Facebook Twitter

#ბს-777-773(კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 23 დეკემბერს ა. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიმართ.

მოსარჩელემ ა. ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ნაწილში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 17 ივნისის #MOD 0 15 00002828 ბრძანებისა და კადრების განკარგულებაში მყოფი, ა. ჭ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 17 ოქტომბრის #MOD 7 15 00005660 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ა. ჭ-ის გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის დავალება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის სხდომაზე დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხე მხარედ ნაცვლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განსაზღვრის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის წლის 17 ივნისის #MOD 0 15 00002828 ბრძანება ა. ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 17 ოქტომბრის #MOD 7 15 00005660 ბრძანება კადრების განკარგულებაში მყოფი, ა. ჭ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით; დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილდებაზე ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით ა. ჭ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჭ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე თავდაცვის მინისტრის 17.06.2015 წლის #2828 ბრძანებით გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში თავდაცვის მინისტრის 21.07.2011 წლის #583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

კასატორი მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016 წლის #1/4/614,616 გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ შეაფასა და იმსჯელა დისციპლინური გადაცდომისას სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გაყვანის მიზანშეწონილობაზე და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში პირის მიმართ სამსახურებრივი გადაადგილების გამოყენება ემსახურება მიზანს, დისციპლინური დაკისრების მომენტში სათანადო შტატის/პოზიციის არსებობის შემთხვევაში მოძიებული იქნეს შესაბამისი რანგის თანამდებობა ამ ვადის განმავლობაში. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ თავდაცვის მინისტრი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, განახორციელოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება, რაც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის, კონკრეტული გადაადგილების მიზანშეწონილობაზე მითითებით უნდა განხორციელდეს, საჯარო სამსახურის პრინციპების შესაბამისად. მოხელის კადრების განყოფილებაში გაყვანა უნდა ემსახურებოდეს მოხელისათვის სხვა თანამდებობის შერჩევის მიზანს ისე, რომ ახალი თანამდებობის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნეს როგორც დამსაქმებლის საჯარო სამსახურის ეფექტურობის საერთო ინტერესები, ასევე თავად მოსამსახურის კვალიფიკაცია, განათლება და შრომითი უნარები.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, გენერალური შტაბის უფროსს დისკრეციის ფარგლებში ჰქონდა უფლებამოსილება გადაეწყვიტა ა. ჭ-ის კადრების განკარგულებაში გაყვანის საკითხი მისი სხვა თანამდებობის შერჩევის მიზნით, რა შემთხვევაშიც გათვალისწინებულ იქნა, როგორც შეიარაღებული ძალების ეფექტური ფუნქციონირება, ასევე დასაქმებულის კვალიფიკაცია, განათლება და შრომითი უნარები.

კასატორი - ა. ჭ-ე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ სწორად არის დადგენილი ის გარემოება, რომ მის მიმართ გამოცემული სადავო აქტები არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ მიღებული, რომლებიც სასამართლომ ბათილად ცნო, თუმცა სასამართლომ ყოველგვარი განსჯის გარეშე დაუქვემდებარა ისინი ხელახალ გადასინჯვას.

კასატორისთვის გაუგებარია, რა შედეგი ექნება შემდგომში მის მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში. რა იქნება გამოსწორების მექანიზმი, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით მას არ მიეცა შესაბამისი განაცდური. როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ერთხელ უკვე განხორციელდა უკანონობა, რითაც შეილახა მისი კანონიერი ინტერესი, კასატორისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს მას კიდევ ნდობა იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რომელმაც ერთხელ უკვე დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრისა და 28 სექტემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის #583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ პირისათვის შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე სამსახურებრივი გადაადგილება, კერძოდ, კადრების განკარგულებაში გადაყვანა მიუთითებს მასზედ, რომ აღნიშნული პირი არ წარმოადგენს დაკავებული თანამდებობისათვის შესაბამის პირს. აღნიშნული სახის გადაწყვეტილება კი საჭიროებს სათანადო დასაბუთებას შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევისა და მათზე მითითებით. განსახილველ შემთხვევაში კი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს ა. ჭ-ის შესაბამისობის საკითხი დაკავებული თანამდებობის მიმართ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ჭ-ეს სახელმწიფოს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო. ამასთან, მოსარჩელეს კადრების განკარგულებაში გადაყვანამდე 2 თვით ადრე, კერძოდ, 2015 წლის 14 აპრილს, საავტომობილო ბატალიონის მეთაურის #1988 ბრძანებით, ფუნქციონალური მოვალეობის სისტემატიურად და ხარისხიანად შესრულებისათვის გამოეცხადა მადლობა. ასევე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ა. ჭ-ის მიმართ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დაფიქსირებული არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ პირის მიმართ დისციპლინური სახდელის არარსებობის პირობებში, სამსახურიდან გათავისუფლება სამსახურებრივი შეუსაბამობის საფუძვლით, ადეკვატური იქნებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის დროს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჭიროებს დასაბუთების მაღალ სტანდარტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი მოკლებულია.

ამასთან, დადგენილია, რომ ა. ჭ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ წარმოებაზე მოსარჩელე მიწვეული არ ყოფილა, არ ჩამოურთმევიათ ახსნა-განმარტება და გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ინტერესის მქონე პირის - ა. ჭ-ის პოზიცია მოსმენილი არ ყოფილა.

სადავო ბრძანება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას როგორც ცალკეული დისციპლინური გადაცდომის ფაქტების არსებობის შესახებ, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ ა. ჭ-ის მიმართ ყველაზე მძიმე ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება. კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას მის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, დასაბუთება კი პირველ რიგში გულისხმობს მტკიცებას იმისა, რომ გამოცემული აქტი არსებულ პირობებში წარმოადგენდა ყველაზე მეტად მისაღებ გადაწყვეტილებას და იგი სხვა გადაწყვეტილებაზე მეტად ამართლებდა კანონის მოთხოვნებს.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული ა. ჭ-ის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - ა. ჭ-ის მოსაზრებას სარჩელის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, საქმეზე დადგენილი გარემოებები არ იძლევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით გამოკვლევას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ა. ჭ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის #2/4/735 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კონსტიტუციური სარჩელი #735 („საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდა და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ა. ჭ-ისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანებები ა. ჭ-ის გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ და კადრების განკარგულებაში მყოფი ა. ჭ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სადავო აქტების მატერიალური კანონიერება, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. შესაბამისად, ამ ეტაპზე სახეზე არ გვაქვს სადავო აქტების ბათილად ცნობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რაც წარმოადგენს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი