საქმე #330310015001021794
#ბს-572-569(კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 29 ივნისს მ. ი-ე-ბ-მა და თ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის #824 და #825 ბრძანებების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მოსარჩელეებისათვის - მ. ი-ე-ბ-ისა და თ. ბ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ი-ე-ბ-ისა და თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ი-ე-ბ-მა და თ. ბ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ი-ე-ბ-ისა და თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის #824 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ი-ე-ბ-ისა და თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის #824 ბრძანება თ. ბ-ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თ. ბ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად დაედო დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 01.05.2015წ. #01-01/06-5158 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დასკვნა დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2013 წლის დეკემბერში დევნილთა რეგისტრაცია გაიარა თ. ბ-მა პ/ნ ..., რომელიც დევნილად რეგისტრირებულია 2010 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ახალგორი სოფ. ....
ვინაიდან სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია თ. ბ-ის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის 15 იანვარს გაიგზავნა #01-01/07/1022 წერილი, რომლის 2015 წლის 24 თებერვლის #9324/01 საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ მოქალაქე თ. გ. ძე ბ-ი (პ/ნ ...) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ....
კასატორის მითითებით, გასაუბრების დროს მოქალაქე თ. ბ-მა აღნიშნა, რომ დაიბადა 19... წელს, ახალგორში. საშუალო განათლება მიიღო ახალგორის რაიონის საშ. სკოლაში. 1975-1977წწ იმყოფებოდა ჯარში. 1985 წელს დაოჯახდა ახალგორში. 1977-1987წწ მუშაობდა ახალგორში, ხოლო 1987 წლიდან ეწეოდა სოფლის მეურნეობას. შვილებმა - მ. და თ. სწავლა დაიწყეს ქ. თბილისის საშ. სკოლაში 1992-1995 წელს და დაამთავრეს ქ. თბილისში. მათ არ აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. მისი განცხადებით ქ. თბილისში შვილები ცხოვრობდნენ დეიდასთან ერთად. საცხოვრებელი ფართი, რომელიც შეძენილი ჰქონდა ქ. თბილისში 2008 წელს, დაინგრა. მეუღლე მ. ი-ე-ბ-ი 1989 წლამდე მუშაობდა ქ. თბილისში. როგორც თავად აღნიშნავს, დევნილობამდე ცხოვრობდა მეუღლესთან - მ. ი-ე-ბ-თან, დედასთან - მ. პ-ი-ბ-თან, მამასთან - გ. ბ-თან, შვილებთან - მ. და თ. ბ-ებთან ერთად, მისამართზე: ახალგორი, სოფ. ... და ქ. თბილისში ჩადიოდა პერიოდულად შვილების მოსანახულებლად. ახალგორი დატოვა 2008 წლის 12 აგვისტოს. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესთან - მ. ი-ე-ბ-თან, შვილთან - თ. ბ-თან და შვილიშვილთან - თ. თ-თან ერთად, მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზ. #67.
კასატორის განმარტებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული #9324/01 წერილსა და გასაუბრების მასალებზე დაყრდნობით სამინისტრომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ახალგორის რაიონის სოფ. ... არ ყოფილა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება პირის ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს და გამოკვლეული უნდა ყოფილიყო მისი მუდმივი საცხოვრებლის ადგილსამყოფელი. თუმცა თავად ახდენს იგნორირებას, საქმეში არსებულ ისეთი მტკიცებულებების, როგორიცაა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის #9324/01 წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქე თ. გ. ძე ბ-ი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ....
შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია პალატის განმარტება თითქოს სამინისტრომ აქტი გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების გარეშე, მაშინ, როდესაც სამინისტრომ შეისწავლა მოსარჩელეების ოჯახის საკითხი და საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი. ამასთან, სამინისტრომ საკითხის შესწავლის დროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიც დაიხმარა, რომ დაედგინა მოსარჩელეების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ: მიმართა ახალგორის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლობას მუდმივი საცხოვრებლის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით; დაადგინა მოსარჩელეების და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილისა თუ რეგისტრაციის მისამართები; ჩაატარა პროცედურით გათვალისწინებული გასაუბრება; დაიცვა ყველა პროცედურა, რომელიც კანონით გათვალისწინებულია მოცემული საკითხის გადასაწყვეტად.
კასატორის მითითებით, პალატამ, თავის მხრივ, სრულად გაიზიარა, როგორც სამინისტროს, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ი-ე-ბ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის ნაწილში, თუმცა თ. ბ-თან დაკავშირებით გაიზიარა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც არ ყოფილა წარდგენილი არც სამინისტროში აღნიშნული საქმის განხილვის ეტაპზე და არც საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს; პალატამ მტკიცებულებად ჩათვალა არ აღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკის ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ თ. ბ-ი ირიცხებოდა 1979-2006 წლების სოფ. ... სამეურნეო წიგნში და ასევე მტკიცებულებას, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების მიღებისას, კერძოდ, ახალგორის ვეტერინარული ექიმის ცნობას, არ გააჩნია არავითარი ელემენტარული მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რაც უტყუარად თუ არ დაადასტურებდა, მინიმუმ სარწმუნოს მაინც გახდიდა აღნიშნული დოკუმენტის სინამდვილეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა რეგულირდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს: იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას და ზოგადად დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და ამ ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ძირითად მოტივად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის - თ. ბ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად არ შეიძლება მიჩნეულიყო ახალგორის რაიონის სოფ. ....
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-1896-1849(კ-10) და #ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქარჩოხის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2014 წლის 3 ივლისის და 2015 წლის 27 იანვრის წერილებიდან ირკვევა, რომ მ. ი-ე-ბ-ს და მის მეუღლეს - თ. ბ-ს გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები ახალგორის რაიონის სოფ. .... ოჯახი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მხოლოდ პერიოდულად ახერხებდა სოფ. ... კავშირს.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალგორის სამსახურის მიერ 2006 წლის 15 სექტემბერს თ. ბ-ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომლის თანახმადაც, თ. ბ-ის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ახალგორი, სოფ. ....
საქმეშია ასევე ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის საარქივო განყოფილების მიერ გაცემული საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც, ქარჩოხის ს/საბჭოს დოკუმენტებში ს. ... 1979-2006 წლების სამეურნეო წიგნში ირიცხება თ. ბ-ი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარდგენილ იქნა ახალგორის ვეტერინარული ექიმის ცნობა, რომლის თანახმადაც, თ. ბ-ს 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტამდე ახალგორის რაიონის სოფელ ... ჰყავდა როგორც წვრილფეხა, ასევე მსხვილფეხა საქონელი, რომელთაც მათ მიერ უტარდებოდათ პროფილაქტიკური აცრები.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ თ. ბ-ი აკმაყოფილებს „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი