#ბს-505-502(კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 12 იანვარს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ 29940 ლარის ოდენობით მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ივნისის #27-42 საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 20 ივნისის #30868 ბრძანების, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის 2015 წლის 15 ივნისის #21002 ბრძანებით დამტკიცებული „თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ“ დებულების საფუძველზე მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 29940 ლარის ოდენობით მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ივნისის #27-42 საგადასახადო მოთხოვნა, 2014 წლის 20 ივნისის #30868 ბრძანება გადასახადების/გადასახდელებისა და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის #36882 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა მოგების გადასახადში ვალდებულების განსაზღვრა 2015 წლის 15 ივნისის #21002 ბრძანებით დამტკიცებული „თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ“ დებულების შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
2016 წლის 27 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალების შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 22 მაისის #22114 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „...ეს“ კამერალური საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 13 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 20 ივნისს გამოცემულ იქნა გადასახადების/გადასახდელებისა და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/ შემცირების შესახებ #30868 ბრძანება, ხოლო ამ ბრძანების საფუძველზე - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 20 ივნისის #27-42 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შპს „...“ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2014 წლის 13 აგვისტოს #36882 ბრძანებით შპს „...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 13 აგვისტოს #36882 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 13 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტთან, მის საფუძველზე გამოცემულ 2014 წლის 20 ივნისის #30868 ბრძანებასა და 2014 წლის 20 ივნისის #27-42 საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, შპს „...“ საქმიანობა არის თხილის გადამუშავება და ექსპორტი. მისი შემოწმება განხორციელდა „თხილის გადამუშავებისა და შენახვისას საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 3 სექტემბრის #16141 ბრძანებით დამტკიცებული თხილის გადამუშავებისას საწარმოო დანაკარგის განსაზღვრის წესის შესაბამისად. აღნიშნული წესი სადავო პერიოდში რამდენჯერმე შეიცვალა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 ივნისის #21002 ბრძანებით დამტკიცდა ახალი რეგულაციები, კერძოდ, „თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ“ დებულება დანართი #1-ის შესაბამისად. ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე პერიოდში ნაჭუჭგაუცლელი (გაუტეხავი) თხილის შრობის (ტენის შემცირების) საწარმოო დანაკარგის წლიური საშუალო ოდენობა განისაზღვრა ამ ბრძანების შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „თხილის გადამუშავებისა და შენახვისას საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 3 სექტემბრის #16141 ბრძანება. ბრძანების დანართი #1-ის თანახმად, „თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის შესახებ“ დებულება ადგენს ნაჭუჭგაუცლელი თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის წლიურ საშუალო ნორმას. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი/მოყვანილი თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის საშუალო ოდენობა განისაზღვრება 22%-ის ოდენობით. მითითებული მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმა ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ნაჭუჭგაუცლელი (გაუტეხავი) თხილის გადამუშავებას ან/და ექსპორტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან „თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 ივნისის #21002 ბრძანებით დამტკიცებული დებულება არ ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე დასრულებულ საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სადავო საგადასახადო ვალდებულება არ არის აღიარებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შპს „...“ საგადასახადო შემოწმებით მოცულ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდზე უნდა გავრცელდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 ივნისის #21002 ბრძანებით დამტკიცებული „თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის შესახებ“ დებულების ნორმები და დანაკლისის საშუალო ოდენობა უნდა განისაზღვროს ამავე ბრძანებით დადგენილი - 22%-ით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი