Facebook Twitter

საქმე #330310015001169444

#ბს-513-510(კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 30 ნოემბერს გ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის MOD 1 15 00000849 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 2007 წლის 26 ივნისის #259 ხელშეკრულების მე–5 მუხლის 5.1.9 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ, გ. ბ-ისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის შესრულების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის MOD 1 15 00000849 ბრძანება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 26 ივნისის N259 ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ, გ. ბ-ისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის შესრულება დაევალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, გ. ბ-ს სადავოდ არ გაუხდია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის #2628 ბრძანება კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ და 2012 წლის 1 მარტის #488 ბრძანება კადრების განკარგულებიდან ვადის ამოწურვის გამო გათავისუფლების შესახებ.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს, რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ ეს ფაქტები, ასევე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის ან განცხადების შეტანის შესახებ.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2007 წლის 26 ივნისის #3590 კონტრაქტის შესაბამისად, გ. ბ-ს სამხედრო სამსახურის გავლის 5-წლიანი კონტრაქტის ვადა უმთავრდებოდა 2012 წლის 26 ივნისს, ხოლო თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის #488 ბრძანებით გ. ბ-ი დაითხოვა შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში, კონტრაქტის ვადის დასრულებამდე. ფაქტობრივად, გ. ბ-ს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე უსაფუძვლოდ უთითებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლებზე და ხელშეკრულების ძალით ითხოვს ხელშეკრულების ძალოვან შესრულებას, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, გ. ბ-ს საპასუხო ქმედება არ განუხორციელებია და თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა საპასუხო შესრულებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია მოსარჩელე გ. ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 26 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმაზე მითითებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა შეესრულებინა კონტრაქტის 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება და ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის შემდეგ – 2011 წლის 26 ივნისისათვის გადაეცა საცხოვრებელი ფართი, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა და რომლის შესრულებაზეც მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობს იმ მიზეზით, რომ გ. ბ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული (26.06.2007წ. #259) კონტრაქტი შეწყდა სამხედრო სამსახურის გავლის 5-წლიანი ვადის დასრულებამდე, შესაბამისად, საქართველოს თავადვის სამინისტროს კონტრაქტის 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ წარმოშობია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წლის 26 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ბ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, ხუთი წლის ვადით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 წელს, რომელიც აითვლებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნებოდა კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტის თანახმად, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ სამხედრო მოსამსახურეს - გ. ბ-ს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის #2628 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ... საარტილერიო ბრიგადის შტაბის G-1–ის კადრების ოფიცერი (შტაბი N8/888–01), მაიორი გ. გ. ძე ბ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J–1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის #488 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J–1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ... საარტილერიო ბრიგადის შტაბის ყოფილი G-1–ის კადრების ოფიცერი, მაიორი გ. გ. ძე ბ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 30 იანვრიდან.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებაში და მიუთითებს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის #ბს-662-637(კ-13) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ვადაზე ადრე, არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ვალდებულება, რომლის შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს შესაბამის პირს (კრედიტორს). დასრულდა ხელშეკრულება, მაგრამ არა ვალდებლებითი ურთიერთობა, რომლის დასრულებას იწვევს ჯეროვანი შესრულება, შეთანხმებული შედეგის დადგომა და სხვ.. სამინისტროს ვალდებულება გამომდინარეობს კონტრაჰენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების პირნათლად შესრულებისაგან. გ. ბ-ის მიერ ვალდებულების სათანადო შესრულება დავას არ იწვევს, გ. ბ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტი შეწყდა და გ. ბ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის #583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე–13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე–3 პუნქტის საფუძვლით (მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა სამსახურებრივი გადაადგილებისას), რაც არ ყოფილა გ. ბ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული (26.06.2007წ. #259) კონტრაქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი პირობა.

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით (კონსტიტუციური სარჩელი #614-616) გ. ბ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რაც თავის მხრივ, საფუძვლად დაედო მასსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

ყოველივე ზემოაღნიშნული კი ქმნის განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალდებულების შესრულების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი