Facebook Twitter

საქმე #330310015001051786

#ბს-660-656(2კ-17) 19 ოქტომბერი, 2017 წელი თითბერიძე ბს-660-656(2კ-17) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მ. თ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 14 დეკემბერს შპს „...“ წარმომადგენელმა ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის #05/19633 მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა და აღდგება შპს „...“ საკუთრების უფლება სადავო 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) გამოცემის დავალება მოითხოვა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის #05/19633 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

მოპასუხეთა წრის და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელე შპს „...“ დამატებით მოპასუხედ მიუთითა მ. თ-ე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის #05/19633 მიმართვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 24 ოქტომბრის #1-1/2139 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ეს შორის 2011 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2011 წლის 28 დეკემბრის #1-12770 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს „...“ სარჩელზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის #05/19633 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხვა შემადგენლობისთვის ამ ნაწილში არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით შპს „...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინება და საქმე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის #05/19633 წერილის, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მოპასუხეთა წრის და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელე შპს „...“ დამატებით მოპასუხედ მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის #05/19633 მიმართვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის #1-1/2770 ბრძანების, მარნეულის რაიონში, სოფ. ... მდებარე 322,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 24 ოქტომბრის #1-1/2139 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ეს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გაფორმებული 2011 წლის 6 დეკემბრის ნასყიდობის #626 უ.პ ხელშეკრულების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის შუამდგომლობა; შპს „...“ სასარჩელო განცხადებაზე მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში ხანდაზმულობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის #05/19633 მიმართვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საკითხის განხილვისას შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის #1-1/2770 ბრძანება შპს „...“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „...“ სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის #1-1/2770 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ (გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი); შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის #05/19633 მიმართვა და დაევალა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი აქტის გამოცემა (გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი); გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...“ სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 24 ოქტომბრის #1-1/2139 ბრძანების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ეს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გაფორმებული 2011 წლის 6 დეკემბრის ნასყიდობის #626 უ.პ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ; შპს „...“ სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის #05/19633 მიმართვა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 სექტემბრის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 24 ოქტომბრის #1-1/2139 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მ. თ-ეს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გაფორმებული 2011 წლის 6 დეკემბრის ნასყიდობის #626 უ.პ ხელშეკრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მ. თ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით აპელანტების - მ. თ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მ. თ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორს - მ. თ-ეს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არის უკანონო და უსაფუძვლო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მომხდარა მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებებისთვის არც სათანადო სამართლებრივი შეფასება და არც გადაწყვეტა, ასევე, არ განხორციელებულა გარემოებების განხილვა. სააპელაციო პალატაში საქმის წარმოების ერთადერთი საფუძველი იყო სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო განეხილა ხსენებული საქმე დავის ფარგლებში. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არის სადავო მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი შემძენი და ვიდრე ჩაინიშნებოდა აუქციონი მის მიერ მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვა, რომლითაც დგინდებოდა, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და მასზე არანაირი უფლება არ იყო რეგისტრირებული.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამინისტრო გასაჩივრებული აქტის გამოცემისას მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, გამოიკვლია რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშნვნელობის მქონე გარემოებები და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. ის, რომ სამინისტროს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, უკვე ნიშნავს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არ შეჭრილა სახელმწიფო, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უარს ეტყოდა სამინისტროს რეგისტრაციაზე.

კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია საჯარო რეესტრის როლი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისათვის. იგი ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, სრულ კონსენსუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან. მესამე პირთა დაცვის გარანტიები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას. ამასთან, უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იცავს ისეთ შემძენს, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. შემძენის ინტერესების დაცვის გარანტიებს შეიცავს ასევე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. მოცემულ შემთხვევაში შემძენი დაეყრდნო საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს და შესაბამისად, მიიღო მონაწილეობა აუქციონში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რომელიც უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით უარი უნდა ეთქვას მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.     

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისისა და 7 სექტემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მ. თ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მ. თ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის მიერ 2001 წლის 7 ივნისს განხორცილებული #... რეგისტრაციით მარნეულის რაიონის სოფელ ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაუზუსტებელი ფართის 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 95.20 კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობა (ავტოგასამართი სადგური) (ს/კ ...), საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შპს „...“ სახელზე, 2001 წლის 6 თებერვლის #43 სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 06 სექტემბერს 05/19633 წერილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 სექტემბრის #882011435925-03 გადაწყვეტილებით მარნეულის რაიონის სოფელი ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული ფართობის 322 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ ...) დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად, რომლის შესაბამისადაც მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

2011 წლის 12 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს შპს „...“ განცხადებით მიმართა და მოითხოვა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების და დამატებების შეტანა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტარციო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე (ს/კ ... ) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული 322 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით დასტურდება, რომ სადავო 35 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „...“ საკუთრებაში არსებულ 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახური ვერ უთითებს შპს „...“ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.07.2013წ. #ბს-192-184(3კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა. კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო უძრავ ქონებაზე შპს „...“ საკუთრების რეგისტრაციის განხორციელებისას, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას. არ არსებობდა ელექტრონული აზომვითი ნახაზის UTM პროექციაში წარდგენის ვალდებულების დამდგენი სამართლებრივი ნორმა. ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებდოდეს რეესტრში ასახული უფლებები. რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო გამოერკვია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა. რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სადავო პრივატიზაცია ვერ მიიჩნევა კანონიერად იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტები, ასევე მის საფუძველზე საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაცია იძლეოდა საფუძველს იმისათვის, რომ როგორც პრივატიზების ინიციატორს, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს, ასევე, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მოეხდინათ საპრივატიზებოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება და დაედგინათ მისი დამთხვევა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან; შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორის პრეზუმფცია, მიუხედავად იმისა, რომ ის მოქმედებს კეთილსინდისიერი შემძენის მიმართ, მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება პრივატიზაციის პროცესში დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების და ხელშეუხებლობის გარანტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. თ-ის საკასაციო საჩივარზე ფ. ი-ს 17.08.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. თ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მ. თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. მ. თ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ფ. ი-ის მიერ 17.08.2017წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი