუფლებისას მისი პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობის ხარისხი, საქმეში ბუნდოვანია, აგრეთვე შეთავაზებული სამსახურის ტოლფასოვნების საკითხი გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობასთან. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტებს.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე