Facebook Twitter

#ბს-789-785(კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. და ბ. დ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 30 ოქტომბერს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის, თ. დ-ისა და ბ. დ-ის მიმართ.

მოსარჩელემ თ. დ-ის და ბ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მესტიის რაიონის სოფ. ... მდებარე ... შენობის 264 მ2 და შესაბამისი მიწის ნაკვეთის 1000 მ2 მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის, თ. დ-ისა და ბ. დ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების შესახებ, განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნს ახალი გადაწყვეტილება; მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 იანვრის #... გადაწყვეტილება (რომლითაც მესტიის რაიონის სოფ. ... მდებარე 2860 მ2 მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა ბ. დ-ისა და თ. დ-ის საკუთრებად) 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 264 კვ.მ. შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 თებერვლის #... გადაწყვეტილება (რომლითაც განხორციელდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ცვლილების რეგისტრაცია და ძველი საკადასტრო კოდი ... შეიცვალა ახალი საკადასტრო კოდით ...) 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 264 კვ.მ. შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ოფისს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა მოსარჩელის - მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2012 წლის 22 ნოემბრის #892012114796 განაცხადით მოთხოვნილი 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 264 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ...) რეგისტრაციის თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ბ. დ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, მიიჩნია, რომ დ-ებმა საკუთრებაში დაირეგისტრირეს სოფ. ... ... შენობა-ნაგებობა ფართით 264 კვ.მ და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ. აღნიშნული შენობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, არის 1 სართულიანი, არასაცხოვრებელი, ფართით 264 კვ.მ.

კასატორები აღნიშნავენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადასაცემი დამატებითი ქონების ნუსხაში მითითებული ... ... არც სართულიანობით, არც ფართობით და არც დანიშნულებით არ არის დ-ების საკუთრებაში არსებული შენობის არათუ იდენტური, მსგავსიც კი. ამასთან, მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემი ქონების ნუსხაში იგი 2010 წლის მდგომარეობითაა და არ არის მინიშნება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის მიხედვით. კასატორები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ქონება მათ მიიღეს მემკვიდრეობით.

კასატორების მითითებით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სწორედ ეს ადმინისტრაციული შენობა და ... გახდა შემდგომ ..., მითუმეტეს, რომ სააღრიცხვო ბარათი არ შეიცავს მონაცემებს მოსაზღვრე ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ან მესაკუთრეების შესახებ, რაც გახდებოდა უძრავი ქონების იდენტიფიცირების განმსაზღვრელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. და ბ. დ-ების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და ბ. დ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 23.03.2010წ. მესტიის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაეცა მესტიის რაიონის სოფ. ... ... შენობა-ნაგებობა ფართით 264 მ2 და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1000 მ2, მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო #420103186.

საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე ირკვევა, რომ სოფ. ... ... რეგისტრირებული იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად და საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.05.2010წ. #... გადაწყვეტილებით მოხდა უფლების რეგისტრაცია სოფ. ... ... .

20.01.2011წ. მესტიის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო #... გადაწყვეტილება, რომლითაც მესტიის რაიონის სოფ. ... მდებარე 2860 მ2 მიწის ნაკვეთი და 276 მ2 შენობა-ნაგებობა (ს/კ ...) დარეგისტრირდა ბ. დ-ისა და თ. დ-ის საკუთრებაში.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

ამასთან, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უპირველესად უნდა დადგენილიყო როგორც ბ. და თ. დ-ების, ისე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში დაზუსტებული სახით აღსარიცხი მიწის ნაკვეთის კონკრეტული ადგილმდებარეობა, მიწის ნაკვეთის საზღვრები, კონფიგურაცია და ფართობის ზუსტი ოდენობა, უნდა გამოკვლეულიყო მიწის ნაკვეთს, ან მის ნაწილს თუ მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას ხომ არ ფლობდა რომელიმე სუბიექტი, ან ხომ არ წარმოადგენდა ის სხვა პირის საკუთრებას. ასევე, სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო ბ. და თ. დ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ჩატარებული სარეგისტრაციო წარმოების დროს გაეანალიზებინა აღნიშნული გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. კერძოდ, იმ პირობებში, როცა მათ მამკვიდრებელს დ. დ-ს საკომლო ჩანაწერების მიხედვით ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი 100 მ2 და საკარმიდამო მიწა 3100 მ2, 20.01.2011წ. მესტიის სარეგისტრაციო სამსახურმა #... გადაწყვეტილებით დაარეგისტრირა მესტიის რაიონის სოფ. ... მდებარე 2860 მ2 მიწის ნაკვეთი და 276 მ2 შენობა-ნაგებობა (ს/კ ...).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. და ბ. დ-ების საკასაციო საჩივარზე ბ. დ-ს 21.08.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბ. დ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. და ბ. დ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;

3. ბ. დ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.08.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი