ბს-565-562(კ-17) 14 დეკემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ც-ე-ბ-ამ 29.09.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მესამე პირის - დ. ჭ-ის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 22.08.2014წ. N951 ბრძანებით შექმნილი კომისიის 26.08.2014წ. N4 სხდომის ოქმის ქ. თბილისის N სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის რ. ც-ე-ბ-ას წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 29.08.2014წ. N977 ბრძანების ქ. თბილისის N სკოლაში წარსადგენ დირექტორთა კანდიდატების ნაწილში ბათილად ცნობა, „ქ. თბილისის N საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დ. ჭ-ის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 09.09.2014წ. 1/კ-689 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის რ. ც-ე-ბ-ას ქ. თბილისის N საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატად წარდგენისა და N საჯარო სკოლის დირექტორის არჩვნების დღის დანიშვნის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.10.2014წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება დ. ჭ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.2016წ. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ მოხსნა „ქ. თბილისის N საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დ. ჭ-ის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 09.09.2014წ. 1/კ-689 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2016წ. გადაწყვეტილებით რ. ც-ე-ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 22.08.2014წ. N951 ბრძანებით შექმნილი კომისიის 26.08.2014წ. N4 სხდომის ოქმი ქ. თბილისის N... სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის რ. ც-ე-ბ-ას წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 29.08.2014წ. N977 ბრძანება ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის რ. ც-ე-ბ-ას წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელის მიმართ ახალი აქტის გამოცემა, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 27.01.2017წ. განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ გამოიყენა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 42-ე მუხლი, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24.02.2011წ. N25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი“, მაგრამ არანაირი განმარტება და შეფასება არ მიუცია მათთვის. სასამართლომ ვერ მიუთითა, თუ კონკურსის რომელი პრინციპი დაირღვა სამინისტროს მხრიდან. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 29.08.2014წ. N977 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სასკ-ის 262.5 მუხლი და შეეწყვიტა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით, რადგან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 24.02.2011წ. N25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ 201.3 და 201.4 მუხლებიდან გამომდინარე, მხოლოდ კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენდა დირექტორთა კანდიდატების შერჩევა და, ამდენად, სადავო ბრძანების გამოცემისას მინისტრი არ მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთანავე, აღნიშნული ბრძანებით ზიანი არ მისდგომია მოსარჩელეს, რადგან აქტი, რომლითაც კანდიდატს უარი ეთქვა სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენაზე, არის კომისიის სადავო ოქმი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 42.1 მუხლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. აღნიშნული პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ჩატარდეს სათანადო წარმოება და დადგინდეს კონკურსანტის კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობა სკოლის დირექტორის თანამდებობასთან. ამასთანავე, კომისიამ სზაკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო წესით უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი