Facebook Twitter

საქმე Nბს-637-633(კ-17) 3 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაიულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადაგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - მ. ფ-ი, ნ. ფ-ი, თ. ფ-ი (მესამე პირები)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)

მესამე პირები - ლ. გ-ი, ნ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 21 აპრილს გ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების მ. ფ-ი, ნ. და თ. ფ-ების, ლ. გ-ის და ნ. გ-ის მიმართ და მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე, № ... საკადასტრო კოდით გ. (პ/ნ ...), ლ. (პ/ნ ...) და ნ. (პ/ნ ...) გ-ების საკუთრებაში რეგისტრირებულ 2803 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 47 კვ.მ ფართზე ნ. ფ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ სერვიტუტის უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე, № ... საკადასტრო კოდით გ., ლ. და ნ. გ-ების საკუთრებაში რეგისტრირებულ 2803 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 47 კვ.მ ფართზე ნ. ფ-ის სასარგებლოდ სერვიტუტის უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის № ... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ნ. ფ-ის მიერ 2015 წლის 28 იანვარს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე 2013 წლის 4 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით (საქმე № 2ბ/3182-12) განსაზღვრული სერვიტუტის მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობა, კოორდინატები, კონტურები, საზღვრების პარამეტრები, ამ მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლები, და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა (ამ შემთხვევაში გ-ების) აუცილებელი მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სერვიტუტის უფლების რეგისტრაციის შესახებ.

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა მ. ფ-მა ნ. და თ. ფ-ებმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინებით მ. ფ-ის, ნ. ფ-ის და თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ფ-მა, ნ. ფ-მა და თ. ფ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ 2017 წლის 22 მარტის განჩინება არის უკანონო, რადგან გ. გ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (6.02.2015 წლის N ...) ემყარება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და ამავე საქმეზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც ნ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიეცა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, შესაბამისად მათ მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით უნდა განხორციელდეს გ-ების კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 47 კვ.მ ფართის სერვიტუტის უფლებით დატვირთა.

კასატორების განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინება არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ სასამართლომ არ გამოიკვლია, ის გარემოება, რომ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება, საქმე N2ბ/3182-12) ნათლად ჩანს სერვიტუტის უფლების რეგისტრაციის საფუძველი რაც საკმარისი იყო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სერვიტუტის უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად და გ-ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 47 კვ.მ ფართის სერვუტუტის უფლებით დასატვირთად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ფ-ის, ნ. ფ-ის და თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის, ნ. ფ-ის და თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით მე-4 მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 12.06.2012 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი დადაწყვეტილება; ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. ფ-ს მიეცა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება გ. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) 1.4 მეტრზე, შესაბამისად, ნ. ფ-ის მიწის ნაკვეთიდან საჯარო გზამდე მისასვლელი 1.6 მეტრი სიგანის მქონე გზა გაიზარდა 3 მეტრამდე გ. გ-ის კუთვნილი მიწის ნასკვეთის (ს.კ....) 1.4 მეტრის ხარჯზე; გ. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნ. ფ-ს აეკრძალა აუცილებელი გზის გარდა გ. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სხვა ნაწილით უკანონო სარგებლობა და უკანონო ხელშეშლა.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2015 წლის 15 მაისის დასკვნით ირკვევა, რომ გ-ების საკუთრებაზე სერვიტუტის რეგისტრაციისას ნ. ფ-ის მიერ საჯარო რეესტრში ბ. დ-ის მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზების

მონაცემები (47 კვ.მ) არ შეესაბამება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მონაცემებს, ამასთან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 6 თებერვალს სერვიტუტის უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის გარეშე რის შედეგადაც, გ-ების საკუთრებაში რეგისტრირებული 2803 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 47 კვ.მ ფართზე განხორცილდა ნ. ფ-ის სასარგებლოდ სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სერვიტუტის რეგისტრაციის შესახებ განცხადების განხილვის დროს, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, სადავო სერვიტუტის უფლების ფარგლები, კოორდინატები, კონტურები, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს არ განუხორციელებია, ისე მიიღო 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სერვიტუტის რეგისტრაციის შესახებ.

საკასაციო პალატას მიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ფ-ის, ნ. ფ-ის და თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მარტის განჩინება;

3. კასატორებს - მ. ფ-ს (პ/ნ ...), ნ. ფ-ს (პ/ნ ...) და თ. ფ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ 18.07.2017წ. №0 საგადასახადო დავალებით ნ. ფ-ის (პ/ნ 59001069040) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის, 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე