Facebook Twitter

საქმე #330310015001169400

#ბს-521-518(კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 30 ნოემბერს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2015 წლის 30 ივნისის შერჩევითი შემოწმების #39 აქტის თაობაზე შპს „...“ მიერ შეტანილ საჩივარზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა 2015 წლის 30 ივნისის შერჩევითი შემოწმების #39 აქტზე შპს „...“ მიერ შეტანილ საჩივარზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ დოკუმენტის დასახელებით, არამედ განცხადების შინაარსობრივი მოთხოვნების მიხედვით. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარე საერთოდ არ ითხოვდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში მხარე ვალდებულია განსაზღვროს საკუთარი მოთხოვნა, კერძოდ, მოხდეს გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება, რაც არ ფიქსირდება საქმეზე დართულ არც ერთ მტკიცებულებაში, ანუ მხარემ უნდა მოითხოვოს, როგორც მინიმუმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მოქმედების ცვლილება. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რადგან აუცილებელია დაცულ იქნეს საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვა და ბუნებრივია, როდესაც დაინტერესებული პირი არ ითხოვს დავის საგნის ადმინისტრაციული საჩივრით განხილვას, რატომ უნდა განხორციელებულიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით განსაზღვრული წარმოება, მით უფრო მაშინ, როდესაც მხარის განცხადებაში პირდაპირ გაწერილია მოთხოვნის საფუძვლები: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლი.

კასატორის მითითებით, არსებული მოცემულობა იყო არა ადმინისტრაციული საჩივრით განსაზღვრული წარმოება, არამედ განცხადების საფუძველზე განხორციელებული უფლების რეალიზება.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და ასევე, მიღებულია კანონის არასწორი განმარტების შედეგად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადება ეს არის - უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით კი ადმინისტრაციული საჩივარი არის - დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახლი ადმინისტრაციულ-საამრთლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 30 ივნისის შერჩევითი შემოწმების #39 აქტი შედგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მოსარჩელე მხარემ 2015 წლის 12 აგვისტოს #138/01-04 განცხადებით, წერილობითი ფორმით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ შპს „...“ დარიცხული ჯარიმის სამმაგი ოდენობის დაანგარიშების მეთოდოლოგიის განმარტება. ასევე, მოთხოვნილ იქნა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 15 აპრილამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების #39 აქტის სამოტივაციო ნაწილში იდენტური საჯარიმო მუხლების გამოყენებით რატომ იყო გამოყოფილი პაციენტები არაპროპორციულად, კერძოდ, 5.1. პუნქტში გამოყოფილი იყო ცალკე პაციენტი ლ. მ-ე, ხოლო დანარჩენი 60 პაციენტი ცალკე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ განცხადებას აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი, ვინაიდან აღნიშნული წერილი შეიცავდა პრეტენზიას ჯარიმის გამოყენების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ასევე განცხადების ავტორი სადავოდ ხდიდა ჯარიმის დაანგარიშების პრინციპს და სხვა საკითხებს. დოკუმენტის ადმინისტრაციულ საჩივრად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია არა მისი დასახელება, არამედ შინაარსი, კერძოდ, დოკუმენტის ავტორი მოითხოვს თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შემოწმებას (გადახედვას). მოცემულ შემთხვევაში შპს „...“ მიერ 2015 წლის 13 აგვისტოს წარდგენილი განცხადების მოთხოვნის განხილვა საჭიროებდა სანქციის დაკისრების თაობაზე უკვე მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას, იყო თუ არა დარღვეული ჯარიმის გამოყენების მეთოდოლოგია, ასევე იყო თუ არა ჯარიმის ოდენობის გამოთვლისას დაშვებული ისეთი შეცდომა, რომლის შესწორება შპს-ს მიერ მიჩნეული დარღვეული უფლების აღდგენას გამოიწვევდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ხსენებული განცხადება აკმაყოფილებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში მოცემულ ადმინისტრაციული საჩივრის განმარტების კრიტერიუმებს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ამ შინაარსის განცხადების განხილვისას ეხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით დადგენილი წესით და სათანადო ადმინისტრაციული წარმოების წარმართვით განეხილა განცხადებაში დასმული საკითხები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი