საქმე №330310014578705
№ბს-503-500(კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 22 აგვისტოს ნ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანის რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2013 წლის 5 დეკემბრის №580584 აქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2014 წლის 23 ივლისის №MES11400533952 აქტის არარად აღიარება, ... რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საბოლოოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 სექტემბრის №733 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2013 წლის 5 დეკემბრის მიმართვის არარად აღიარება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 23 ივლისის №MES11400533952 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ... რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე მისი აღდგენის დავალება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და განაცდური ხელფასის გადახდის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0,07%-ის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 23 ივლისის №MES11400533952 წერილი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოსაცდელ ვადაში ნ. გ-ის საქმიანობის შედეგების შეჯამების საფუძველზე, საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ნ. გ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 ოქტომბრის №2/კ-754 ბრძანებას.
ამასთან, კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლი. გადაწყვეტილების 6.1.2. პუნქტის ბოლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, რაც მისი ბათილობის საფუძველია, თუმცა არ არის კონკრეტულად მითითებული, თუ რომელი კანონი დაირღვა. ადმინისტრაციული საჩივრით მოთხოვნილი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების სამმართველოს უფროსის 2013 წლის 5 დეკემბრის აქტის არარად აღიარება და ... რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ისევე როგორც სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნები. ამდენად, კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
კასატორის მითითებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები. გადაწყვეტილების 1.2 პუნქტით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოსაცდელ ვადაში ნ. გ-ის საქმიანობის შედეგების შეჯამების საფუძველზე, საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ნ. გ-ის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ასეთი მოთხოვნა დავის საგანს არ წარმოადგენდა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნულ დარღვევას არ ექნებოდა ადგილი, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 26(2) მუხლის თანახმად შეეწყვიტა საქმის წარმოება. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლი, რომლის შესაბამისად: 1. სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს; 3. თანამდებობაზე გარკვეული ვადით არჩეული ან დანიშნული პირი არ თავისუფლდება სამსახურიდან, თუ იგი ახალი ვადით იქნა არჩეული ან დანიშნული იმავე თანამდებობაზე.
საკასაციო საჩივრით კასატორმა ასევე იშუამდგომლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, იმ მოტივით, რომ ნ. გ-ი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ... რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 2013 წლის 5 ივნისს 6 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2014 წლის 22 აგვისტოს, უარიდან ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც დაუშვებელი იყო ნ. გ-ის სარჩელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
საქმის მასალების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 ივნისის №1/კ-176 ბრძანებით ნ. გ-ი ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 6 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2013 წლის 5 დეკემბრის მიმართვით ნ. გ-ს ეცნობა, რომ თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით საქმიანობისას სამინისტროს მიერ განხორციელებული დაკვირვების საფუძველზე არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული მისთვის უფლებამოსილების გაგრძელება.
2014 წლის 23 ივნისს ნ. გ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომლითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2013 წლის 5 დეკემბრის მიმართვის არარა აქტად აღიარება მოითხოვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 23 ივლისის №MES11400533952 გადაწყვეტილებით ნ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც მოწინააღმდეგე მხარე არ ხდის სადავოდ, რომ ნ. გ-ის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ნ. გ-ი დანიშნული იყო გამოსაცდელი ვადით, ვადის გასვლის შემდეგ იგი ითვლებოდა გათავისუფლებულად და მას კანონმდებლობა არ ავალდებულებდა რაიმე სახის აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2013 წელს მოქმედი რედაქცია) 24-ე მუხლი არეგულირებს გამოსაცდელი ვადით პირის სამსახურში დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის X თავით რეგლამენტირებულია პირის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხები, რომლის შესაბამისად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს (მუხლი 93), სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული ან დანიშნული (მუხლი 94.1). ამავე კანონის 110-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან განთავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით.
აღნიშნული კანონის დანაწესებიდან გამომდინარე, გამოსაცდელი ვადით სამსახურში მიღებული მოხელე შესაბამის ვადაში ექვემდებარება შემოწმებას. მართალია, გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასება განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, თუმცა ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს მოხელის თანამდებობასთან შესაბამისობა ან შეუსაბამობა შესაბამისი შეფასების აქტით და ამის საფუძველზე მოხელის თანამდებობაზე დანიშვნაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოხელის უვადოდ სამსახურში დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება კასატორის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.3 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გასვლის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელე ნ. გ-ს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ ჩაბარებია მისი არარსებობის გამო, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უსაფუძვლოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი