საქმე Nბს-540-537(კს-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“
მოწინააღმდეგე მხარეები: ს. გ-ე, მ. ქ-ე, ზ. თ-ე, ა. თ-ე, რ. თ-ე
მესამე პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2016 წლის 3 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. განმცხადებელმა ს. გ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების 3089.00 კვ.მ-დან - 313 კვ.მ. ფართზე და რ. თ-ის (პ/ნ ...), ზ. თ-ის (პ/ნ ...), ა. თ-ისა (პ/ნ ...) და მ. ქ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 2502.00 კვ.მ-დან - 38 კვ.მ. ფართზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების გამო დაინტერესებული პირების ს. გ-ის, რ. თ-ის, ზ. თ-ის, ა. თ-ისა და მ. ქ-ის მიმართ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდა; სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, შემდეგი მესაკუთრეების უძრავ ქონებაზე: ა) ს. გ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N..., მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი - 3089.00 კვ.მ, პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა მიწის ნაკვეთის ნაწილი, საექსპროპრიაციო უძრავი ქონება - 313 კვ.მ; ბ) რ. თ-ის (პ/ნ ...), ზ. თ-ის (პ/ნ ...), ა. თ-ის (პ/ნ ...) და მ. ქ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N..., მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი - 2502.00 კვ.მ, პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა მიწის ნაკვეთის ნაწილი, საექსპროპრიაციო უძრავი ქონება - 38 კვ.მ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. გ-ემ; რ., ზ., ა. თ-ებმა და მ. ქ-ემ.
2017 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომაზე აპელანტ ს. გ-ის წარმომადგენელმა ი. ჯ-ემ სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად დგინდებოდა, რომ ს. გ-ემ, რ., ზ., ა. თ-ეება და მ. ქ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის, რომლითაც ითხოვენ თავიანთ ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 15 სექტემბრის №1-1/496 ბრძანების (რომლითაც სამინისტრომ ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“) ბათილად ცნობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით შეჩერდა №3/ბ -22-17 წ. ადმინისტრაციული საქმის (აპელანტები - ს. გ-ე; რ., ზ., ა. თ-ეები, მ. ქ-ე) წარმოება - ს. გ-ის, რ., ზ., ა. თ-ეების და მ. ქ-ის სარჩელით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 15 სექტემბრის №1-1/496 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ) წარმოებული ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე შესაძლებელია შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომელთა არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი მოცემული დავის განხილვა და გადაწყვეტა. საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არ არის განსაზღვრული, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აღნიშნული პროცესუალური საკითხის მოსაწესრიგებლად გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასახელებს შემთხვევებს, როცა სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას (სსკ 279), და, როცა სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია შეაჩეროს საქმის წარმოება (სსკ 280-ე მუხლი). საქმის წარმოების შეჩერების დამატებითი შემთხვევებისას, სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რა დროსაც ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია კანონით გათვალისწინებული საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
სააპლეაციო პალატამ განმარტა, რომ სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე, შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული - „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს”. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს. სამართალწარმოების მნიშვნელოვანი პრინციპის - პროცესის ეკონომიის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სხვა საქმის განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიუთთა, რომ ს. გ-ე, რ., ზ., ა. თ-ეები და მ. ქ-ე სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების უარყოფას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე წინადადებით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ექსპროპრიაციის უფლება მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების მიმართ მინიჭებული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 15 სექტემბრის №1-1/496 ბრძანებით, რაც მხარეებმა გაასაჩივრეს სხვა სასამართლოში და დავა არ არის დასრულებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „საქართველოს სახელმწფო ელექტროსისტემამ“.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეჩერების შეჩერებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვა, რომელიც ეხება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმას. თავის მხრივ, სასარჩელო მოთხოვნის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 15 სექტემბრის 1-1/496 ბრძანების ბათილად ცნობა. აღნიშნულ დავაზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა მოსარჩელეებზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტი, რომლის არასწორი განმარტების საფუძველზე საქმეზე გამოტანილი იქნა უკანონო განჩინება, რადგან აღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს შეაჩეროს საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, როცა სხვა სასამართლოში სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით იხილება საქმე, რომელიც შემხებლობაშია განსახილველ საქმესთან და მის გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში იხილება საექსპროპრიაციო ქონების მესაკუთრე ფიზიკური პირების კერძო საჩივარი, რომელიც ეხება საქალაქო სასამართლოს დასაბუთებულ განჩინებას, განმწესრიგებელ სხდომაზე დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. სასამართლოში არ იხილება საქმე - სარჩელი, რომელიც სასამართლოს წარმოებაში ექნებოდა მიღებული და რომელზეც სესაძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილების გამოტანა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის დანაწესთან. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება“. აღნიშნული ნორმის თანახმად, ექსპროპრიაციის უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა არა გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პროცესუალურ სამართლებრივ შეფასებას, რომლის საფუძვლიან კრიტიკას არ შეიცავს კერძო საჩივარი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით შეჩერდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2016 წლის 3 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმის განხილვა, ს. გ-ის, რ., ზ., ა. თ-ეებისა და მ. ქ-ის სარჩელზე (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 15 სექტემბრის №1-1/496 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ) წარმოებული ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ნორმის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 279-ე და 280-ე მუხლებში. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს უფლებას შეაჩეროს საქმის წარმოება თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს თუ რამდენად არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის შეჩერების ის საფუძველი, რომელიც დეფინიცირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში, რაც სასამართლოსათვის საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულებას წარმოშობს.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ს. გ-ის, რ., ზ., ა. თ-ეებისა და მ. ქ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვენ თავიანთ ნაწილში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 15 სექტემბრის №1-1/496 ბრძანების ბათილად ცნობას. პალატას მიაჩნია, რომ აგრეთვე შესაფასებელია, თუ რამდენად არის ფაქტობრივად და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული აღნიშნული და ამჟამად განსახილველი საქმე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების საფუძველს წარმოადგენს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მესამე მუხლის პირველი პუქტის საფუძველზე გამოცემული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 15 სექტემბრის №1-1/496 ბრძანება, რომლის თანახმად ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“. სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი გახდა ს. გ-ის, რ., ზ., ა. თ-ეებისა და მ. ქ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეები მოითხოვენ თავიანთ ნაწილში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 15 სექტემბრის №1-1/496 ბრძანების ბათილად ცნობას. სადავო ბრძანების მე-2 პუნქტი ითვალისწინებს, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების განხილვა შეუძლებელია განცხადების საფუძვლად წარმოდგენილი ინდივიდუალური ადმნისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე წარდგენილ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რამდენადაც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 3 ოქტომბერს წარდგენილი განცხადება და ს. გ-ის, რ., ზ., ა. თ-ეებისა და მ. ქ-ის 2016 წლის 11 ნოემბრის სარჩელი გამომდინარეობენ ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან. მართალია, სარჩელი წარმოებაში არ იქნა მიღებული, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს წარმოებაში არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი, შესაბამისად არსებობს შესაძლებლობა, რომ სარჩელი განხილულ იქნეს არსებითად.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა წარმოქმნილ სიტუაციას, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის შეჩერების თაობაზე კანონიერია და განპირობებულია იმით, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ექსპროპრიაციის უფლება მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების მიმართ მინიჭებული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 15 სექტემბრის №1-1/496 ბრძანებით, რაც მხარეებმა გაასაჩივრეს სხვა სასამართლოში და დავა არ არის დასრულებული. ხოლო, საკასაციო პალატას არ გააჩნია მოცემულ საქმეზე ს. გ-ის, რ., ზ., ა. თ-ეებისა და მ. ქ-ის 2016 წლის 11 ნოემბრის სარჩელის დასაშვებობის კანონიერებაზე მსჯელობის პროცესუალური შესაძლებლობა.
ზემოთქმული მსჯელობიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განმხილველი საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში სწორედ ის სამართლებრივი და ფაქტობრივი პირობებია წამოჭრილი, რაც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა განაგრძოს საქმის წარმოება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებით დაწყებულ სამართალწარმოებაზე მანამ, სანამ ს. გ-ის, რ., ზ., ა. თ-ეებისა და მ. ქ-ის 2016 წლის 11 ნოემბრის სარჩელზე არ დასრულდება სამართალწარმოება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლში სწორედ საქმის წარმოების გაგრძელების შეუძლებლობაზეა დათქმა, რაც განსახილველ შემთხვევაში აშკარად სახეზეა და ამ მოცემულობით სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განაგრძოს საქმის განხილვა სასამართლოს მიერ იმ ფაქტის გარკვევამდე, (რაც უკავშირდება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების საფუძველს) რაც საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერება უკანონოა იმ მოტივით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია კერძო საჩივარი და სასამართლოში არ იხილება საქმე - სარჩელი, რომელიც სასამართლოს წარმოებაში ექნებოდა მიღებული და რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილების გამოტანა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითებული მსჯელობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან და სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება დაადგინა, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის ფაქტობრივ-პროცესუალური მხარე, მიაჩნია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე