საქმე Nბს-588-585(კ-17) 3 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ფ-ა (მოსარჩელე)
მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ფ-ამ 2015 წლის 24 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 სექტემბრის N1544 ბრძანების ბათილად ცნობა და ბ. ფ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, №3/9023-15 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე საკითხის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მართლზომიერად დაადგინა, რომ ბ. ფ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი სოფელ ... მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენის საფუძველზე ჰქონდა მინიჭებული ისეთ პირობებში, როცა დასახელებულ სოფელში მას მუდმივად არ უცხოვრია და აფხაზეთის ომის შედეგად არ დაუტოვებია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული საფუძვლით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ფ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ. ფ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 სექტემბრის N1544 ბრძანება და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტს გამართულ სხდომაზე მესამე პირის წარომადგენელმა დაადასტურა, რომ ბ. ფ-ა ჩაწერილი იყო აფხაზეთში, კერძოდ სოფელ ..., სადაც მას არ უცხოვრია, თუმცა მიუთითა რომ აპელანტი ფაქტობრივად ცხოვრობდა სოხუმში, … ქ. N251-ში. მანვე განმარტა, რომ ბ. ფ-ამ აფხაზეთი დატოვა 1992 წელს. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი ბ. ფ-ას სამხედრო ბილეთით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბ. ფ-ა 1988 წელს აყვანილი იყო სამხედრო აღრიცხვაზე სოხუმში. ასევე - საბჭოთა კავშირის პასპორტში ბ. ფ-ას ჩაწერის ადგილად მითითებული იყო სოხუმი.
სააპელაციო პალატამ, ასევე ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ დევნილი სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადება-ანკეტაზე, რომლის მე-6 პუნქტში დამატებით ინფორმაციად მითითებულია ნ. რ-ს განმარტება, რომლითაც იგი ადასტურებდა რომ იგი იყო … სახლის დიასახლისი და ამ სახლში ნამდვილად ცხოვრობდა ბ. ფ-ა.
სააპელაციო პალატამ ზემოხსენებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებების, ასევე მხარეთა ახსნა განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევა-შეფასებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ბ. ფ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა სოხუმი ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა გარემოებას, რომ ბ. ფ-ას აფხაზეთში მუდმივად არ უცხოვრია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ბ. ფ-ას საქმეზე ჩაატარა არასრული ადმინისტრაციული წარმოება, რის გამოც მისი ყურადღებისა და კრიტიკული, საქმიანი განსჯის/შეფასების მიღმა დარჩა ბ. ფ-ას საქმის სწორად, დასაბუთებულად გადაწვეტის მიზნებითვის მნიშვნელოვანი მთელი რიგი გარემოებები და ფაქტები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, შეფასებისა და მოქმედების თავისუფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, თუმცა განაცხადა უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სასამართლოს მოცემული მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ასევე აქვს უფლება განჩინებით მოაწესრიგოს სადაო საკითხი. აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ სადაო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები) მეორე პუნქტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N 287 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად-დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015წლის 18 აგვისტოს N11544 ბრძანების შესაბამისად ბ. ფ-ას ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა ფაქტოვრივი გარემოებების გამოკვლევა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით და აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი სახლი. მოცმეულ შემთხვევაში კი ბ. ფ-ა ჩაწერილი იყო სოხუმის რაიონის სოფელ ... საკუთრების გარეშე. ბ. ფ-ა მცირე პერიოდით (2 წელი) იყოფებოდა ქ. სოხუმში, სადაც არ გააჩნდა ძირითადი საქმიანობა, არ გააჩნდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი, ხოლო უახლოესი ნათესავები ცოლი, ჩვილი ბავშვი, მშობლები ცხოვრობდნენ ქ. ზუგდიდში მამაპაპისეულ სახლში, შესაბამისად მუდმივ საცხოვრებლად ვერ იქნება მიჩნეული სოხუმი.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირათა-დევნილტა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ჩაითველება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქების არ მქონე პირი, რომელიც იძულები გახდა მუდმივის საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნიოს მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიკტის, საყოველთაო ძალადობიოს ან/და ადამიანის მასობრივი უფლებების დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მას ან მის ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოარნიშნული მიზეზების გათვალისიწნებით შეუძლებელია მისი მუდმივი საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. განსახილველ შემთხვევაში კი ბ. ფ-ას შესახებ არსებული მონაცემები წინააღმდეგობაშია ზემომითითებულ კანონთან, რომლის თანახმად იმპერატრიულადაა დადგენილი, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობაა, რომ პირს იძულებით ჰქონდეს დატოვებული მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სტატუსის მინიჭების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.
კასატორის აღნიშნავს, რომ აფხაზეთის წარმომადგენლობიდან მიღებული წერილსა და სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოებში ჩატარებული გასაუბრების მასალების ურთერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად სამინისტრომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს იძულების წესით არ დაუტოვებია ოკუპირებული ტერიტორია და ასევე არ წარმოადგენეს 1993 წლამდე აფხაზეთში მუდმივად მუდმივად მცხოვრებ პირს. ბ. ფ-ას აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა დროებით მუშაობის მიზნით, ხოლო მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. ზუგდიდის სადაც დაიბადა, გაიზარდა, დაამთავრა სკოლა ასევე ქ. ზუგდიდიდან იქნა გაწვეული სამხედო სავალდებულო სამსახურში, მისი ცოლ- შვილიც სადაო პერიოდში ცხოვრობდნენ ქ. ზუგდიდში.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც განმარტავს, რომ იძულებით გადადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ხოლო მუდმივ საცხოვრებელ ადგილს განმარტავს იმგვარად, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი, რაც გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელ პირს. განსახილველ შემთხვევაში კი სამინისტროს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ბ. ფ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა სოხუმი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, თუმცა სამინისტროს მიერ არ იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად, რაც გამორიცხავს სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანინიერად მიჩნევის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, არ იქნა გამოკვლეული სრულყოფილად ბ. ფ-ას მუდმივი საცხოვრებლის დადგენის მიზნით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე