საქმე Nბს-1012-1008(კს-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ფ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური (მოპასუხე)
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი. ფ-ამ 2016 წლის 08 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელის მეუღლე მ. ფ-ა აღიარებულ იქნეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილ პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ-ას წარმომადგენელმა მ. ა-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით აპელანტ - ი. ფ-ას დაუდგინდა ხარვეზი, სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე და დაევალა მ. ა-ის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულების ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. განემარტა მხარეს, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ი. ფ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაიგზავნა ი. ფ-ას მისამართზე - ქ. თბილისი, ... 6, სახლი 8 და ჩაბარდა 2017 წლის 06 სექტემბერს 11:59 საათზე, პირადად ი. ფ-ას. ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტისათვის საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 07 სექტემბერს, შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა დასრულდა 2017 წლის 14 სექტემბერს (ხუთშაბათი). აღნიშნულ ვადაში ი. ფ-ას მიერ არ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ფ-ამ.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაიბარა 2017 წლის 06 სექტემბერს, რა დროსაც იმყოფებოდა ავად, დაავადებულია ინსულინდამოკიდებული ფორმით შაქრიანი დიაბეტით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამბულატორიული წესით გადიოდა მკურნალობას, მწოლიარე მდგომარეობაში რაც დასტურდება კერძო საჩივარზე დართული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობით. ზემოღნიშნული გარემოების გამო, ვერ შეძლო ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება და მოითხოვს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაშვება ჩაითვალოს საპატიოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ი. ფ-ას კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ფ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დაცვით მოხდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა და შესაბამისად, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გამოტანა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება სასამართლო აქტის მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განჩინება ი. ფ-ას ჩაბარდა 2017 წლის 06 სექტემბერს, რაც ასევე მითითებულია კერძო საჩივარში თუმცა კერძო საჩივრის ავტორი უთითებს მის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 5 ოქტომბერს ს.ს „...“ მიერ გაცემულ ცნობაზე, სადაც ფიქსირდება, რომ 2017 წლის 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე ი. ფ-ამ კლინიკაში გაიარა სხვადასხვა ლაბორატორიული კვლებები და აღნიშნავს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების დროს იმყოფებოდა ავად, მწოლიარე მდგომარეობაში და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ხარვეზისათვის დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება, რაც საპატიო მიზეზია და არ უნდა მოჰყოლოდა ასეთი შედეგი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანამად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით ი. ფ-ას დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7-დღიანი ვადა განჩინების ასლის მისთვის ჩაბარებიდან. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ი. ფ-ას ჩაბარდა 2017 წლის 6 სექტემბერს, საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 7 სექტემბერს, შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა დასრულდა 2017 წლის 14 სექტემბერს (ხუთშაბათი).
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, ი. ფ-ას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მიუმართავს განცხადებით, განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილია ი. ფ-ას მიერ 2017 წლის 07 სექტემბერს გაცემული მინდობილობა (დამოწმებულია სანოტარო ბიუროში მდებარე: თბილისი, ... ქ. N23)რომლის საფუძველზეც, მისმა წარმოადგენელმა მ. ა-ემ ჩაიბარა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობა გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე მდომარეობამ, საქმეზე წარმოდგენილი 2017 წლის 5 ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს ინფორმაციას ი. ფ-ას გადაადგილების შეუძლებლობის შესახებ, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს, 2017 წლის 7 სექტემბერს, ი. ფ-ა იმყოფებოდა სანოტარო ბიუროში და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა მ. ა-ეს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არც ი. ფ-ას და არც მის წარმომადგენელს არ მიუმართავს განცხადებით, განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კერძო საჩივარში მითითებული გარებოებები არ იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატას გააჩნდა ი. ფ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ფ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება ი. ფ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ფ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე