Facebook Twitter

№ბს-768-764(კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 12 ოქტომბერს ლ. გ-მა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით მ. ზ-ს აკრძალვოდა მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ახალქალაქის რაიონის სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ...) გასხვისება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ-ის მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მ. ზ-ს აეკრძალა ახალქალაქის რაიონის სოფ. ... მდებარე (საკადასტრო კოდით ...) მიწის ნაკვეთის გასხვისება.

2015 წლის 21 ოქტომბერს ლ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ზ-ის მიმართ.

მოსარჩელემ ახალქალაქის რაიონის სოფელ ... მდებარე 1000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით ...) მ. ზ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2015 წლის 4 სექტემბერს მიღებული №... გადაწყვეტილების მიწის ნაკვეთებს შორის გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ღონისძიება მ. ზ-ისათვის (პირადი №...) ახალქალაქის რაიონის სოფელ ... მდებარე (საკადასტრო კოდით ...) მიწის ნაკვეთის გასხვისების აკრძალვის თაობაზე.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ. ზ-ის სახელზე მიწის რეგისტრაციის შესახებ ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის №... გადაწყვეტილება (ს.კ. ...), ლ. გ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში და სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე მ. ზ-ის სახელზე მიწის რეგისტრაციის შესახებ გადაფარვის ნაწილში ახალი აქტის მიღება დაევალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-მა, რომელმააც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ გარემოებებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელე სასამართლოს ცრუ ინფორმაციას აწვდის. კასატორის მითითებით, მოსარჩელისთვის ზუსტად უნდა ყოფილიყო ცნობილი მიწის ნაკვეთის საზღვრები, ფართობი და კონფიგურაცია, თუმცა დადასტურებულია, რომ ეს ინფორმაცია უცნობი იყო მისთვის, რადგან საჯარო რეესტრში წარადგინა 2 სხვადასხვა ნახაზი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. გ-ის სარჩელი წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებთან. რაც შეეხება მიწის ნაკვეთთან მიმართებაში USAID-ის სააღრიცხვო მონაცემებს, კასატორის მითითებით, ის შედგენილია თავად დაინტერესებული პირის განმარტების საფუძველზე და საფუძველსმოკლებულია სასამართლოს მსჯელობა, თითქოსდა USAID-ის მონაცემებით მიწის ნაკვეთები გამიჯნული იყო მყარი საზღვრით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

„საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის №503 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს.

საქმის მასალების შესაბამისად, მ. ზ-ის სახელზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის მიწის მიღება-ჩაბარების აქტი 11.05.1997წ. №294, რომელიც გაცემულია მ. ზ-ის მამკვიდრებელზე ჰ. ს-ზე.

საქმეში წარმოდგენილია ჰ. ს-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №294, რომლის შესწავლის საფუძველზეც დგინდება, რომ ჰ. ს-ზე ახალქალაქის რაიონის სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულია 5 მიწის ნაკვეთი, 1,25 ჰა-ს ოდენობით. აქედან ორი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მიწის რეფორმამდე გაცემულს, საიდანაც ერთი მიწის ნაკვეთი განთავსებულია სახლთან, ხოლო მეორე ე.წ. მე-10 რიგში. დადგენილია და მხარეებიც ადასტურებენ, რომ დავა შეეხება სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთს. მიღება-ჩაბარების აქტში ასახული მონაცემების შესაბამისად, სახლთან არსებული მიწის ნაკვეთის სიგანე ორივე გვერდზე შეადგენს 37/37, სიგრძე ორივე გვერდზე - 30/30, სულ ჯამში სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 0,11 ჰა-ს. ამავე მიღება-ჩაბარების აქტში ასახულია მომიჯნავე მიწის ნაკვეთები.

საქმეში ასევე წარმოდგენილია მოსარჩელის დედის ლ. ჰ-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №562, რომლის საფუძველზეც აწ გარდაცვლილ ლ. ჰ-ს ერიცხება 4 მიწის ნაკვეთი სულ 1, 25 ჰა-ს ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებით არცერთი ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი არ ინახება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოში. ლ. ჰ-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების №562 აქტის არსებობა უცნობი იყო თავად მოსარჩელისათვის. აქტი სასამართლოში წარმოდგენილია მ. ზ-ის წარმომადგენლის მიერ, რომელმაც განმარტა, რომ აქტი იპოვეს სახლთან.

საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ჰ. ს-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №294 საფუძვლად დაედო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ... ადმინისტრაციულ ერთეულში ე. კ-მა მ. ზ-ის წარმომადგენელს უარი უთხრა აზომვითი ნახაზის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწა წარმოადგენდა სადავოს.

საქმეში ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებების არსებობის გამო, საქმის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ სასკ-ის მე-19 მუხლზე დაყრდნობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა სისტემური რეგისტაციის მასალები, რომლის გამოკვლევის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამჟამად მ. ზ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) მოიცავს ასევე სისტემური რეგისტრაციით ზ. ჰ-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს.

ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პირველად სარეგისტრაციო მონაცემებს საფუძვლად დაედო აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სააღრიცხვო მონაცემებს ენიჭება იურიდიული ფაქტის დანიშნულება. მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ნომრით ..., სისტემური რეგისტრაციით აღრიცხული იყო რ. ს-ის სახელზე. პირველადი რეგისტრაციის პროცესში რ. ს-ის მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა ზ. ჰ-ის მიწის ნაკვეთი და არა სკოლა, როგორც ეს მიწის მიღება-ჩაბარების აქტშია ასახული, ამასთან, პირველადი რეგისტრაციის ეტაპზე მიწის ნაკვეთები არ იყო გადაფარვაში და რეგისტრირებული იყო დამოუკიდებლად, მიწის ნაკვეთებს შორის არსებობდა მყარი საზღვარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სარეგისტრაციო სამსახურს, რ. ს-ის მემკვიდრის სარეგისტრაციო განაცხადის დაკმაყოფილებამდე, უნდა გამოეკვლია რა იყო ის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რამაც მამკვიდრებლის სახელზე უკვე რეგისტრირებული (ე.წ. დაუზუსტებელი რეგისტრაციის საფუძველზე) მიწის ნაკვეთის მემკვიდრის სახელზე რეგისტრაციის ეტაპზე წარმოშვა მიწის საზღვრების, ოდენობისა და კონფიგურაციის ცვლილება, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურს, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე, მართებულად დაევალა ახალი აქტის გამოცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე ნ. ფ-ს 16.08.2017წ. №111 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ზ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;

3. მ. ზ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ. ფ-ის მიერ 16.08.2017წ. №111 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი