საქმე №ბს-721-717(2კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; 2.ზ. ს-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - 1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; 2. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ს-ემ 2016 წლის 7 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 07 ოქტომბრის MOD 9 16 00950572 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით დარჩენილი 2880 ლარის დავალიანების გადახდა მის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-ემ და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 07 ოქტომბრის MOD 9 16 00950572 წერილობითი მიმართვა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ზ. ს-ის სასარგებლოდ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით დარჩენილი დავალიანების - 2880 ლარის ოდენობით ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესი გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ზ. ს-ემ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო ზ. ს-ემ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ერთჯერად (გასასვლელ) დახმარებას კანონი უკავშირებს გარკვეულ პერიოდსა და პირობებს, რის გამოც იგი განეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ერთჯერადი დახმარება არის ერთგვარი გასაცემელი, რომელიც წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნის ერთჯერად კომპენსაციას.
კასატორი მიუთითებს, რომ ერთჯერადი დახმარება არ განეკუთვნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შრომით ანაზღაურებას და მის კომპონენტებს, ამდენად მათზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც ათვლილი უნდა იყოს სასამართლოში სარჩელის წარდგენიდან უკუსვლით.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნილია ზღვრული ასაკის გამო 2004 წლის 10 ოქტომბრიდან. ზ. ს-ემ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აქტი სადავოდ გახადა თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. კასატორი მიუთითებს, რომ ზ. ს-ე სამსახურიდან გათავისუფლებულია 2004 წლის 10 ოქტომბრიდან, ხოლო სასამართლოში ერთჯერადი გამოსასვლელი თანხის მიღების შესახებ სარჩელი წარადგინა 2016 წლის 7 ნოემბერს, ანუ 12 წლის შემდეგ, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 19 სექტემბრის N1064 დადგენილება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ . კასატორი მიუთითებს, რომ მითითებული დადგენილების 2011-ე მუხლი ეხება ხელფასს და მასში შემავალ კომპონენტებს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება ერთჯერად გასაცემელ თანხას, რაც სრულიად განსხვავდება ხელფასის ცნებისაგან.
კასატორი - ზ. ს-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მან მოითხოვა საადვოკატო ხარჯების გაწევისთვის 600 ლარის ანაზღაურება და სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ 300 ლარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მან საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა ადვოკატ რ. პ-ესთან, გამომდინარე აქედან კასატორი მოითხოვს საადვოკატო ხარჯების სრულად - 600 ლარის ანაზღაურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ს-ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ ზ. ს-ე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის №3528 ბრძანების საფუძველზე, დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2004 წლის 10 ოქტომბრიდან. ზ. ს-ემ აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა სასამართლო წესით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ზ. ს-ის სარჩელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის №3528 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელე ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
2016 წლის 3 ოქტომბერს, მოსარჩელე ზ. ს-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით დარჩენილი თანხის ანაზღაურება, რაზეც 2016 წლის 7 ოქტომბრის წერილით უარი ეთქვა. აღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრა ზ. ს-ემ.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბერის N560 ბრძანების ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“, 26-ე პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ისა ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება დანართი №22-ით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით გ) 10-დან 15 წლამდე - რვამაგი ოდენობით;
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე_4 პუნქტის თანახმად, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს ხელფასისა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. ამ კანონის სხვა გარანტიები კი მოცემულია ამავე კანონის 51-ე მუხლში, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დასახელებული გარანტიების გარდა შესაძლებლად მიიჩნევს, კანონმდებლობით შემოღებული იქნეს დამატებითი უფლებები და გარანტიები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 19 სექტემბრის №1064 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ ეკონომიკური კლასიფიკაციის 2011 მუხლი, რომლის დეფინიციით ხელფასი ფულადი ფორმით მოიცავს შრომის ანაზღაურების ყველა სახის ისეთ ფულად გასაცემლებს, როგორებიცაა: თანამდებობრივი სარგო, წოდების სარგო, პრემია, დანამატი, ჰონორარი, კომპენსაცია (კვების, სანივთე ქონების, ბინის ქირის და ა..შ. გარდა სოციალური უზრუნველყოფის მუხლით (27) გათვალისწინებული კომპენსაციისა).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონი.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამასთან, აღნიშნული კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო ზ. ს-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, აგრეთვე საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომელიც მოსარჩელეს ავალდებულებს დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
საკასაციო პალატა განმარტავს: მართალია, საქმეში არსებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ზ. ს-ეს საადვოკატო მომსახურებისათვის უნდა გაეწია 600 ლარის ოდენობით ხარჯი, თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარდგენილი იყო საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი - 300 ლარის დაკისრების საკითხს.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე