Facebook Twitter

№ბს-548-545(კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ფ-ის, გ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. მ-ის, ს. ზ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, რ. კ-ის, ლ. გ-ისა და ნ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 7 ოქტომბერს გ. ფ-ემ, გ. გ-ემ, მ. გ-ემ, ნ. მ-მა, ს. ზ-ემ, მ. კ-ემ, მ. მ-ემ, ნ. ზ-ემ, რ. კ-ემ და ლ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელეებმა საჩხერეში, ... ქუჩაზე მ. ს-ესა და ნ. ქ-ეზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და სავაჭრო დანიშნულების შენობის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 27 ივლისის №53 727 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

2016 წლის 30 მარტს გ. ფ-ემ, გ. გ-ემ, მ. გ-ემ, ნ. მ-მა, ს. ზ-ემ, მ. კ-ემ, მ. მ-ემ, ნ. ზ-ემ, რ. კ-ემ და ლ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელეებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 ივნისის №91 განკარგულების (რომლითაც განხორციელდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საჩხერეში, ... ქუჩაზე, ზონა - ..., სექტორი - ..., ფართობი - 1000 კვ.მ) და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის №30 განკარგულების (რომლითაც აღნიშნული 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი დაიყო სამ ერთეულად და აღირიცხა ცალ-ცალკე 576 კვ.მ, 239 კვ.მ, 185 კვ.მ) ბათილად ცნობა მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. ქ-ე და მ. ს-ე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის, გ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. მ-ის, ს. ზ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ნ. ზ-ის, რ. კ-ისა და ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ფ-ემ, გ. გ-ემ, მ. გ-ემ, ნ. მ-მა, ს. ზ-ემ, მ. კ-ემ, მ. მ-ემ, ნ. ზ-ემ, რ. კ-ემ და ლ. გ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გ. ფ-ის, გ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. მ-ის, ს. ზ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ნ. ზ-ის, რ. კ-ისა და ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ფ-ემ, გ. გ-ემ, მ. გ-ემ, ნ. მ-მა, ს. ზ-ემ, მ. კ-ემ, მ. მ-ემ, ნ. ზ-ემ, რ. კ-ემ და ლ. გ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორები საკასაციო საჩივარს აფუძნებდნენ იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისისა და 4 სექტემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ფ-ის, გ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. მ-ის, ს. ზ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, რ. კ-ის, ლ. გ-ის და ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის, გ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. მ-ის, ს. ზ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, რ. კ-ის, ლ. გ-ისა და ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 20 ივლისის №53 727 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა საჩხერეში, ... ქუჩაზე მ. ს-ესა და ნ. ქ-ის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მე-2 კლასის შენობა-ნაგებობისათვის. აღნიშნული ბრძანებით მ. ს-ესა და ნ. ქ-ეს ნება დაერთოთ საჩხერეში, ... ქუჩაზე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ..., ფართობი - 142.00მ2) ეწარმოებიათ სავაჭრო დანიშნულების შენობის მშენებლობა, პროექტით განსაზღვრული ტექნიკური მაჩვენებლებით: განაშენიანების ფართი - 113,60მ2 სამშენებლო მოცულობა - 795,20მ2, საერთო სასარგებლო ფართი - 227,20 მ2, მშენებლობის ვადად განესაზღვრათ ერთი წელი. ასევე დავის საგანია საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის №30 განკარგულება, რომლითაც განხორციელდა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ...ქუჩაზე მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის (მოედანი) დაყოფა სამ ნაკვეთად, კერძოდ, 576 კვ.მ, 239 კვ.მ და 185 კვ.მ.

მოსარჩელეები დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებენ იმ გარემოებით, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 2 დეკემბრის №54 განკარგულებით დამტკიცდა საჩხერის კომერციული ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტი და მშენებლობის ნებართვის გაცემისას ან მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების დროს აღნიშნული ნებართვა იყო განმსაზღვრელი; საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 20 ივლისის №53 727 ბრძანებით კი სწორედ იქ, სადაც აღნიშნული განკარგულებით აკრძალული იყო მშენებლობა, მ. ს-ესა და ნ. ქ-ეს ნება დაერთო სავაჭრო დანიშნულების შენობის მშენებლობის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების მატერიალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალება/ შედგება ორი ელემენტისაგან - სარჩელის საგნისა და საფუძვლისაგან. სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ანუ სარჩელის საგანია მოსარჩელის უფლება, რომლის შესახებაც ის მოითხოვს გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი და არა მოთხოვნის მატერიალური ობიექტი. სარჩელის საფუძველი, თავის მხრივ, შედგება სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლისაგან. ამასთან, სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს სარჩელით წამოყენებული მოთხოვნის მიმართ უნდა გააჩნდეს მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი. სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ „თავისი“ უფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კასატორებმა საკასაციო საჩივრით ვერ დაადასტურეს სადავო აქტების ბათილად ცნობით მათთვის რა შედეგი დადგებოდა, რა კანონიერი ინტერესი გააჩნიათ მათ სადავო აქტების მიმართ, რითი შეილახა მათი უფლებები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათი მიწის ნაკვეთის საკუთრების ფარგლებში სხვისი საკუთრების მიწის ნაკვეთის საზღვრის კვეთის ფაქტი არ არსებობს. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზედდებას. საქმეში არსებული საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 27 აგვისტოს №53/3893 წერილით დადასტურებულია, რომ მათ საკუთრებაში არსებულ დაუმთავრებელ კორპუსთან დაკავშირებით გამგეობის მხრიდან შეთავაზებულ იქნა, რომ წარედგინათ საპროექტო წინადადება, რომელსაც განიხილავდა გამგეობა და მიეცემოდათ რეკომენდაცია მომდევნო ეტაპზე მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებებს სადავო საკითხთან მიმართებაში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. ს-ს გ. ფ-ის, გ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. მ-ის, ს. ზ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, რ. კ-ის, ლ. გ-ისა და ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე 2017 წლის 2 მაისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. ს-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ფ-ის, გ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. მ-ის, ს. ზ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, რ. კ-ის, ლ. გ-ისა და ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. ვ. ს-ს დაუბრუნდეს გ. ფ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარზე 2017 წლის 2 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი